Facebook Twitter

ბს-847-809(კ-07) 19 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – ის. ჯ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილება (მოპასუხე)

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ის. ჯ.-მ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და დარღვეული უფლებების აღდგენა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ის. ჯ.-ის განცხადება და იგი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და მას აღუდგა დარღვეული უფლებები.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულმა განყოფილებამ 2003 წლის 25 ნოემბერს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილება, დადგინდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე ის. ჯ.-ის განცხადების ხელახალი განხილვა 2004 წლის 20 იანვარს 15.00 საათზე.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის წარმოება განაახლა იმ საფუძვლით, რომ ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის მიერ 1989 წლის 17 აპრილის გაცემული ¹5-დ ცნობით ირკვევა, რომ ის. ჯ.-ის დედა ხ. ჯ.-ოღლის ნამუშევარი აქვს ...-ის ჩაის ფაბრიკაში 1958, 1959, 1960, 1977, 1978, 1979, 1980 და 1981 წლებში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით ის. ჯ.-ის განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმცხადებლის გამოუცხადებლობის გამო.

ის. ჯ.-მ 2005 წლის 25 მაისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალის მიმართ და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2003 წლის ოქტომბრიდან გაუცემელი პენსიის ანაზღაურების დავალება; მან ასევე მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმება.

მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ მისი მშობლები პოლიტიკური მოტივით გადასახლებულნი იყვნენ საქართველოდან ყაზახეთში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ის. ჯ.-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, რის საფუძველზეც დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით. პენსია ეძლეოდა 2003 წლის ოქტომბრამდე. 2003 წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოსარჩელეს პენსია აღარ მიუღია. მოსარჩელის მოსაზრებით, არაკანონიერი იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან დარღვეული იყო ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნები.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ის. ჯ.-ს უარი ეთქვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე და მოპასუხე სოც. უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულ ფილიალზე 2003 წლის ოქტომბრიდან გაუცემელი პენსიის ანაზღაურებაზე.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის. ჯ.-ის მშობლები _ ი. ჯ.-ოღლი და ხ. ჯ.-ოღლი 1944 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, გადასახლებული იყვნენ საქართველოდან ყირგიზეთში, საიდანაც გათავისუფლდნენ 1956 წელს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 27 აპრილის ¹134/42 დადგენილების საფუძველზე, წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლების გარეშე. ხელვაჩაურის რაიონის არქივის 2003 წლის 17 ნოემბრის ¹3 ცნობით დასტურდებოდა, რომ ის. ჯ.-ის დედას _ ხ. ჯ.-ოღლის გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ, 1958 წლიდან სხვადასხვა წლებში, ნამუშევარი ჰქონდა ...-ის მეურნეობაში. მტკიცებულება მისი მშობლების შეზღუდვების შესახებ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ის. ჯ.-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინებით ის. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ის. ჯ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით ის. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აპრილის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე წარმოების არასწორად განახლება იმ მოტივით, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა საქმეზე წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის აღნიშნული მოტივი მოცემულ შემთხვევაში სრულიად შეუსაბამოა, რადგან საქმეზე, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა ის. ჯ.-ის განცხადებაზე წარმოება, დამთავრებულია წარმოება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით, რომლითაც ის. ჯ.-ის განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ დატოვებულია განუხილველად. ის. ჯ.-ს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. მან ხელახლა აღძრა სარჩელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განსახილველი საქმის დავის საგანია. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ის. ჯ.-ი არაუფლებამოსილია, მოცემულ საქმეზე სადავო გახადოს მის მიერ თავდაპირველად აღძრულ განცხადებაზე წარმოების განახლება, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში იხილება არა ის. ჯ.-ის თავდაპირველი განცხადება, რომელზეც განახლდა წარმოება, არამედ მის მიერ ხელმეორედ აღძრული სარჩელი იმავე მოთხოვნით.

საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება ის. ჯ.-ის დაბადების მოწმობა, საიდანაც დადგინდებოდა ის. ჯ.-ის დაბადების ზუსტი თარიღი, ადგილი და მისი მშობლების ვინაობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამორკვევას ასევე საჭიროებს, თუ რატომ არის საქმეში ის. ჯ.-ი რიგ შემთხვევაში მოხსენიებული ჯ.-ოვას გვარით, ხოლო მისი მშობლების გვარია ჯ.-ოღლი, ყველა ამ შემთხვევაში საქმე შეეხება თუ არა ერთ პიროვნებას _ ის. ჯ.-ს.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე ასევე დადგენილია ის. ჯ.-ის მშობლები შუა აზიაში გადასახლებაში იმყოფებოდნენ 1944 წლიდან, საიდანაც გათავისუფლდნენ 1956 წელს. საქმეში არ მოიპოვება 1944 წლის ¹6279 დადგენილება, რომლის საფუძველზეც კასატორის მშობლები გადასახლებულ იქნენ შუა აზიაში და არც 1956 წლის ¹135/42 დადგენილება კასატორის მშობლების სპეციალური კომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, საქმეში არსებული მასალებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა საფუძვლით იყვნენ კასატორის მშობლები გადასახლებული 1944 წელს.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, ხომ არ ვრცელდებოდა სადავო ურთიერთობაზე სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 9 იანვრის ბრძანებულება, სადაც საუბარია სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 22 სექტემბრის ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე, რომლითაც იძულებითი შეზღუდვა მოეხსნათ გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებს.

მოსარჩელე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას ითხოვს, როგორც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის სუბიექტი. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, კასატორის მშობლები გადასახლებული იყვნენ თუ არა ეთნიკური ჯგუფისათვის კუთვნილების საფუძველზე, რამდენადაც, ასეთ შემთხვევაში, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მათზე ვერ გავრცელდება აღნიშნული კანონი, რამდენადაც ეს კანონი არ აწესრიგებს დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების რეაბილიტაციის წესს.

საკასაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ, კონკრეტულად, სად იყვნენ გადასახლებული კასატორის მშობლები და რომელ წლებში, რამდენადაც საქმეში ერთ შემთხვევაში საუბარია მათი ყაზახეთში, ხოლო მეორე შემთხვევაში მათი ყირგიზეთის რესპუბლიკაში იძულებით გადასახლებაში ყოფნაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინებით ის. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინება და 2005 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებაშია აღნიშნული, საქმე, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა ის. ჯ.-ის განცხადებაზე წარმოება, დამთავრებული იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით, რომლითაც ის. ჯ.-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და ის. ჯ.-მა შეიტანა სარჩელი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ის. ჯ.-ი არაუფლებამოსილი იყო, მოცემულ საქმეზე სადავო გაეხადა მის მიერ თავდაპირველად აღძრულ განცხადებაზე წარმოების განახლება, რამდენადაც ამ შემთხვევაში განიხილებოდა არა ის. ჯ.-ის თავდაპირველი განცხადება, არამედ ხელმეორედ აღძრული სარჩელი იმავე მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ის. ჯ.-ის პოლიტიკური რესპრესიის მსხვერპლად აღიარება, ვინაიდან “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “ბ” პუნქტი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში. ის. ჯ.-ოღლის სასამართლოსადმი განცხადებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დასტურდებოდა, რომ ი. ჯ.-ოღლი სპეცკომენდატურაში იმყოფებოდა 1956 წლამდე, საიდანაც განთავისუფლდა 1956 წლის 28 აპრილს, დადგენილების საფუძველზე. სხვა ცნობები აპელანტის მშობლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 23 მაისის ცნობით არ მოიპოვებოდა. ხ. ჯ.-ოღლის ...-ის კოლმეურნეობაში ნამსახურები ჰქონდა 1958-1960 წლებში, ხოლო ის. ჯ.-ი დაიბადა 1968 წელს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.-ი და ჯ.-ოღლი ერთი და იგივე პიროვნებაა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ის. ჯ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ის. ჯ.-ის მშობლები 1956წლის 28 აპრილის ¹135/42 დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდნენ სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლების გარეშე; ამის მიუხედავად მათზე კვლავ გრძელდებოდა შეზღუდვები და მხოლოდ 1974 წლის 9 იანვრის დადგენილებით მოეხსნათ მის მშობლებს შეზღუდვები ¹5333 დადგენილების საფუძველზე. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ის. ჯ.-ის მშობელს ჰ. ჯ.-ს არ ჰქონდა უფლება დაბრუნებულიყო თავის პირვანდელ საცხოვრებელ ადგილზე, მას ამის უფლება მხოლოდ 1974 წლის 9 იანვრის დადგენილების საფუძველზე მიეცა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყურაღება არ მიაქცია მის მითითებას, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება შეტანილი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 1 თვის ვადაში იმ დროიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ფაქტის შესახებ. ხელვაჩაურის სოცფონდისათვის 1997 წლის 3 მარტიდან ცნობილი იყო ხ. ჯ.-ის 1956-60 წლებში მუშაობის შესახებ და რომ ის ხელმეორედ იძულებით გაასახლეს ყაზახეთში, რასაც ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება _ 1974 წლის 9 იანვრის დადგენილება გადასახლებულთა შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ის. ჯ.-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ის. ჯ.-ი დაბადებულია 1968 წლის 28 დეკემბერს ყირგიზეთში; მისი მშობლები არიან დედა _ ჰ. ჯ.-ოღლი და მამა _ ი. ჯ.-ოღლი (ტ.2, ს.ფ. 84). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.-ი და ჯ.-ოღლი ერთი და იგივე პიროვნებაა. მოსარჩელემ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი მშობლები გადასახლებული იყვნენ შუა აზიაში პოლიტიკური მოტივით. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შვილი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ის. ჯ.-ის დედას ჰ. ჯ.-ოღლის ...-ის კოლმეურნეობაში ნამსახურები ჰქონდა 1958-1960 წლებში, ასევე 1977-1981 წლებში; საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჰ. ჯ.-ი 1968 წელს ე.ი. მოსარჩელის დაბადების მომენტისათვის იძულებით იყო გადასახლებული ყირგიზეთში; ასევე ის. ჯ.-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი დაბადების მომენტისათვის მამა – ი. ჯ.-ოღლიც იძულებით იყო გადასახლებული ყირგიზეთში. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ის. ჯ.-ის დაბადების მომენტისათვის და შემდგომაც მისი მშობლები იმყოფებოდნენ გადასახლებაში და მათ იძულების წესით ჰქონდათ საქართველო დატოვებული, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ის. ჯ.-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ის. ჯ.-მ საკასაციო საჩივრით სადავო გახადა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა საქმეზე წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 4 აპრილის განჩინებაში ერთხელ უკვე იმსჯელა ის. ჯ.-ის ზემოაღნიშნული მოტივის თაობაზე და მიუთითა, რომ საქმე, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა ის. ჯ.-ის განცხადებაზე წარმოება, დამთავრებულია წარმოება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით, რომლითაც ის. ჯ.-ის განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ დატოვებულია განუხილველად. ის. ჯ.-ს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. მან ხელახლა აღძრა სარჩელი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განსახილველი საქმის დავის საგანია. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ის. ჯ.-ი არაუფლებამოსილია სადავო გახადოს მოცემულ საქმეზე მის მიერ თავდაპირველად აღძრულ განცხადებაზე წარმოების განახლება, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში იხილება არა ის. ჯ.-ის თავდაპირველი განცხადება, რომელზეც განახლდა წარმოება, არამედ ხელმეორედ აღძრული სარჩელი იმავე მოთხოვნით. (ს.ფ. 66-67). სააპელაციო სასამართლომ კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინების მითითების შესაბამისად სწორად ჩათვალა, რომ ის. ჯ.-ი არაუფლებამოსილი იყო, მოცემულ საქმეზე სადავო გაეხადა მის მიერ თავდაპირველად აღძრულ განცხადებაზე წარმოების განახლება, რამდენადაც ამ შემთხვევაში განიხილებოდა არა ის. ჯ.-ის თავდაპირველი განცხადება, არამედ ხელმეორედ აღძრული სარჩელი იმავე მოთხოვნით. (ს.ფ. 92).

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ის. ჯ.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს ის. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.