ბს-84-84(კ-08) 17 აპრილი, 2008 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ზ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2007 წლის 17 მარტის ¹000761 სამართალდარღვევის ოქმისა და საბაჟო სანქციის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
აღწერილობითი ნაწილი:
ჟ. ზ-ემ 2007 წლის 23 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ შედგენილი ¹00761 სამართალდარღვევის ოქმის (სარფის საბაჟო საზღვარი, მებაჟე ც. თ-ე) ძალადაკარგულად გამოცხადება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 2007 წლის 29 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელის მოთხოვნა დაზუსტდა: მოსარჩელემ მოითხოვა 2007 წლის 17 მარტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და 2007 წლის 10 აპრილს სანქციის დარიცხვის თაობაზე მოპასუხის ¹601/501/07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძება შემდეგ მოტივებს:
მოსარჩელე ჟ. ზ-ე 2006 წლის 17 მარტს, დაახლოებით 13 საათზე, სარფის საბაჟოს გავლით გადმოდიოდა თურქეთიდან. გაიარა საბაჟო კონტროლი, შეავსო დეკლარაცია, სადაც შეიტანა ყველა მოძრავი ნივთი, რაც თან ჰქონდა. მებაჟე ცისანა თურმანიძემ, ნივთებისა და პასპორტის მონაცემების შედარებისას დეკლარაციის მონაცემებიდან, აღმოაჩინა, რომ დეკლარაციაში არასწორად იყო მითითებული პასპორტის ნომერი და შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული უნებლიე შეცდომა პასპორტიდან ნომრის გადაწერისას გამოწვეულია მისი ავადმყოფობით: მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, რის გამოც დაქვეიებული აქვს მხედველობა.
მოსარჩელის მითითებით, მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით, ვინაიდან ამ უნებლიე შეცდომით არ დამდგარა არანაირი უარყოფითი შედეგი საბაჟოსათვის. იმავე კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად საჯარიმო სანქცია გამიყენება მაშინ, როცა ხდება საბაჟო დეკლარაციაში საქონლის სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის, ქვეყნის ან/და საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანა, თუ იგი გამოიწვევს საბაჟო გადასახადების შემცირებას ან არასატარიფო ღონისძიებებისაგან თავის არიდებას. მებაჟეს თან ჰქონდა დეკლარაციაც და პასპორტიც, მას შეეძლო მიეთითებინა მოსარჩელისათვის დაშვებული შეცდომის გასწორების თაობაზე ან თვითონ გაეკეთებინა აღნიშნული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 17 მარტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე მიღებული 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საბაჟო სანქციის დარიცხვის თაობაზე, რომლითაც ჟ. ზ-ე დაჯარიმდა 2000 ლარით. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი გახდა საბაჟო დეკლარაციაში მოსარჩელის მიერ პასპორტის ნომრის ჩაწერისას ერთი ციფრის გამოტოვება. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ამ ნომრის არასწორად მითითებისათვის არ ჰქონდა არანაირი მიზანი, აღნიშნული არ გამოიწვევდა მისთვის არავითარ შეღავათს და მას არ შეიძლება მოჰყოლოდა არავითარი შედეგი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის, რაც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოძრავი ნივთის გადატანასთან ან გადმოტანასთან, რაც ჩადენილია საბაჟო კონტროლი გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან/და საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა საბაჟო დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. ზ-ეს აღნიშნული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ვინაიდან მის მიერ არ მომხდარა საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა, ხოლო რაც შეეხება მის მიერ პასპორტის მონაცემების არასწორად შეტანას ფაქტს, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ აღნიშნულს არ შეეძლო რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყოლოდა და ამიტომ მოსარჩელისათვის არ ჰქონდა რაიმე ინტერესი, ეს იყო მხოლოდ მექანიკური შეცდომა და არა განზრახი ქმედება. სასამართლომ დაასკვნა, რომ ჟ. ზ-ის მიერ ჩადენილი დარღვევა წარმოადგენს მცირე მნიშვნელობის დარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება, რომ მებაჟეს შეეძლო აღნიშნული დარღვევის თაობაზე მიეთითებინა მხარისათვის და ადგილზე გამოესწორებინა იგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ჟ. ზ-ის ქმედება მექანიკური შეცდომის შედეგია, რაც გამოწვეულია მისი ცუდი მხედველობით, ავადმყოფობიდან გამომდინარე (დიაბეტი). ამ მოქმებით ის არანაირ მიზანს არ ისახავდა, რადგან შეგნებულად ასეთი სახის ცვლილებების შეტანით იგი არ გამოიწვევდა მისთვის არავითარ შეღავათს და მას არანაირი შედეგი არ შეიძლება მოჰყოლოდა.
