Facebook Twitter

ბს-846-808(კ-07) 21 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 28 ივლისს შპს “ო-ის” დირექტორმა ნ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურო შესაბამისი სააღსრულებო ფურცლებით შპს “ო-გან” ითხოვდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსთვის გადაეცა შპს “ო-ის” მიერ 1991 წელს გაერთიანება “ს-გან” იჯარით აღებული ქონება, იჯარის ხელშეკრულების VI დანართის თანახმად, ქ. ქუთაისში, ........ ქუჩის ¹23-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, შპს “ო-ეს” ასევე ეკისრებოდა ხელშეკრულებით გადაცემული საბრუნავი საშუალებების ღირებულების _ 529096 ლარისა და საიჯარო ქირის დავალიანების _ 170200 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ამასთან, შპს “ო-ეს” სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 5000 ლარი.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ხსენებული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული აღსრულება, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტების თანახმად, უნდა შეჩერებულიყო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს უნდა ჰქონოდა სააღსრულებო ბიუროს უფროსის ხელმოწერა, შესაბამისი თარიღი და ბეჭედი. სააღსრულებო ბიუროს უფროსმა მ. ხ-ემ კი სიტყვიერად განუმარტა მოსარჩელეს, რომ შესაბამის სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. ამასთან, ხსენებულ სააღსრულებო ფურცელზე არ იყო დასმული სააღსრულებო ბიუროს ბეჭედი.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელზე მ. ხ-ის ნაცვლად ხელმოწერა შესრულებული იყო სასამართლოს აღმასრულებლის ე. თ-ის მიერ, რომელიც დაინტერესებული იყო, მიკერძოებულად მოეხდინა შესაბამისი გადაწყვეტილების უკანონო აღსრულება და ამით სამსახური გაეწია იმ პირებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ გაეკონტროლებინათ შპს “ო-ე” და ხელში ჩაეგდოთ მისი ქონება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელემ იშუამდგომლა შესაბამის სააღსრულებო ფურცელზე ხელმოწერილ პირთა ვინაობის დასადგენად დანიშნულიყო სასამართლო-კალიგრაფიული ექპერტიზა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრში და თუ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდებოდა შესაბამისი ხელმოწერის სიყალბის ფაქტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს გამოეტანა დასაბუთებული განჩინება მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაგზავნის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ერთი სააღსრულებო ფურცლის ნაცვლად გაიცა სამი სააღსრულებო ფურცელი, სხვადასხვა რიცხვით დათარიღებული, რითაც დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლი, რომელიც ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითვალისწინებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულება უნდა მომხდარიყო სხვადასხვა ადგილზე ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ხსენებული სააღსრულებო ფურცლების გაცემისას დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 252-ე და 253-ე მუხლები, ვინაიდან შესაბამის სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ იყო გადასახდელი თანხის ხასიათი, აგრეთვე, კონკრეტულად სად, რომელ საბანკო ანგარიშზე და როგორი ანგარიშსწორებით უნდა მოეხდინა შპს “ო-ეს" აღნიშნული თანხის გადახდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარებოდა აღსრულებას. ამასთან, კანონის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათის იყო, ერთმნიშვნელოვნად შესასრულებელი და მისი განვრცობითი განმარტება დაუშვებელი იყო.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში ჩამოთვლილ აღსრულების ქვემდებარე აქტებში, ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არ მოიხსნიებოდა, ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, რასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურო ახორციელებდა, უკანონო იყო. შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერებულიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის “დ” და “ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

