ბს-848-434(კ-05) 14 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. თ-ის საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ი. თ-ის გარდაცვალების გამო, მის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით მხარეებს დაევალათ ¹ბს-848-434(კ-05) ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლებისათვის შესაბამისი სასამართლო შეტყობინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ი. თ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ი. თ-ის საკასაციო საჩივარზე წარმოება შეწყდებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით ამავე კოდექსის 281-ე მუხლის (საქმის წარმოების შეჩერების ვადები) “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს) გათვალისწინებულ შემთხვევაში _ გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი ამოქმედდა 2008 წლის 18 იანვარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინების საფუძველზე ი. თ-ის სავარაუდო საპროცესო უფლებამონაცვლეს შესაბამისი სასამართლო შეტყობინება ჩაჰბარდა 2008 წლის 11 მარტს და შესაბამისად, ი. თ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვადა მას ამოეწურა 2008 წლის 11 აპრილს. ი. თ-ის სავარაუდო საპროცესო უფლებამონაცვლეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ი. თ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი მტკიცებულება და ამდენად, არ შეუსრულებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით მისთვის მიცემული დავალება, რაც ი. თ-ის საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა. ხსენებული კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი, “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონის ამოქმედების გამო, ამ შემთხვევაში ერთYწელზე მეტი ვადით შეაჩეროს საქმის წარმოება, რის გამოც ი. თ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება. და ხსენებული კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით, 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. თ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
2. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.