საპელაციო სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად ვერ შეძლო მტკიცებულებათა წარდგენა, რაც ნათელს მოჰფენდა ფიზიკურ პირთა დეკლარაციაში შეგნებულად მხოლოდ ორი ციფრის არასწორი შეტანით თუ რა ზიანი ადგებოდა სახელმწიფოს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სამართლებრივი ანალიზი მოცემულ დავასთან მიმართებაში იძლევა ქმედების შემადგენლობას მაშინ, როდესაც საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით პირი განახორციელებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოძრავი ნივთის გადატანას ან გადმოტანას. კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს სამართალდარღვევის არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ელემენტებს, რაც გამორიცხავს საბაჟო სამართალდარღვევას, გათვალისწინებულს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჟ. ზ-ის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომით სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ მიდგომია. მოკლებულია ჭეშმარიტებას ასევე პიროვნების იდენტიფიკაციისათვის დამაბრკოლებელი პირობების შექმნის მიზნით პასპორტში ცვლილებების შეტანა, რადგან საბაჟო ორგანოსათვის ცნობილი იყო მისი პიროვნება, როგორც ფოტოსურათით, ასევე საპასპორტო მონაცემებით – მისი პირადი ნომრის სწორი აღნიშვნით, რაც იდენტიფიკაციისათვის საკმარისია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2007 წლის 17 მარტის ¹000761 სამართალდარღვევის ოქმისა და საბაჟო სანქციის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
კასატორის მითითებით, ფიზიკური პირის დეკლარაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის ყველა გრაფა დეკლარაციის შემადგენელი ორგანოს მიერ მიზნობრივად გათვლილი და სავალდებულოა. აქედან გამომდინარე, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის დეფინიცია საბაჟო დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ დარღვევას, ვინაიდან პასპორტის ნომერი წარმოადგენს პიროვნების იდენტიფიკაციის ყველაზე უფრო ეფექტურ საშუალებას. ამასთან, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის დეფინიცია სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობისათვის არ ითვალისწინებს სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენებას და ადგენს, რომ ქმედების საბაჟო სამართალდარღვევად დასაკვალიფიცირებლად საკმარისია პირმა მოძრავი ნივთი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაიტანოს საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანით.
კასატორი განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე მათი წარმომადგენლების მიერ განმარტებულ იქნა, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ფიზიკური პირის დეკლარაციაში პასპორტის მონაცემების არასწორ შევსებას. სგპ “....”-ს სტატისტიკურ ბაზაში ფიზიკური პირის დეკლარაციების მიხედვით ხდება საზღვარზე გადმოსული პირების სტატისტიკური მონაცემების დაფიქსირება და შემდგომ მათი მიწოდება ფისკალური სამსახურებისათვის. პასპორტის მონაცემების არასწორი დაფიქსირებით კი მოქალაქეები ცდილობენ პიროვნების იდეტიფიკაციის საშუალების მოშლას. კასატორის მიერ სასამართლოს წარედგინა მასალები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ ქმედებებს სარფის კონტროლის ზონაში აქვს მასიური ხასიათი. საბაჟოს მიერ კონტროლზე არიან აყვანილი ის მოქალაქეები, რომლებიც თითქმის ყოველდღე კვეთენ თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს (თვითონ ჟ. ზ-ეს 2007 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში საზღვარი 90-ჯერ აქვს გადმოკვეთილი). არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს პირები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, საქონლის განუბაჟებლად გადმოტანის მიზნით, შედიან გარიგებაში მცირე მეწარმეობით დაკავებულ პირებთან და გადმოაქვთ მათი, არაერთგვაროვანი საქონელი 300 ლარის ფარგლებში, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-5 პრიმა ნაწილის “ლ.ბ” ქვეპუნქტით 300 ლარამდე პირადი სარგებლობის, არაერთგვაროვანი საქონელი არ ექვემდებარება განბაჟებას. ამ გზით მცირე მეწარმეები თავს არიდებენ საქონელზე განბაჟების თანხების გადახდას, რითაც მატერიალური ზარალი ადგება სახელმწიფოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლი, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და უნდა გაუქმდეს.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.