2006 წლის 10 აგვისტოს შპს “ო-ემ” განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა სარჩელი და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გაცემული 2004 წლის 2, 11 და 17 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განჩინებით შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ის მოთხოვნა შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე შპს “ო-ის” დირექტორმა ნ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მოცემული საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს “ო-ის” დირექტორის ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განჩინება და მოცემული საქმე სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოებაში მიღების სტადიიდან სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობას. საქალაქო სასამართლომ კი იმსჯელა განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოსარჩელეს უარი უთხრა შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა, იყო თუ არა დასაშვები სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო განცხადება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის თანახმად, უნდა განხილულიყო სასამართლო სხდომაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა სასამართლოს სხდომაზე, რომლის დრო და ადგილი ეცნობებოდათ მხარეებს. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებდა სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას. მოცემული საქმის მასალებით კი დასტურდებოდა, რომ სასამართლო პროცესზე მხარეები, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მიწვეულნი არ ყოფილან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე შპს “ო-ის” დირექტორმა ნ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინებით შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება დასაშვები იყო მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავდნენ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე საქმეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ო-ის” დირექტორის _ ნ. გ-ის სარჩელი აღსრულებასთან დაკავშირებულ დავას წარმოადგენდა, რის გამოც სარჩელი დასაშვები იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავა სააღსრულებო ფურცელზე დაუშვებელი იყო, მაგრამ, ვინაიდან ზემდგომმა სასამართლომ საქმე დააბრუნა არსებითად განსახილველად, საქალაქო სასამართლოს პასუხი უნდა გაეცა მოსარჩელის მოსაზრებებზე სააღსრულებო ფურცლის კანონიერებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სარჩელი შპს “ო-ე" გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹23-ში მდებარე შენობის პირველი სართულიდან და სარდაფიდან. შპს “ო-ეს" დაევალა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსათვის გადაეცა 1991 წელს იჯარის ხელშეკრულებით აღებული სახელმწიფო ქონება, იჯარის ხელშეკრულების ¹1 დანართის მიხედვით. შპს “ო-ეს" დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული საბრუნავი საშუალებების ღირებულების _ 529056 ლარისა და საიჯარო ქირის დავალიანების _ 170200 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი განჩინებით უცვლელად დარჩა, შესაბამისად, იგი კანონიერ ძალაში იყო შესული და მასზე გაიცა სამი სააღსრულებო ფურცელი, 2004 წლის 2, 11 და 17 ნოემბერს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 2004 წლის 2 ნოემბერს სააღსრულებო ფურცელი გაიცა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, 11 ნოემბერს შპს “ო-ის" მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი 529056 ლარის ნაწილში. ხოლო იმავე წლის 17 ნოემბერს სააღსრულებო ფურცელი გაიცა შპს “ო-ის" გამოსახლების ნაწილში.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განაწილებით სააღსრულებო ფურცლების გაცემა არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ერთ გადაწყვეტილებაზე შეიძლებოდა რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, თუ აღსრულება უნდა მომხდარიყო სხვადასხვა ადგილზე.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემისას უგულებელყოფილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 252-253-ე მუხლები, ვინაიდან აღნიშნული მუხლებით სასამართლოს შეეძლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითებინა გადასახდელი თანხის ხასიათზე, აგრეთვე იმაზე, თუ ბანკში მოპასუხის რომელი თანხიდან უნდა ჩამოწერილიყო დაკისრებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნულ მუხლებში მითითებული ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ აისახა და ამდენად, იგი არც სააღსრულებო ფურცელში იქნებოდა მითითებული.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელს არ ჰქონდა მინდობილობა, რომელიც სააღსრულებო ფურცლის მიღების უფლებამოსილებას მიანიჭებდა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლი ითვალისწინებდა სპეციალურ აღნიშვნას მინდობილობაში სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენის და არა მისი სასამართლოდან გატანის დროს, ხოლო, როგორც სასამართლო აღმასრულებელმა განმარტა, სააღსრულებო ფურცელი გადასახდევინებლად წარდგენილ იქნა სააღსრულებო ბიუროს უფროსის მიმართვით.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა აღსრულებას და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულო იყო ყველასათვის, მიუხედავად იმისა, სამართალწარმოების რა წესით იქნა იგი მიღებული.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან მას არ ახასიათებდა ხსენებული აქტისათვის დამახასიათებელი ნიშნები, იგი არ იყო გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც უშუალოდ ანიჭებდა აქტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სტატუსს. შესაბამისად, მისი ბათილად ცნობა დაუშვებელი იყო, რაც მოცემულ სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება შპს “ო-ემ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს “ო-ის” დირექტორის _ ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელი და შპს “ო-ეს" სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული საბრუნავი საშუალებების (სავაჭრო საქონელი და ნაღდი ფული) ღირებულების _ 529056 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების _ 170200 ლარის გადახდა. შპს “ო-ე" გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ......... ქ. ¹23-ში მდებარე შენობის პირველი სართულიდან და სარდაფიდან. ამასთან, შპს “ო-ეს" დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაიცა სამი სააღსრულებო ფურცელი: 2004 წლის 2 ნოემბერს _ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, 11 ნოემბერს _ საიჯარო ქირასთან დაკავშირებით, ხოლო 17 ნოემბერს _ გამოსახლებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარებოდა კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ქვეპუნქტი გულისხმობდა ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებასაც, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებას არ ითვალისწინებდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუU ამ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება დასაშვები იყო მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამდენად, სამართლებრივად არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ფაქტს, ჰქონდა თუUარა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელს უფლება, მოეთხოვა სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდებოდა ის გარემოებაც, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტილება გამოტანილი იყო რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ, ანდა როცა გადაწყვეტილების აღსრულება ხდებოდა სხვადასხვა ადგილას, რამდენადაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო შპს “ო-ის" მიმართ მისი გამოსახლების, საიჯარო ქირის, დავალიანებისა და სახელმწიფო ბაჟის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინება შპს “ო-ის” დირექტორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოცემული საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დაბრუნება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული დავა შეეხებოდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტას, რაც მოწესრიგებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სამოქალაქო კოდექსების ნორმებით.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სწორად გასცა 2004 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟთან, 11 ნოემბერს საიჯარო ქირასთან, ხოლო 17 ნოემბერს გამოსახლებასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცლები, რაც ეწინააღმდეგებოდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლს, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო მხოლოდ ერთ მისამართზე _ ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹23-ში მდებარე შენობა და არა სხვადასხვა ადგილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუU აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა აღსრულების ადგილისა და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ წარმომადგენელს რწმუნებულების, მინდობილობის, დავალების ან სხვა რაიმე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის გარეშე სასამართლოსათვის სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის უფლება აქვს, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.

კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის გაცემით ისე განახორციელა ადმინისტრაციული საქმიანობა, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელს არ მოსთხოვა წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რითაც დაარღვია შესაბამისი კანონის მოთხოვნები, რისი უფლებამოსილებაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან ხსენებული მუხლით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რითაც გადაამეტა უფლებამოსილება, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას, მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლების არაუფლებამოსილ პირზე გაცემას არ აქვს იურიდიული ძალა და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რის საფუძველზეც კასატორი ითხოვდა შესაბამისი სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა" ქვეპუნქტი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ხსენებული ქვეპუნქტი გულისხმობდა ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებასაც, ვინაიდან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალის არც ერთი ქვეპუნქტი არ შეიცავდა მითითებას ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული იყო არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, არაგანსჯად სასამართლოში პირველი ინსტანციით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “ო-ის” დირექტორის _ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ეს მოცემულ არაქონებრივ დავასთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. შპს “ო-ის” დირექტორ ნ. გ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.