¹ბს-848-812(კ-06) 4 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ მოპასუხეების _ რ. მ-ის, მ. ფ-ის, გ. ბ-ის, თ. გ-ის, თ. ბ-ის, შ. ფ-ის, გ. შ-ის, ი. ა-ის, მ. მ-ის, ნ. ბ-ის, გ. ჯ-ისა და რ. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹61-ში მოპასუხეთა მიერ უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების იძულებით მოშლა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹61-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ყოველგვარი ნებართვისა და აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოპასუხეებს უკანონოდ ჰქონდათ აშენებული ავტოფარეხები. 2005 წლის მარტის თვეში ქ. ბათუმის მერიამ მოპასუხეები გააფრთხილა, რომ წარმოედგინათ ავტოფარეხების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ, მიწის გამოყოფის დოკუმენტი, ქალაქის არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტი, მშენებლობის ნებართვა, თუმცა მათ ეს არ შეუსრულებიათ. ამასთან, მოპასუხეებს 2005 წლის 11 მარტს წერილობით განემარტათ, რომ ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობა გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გეგმავდა მათ სარგებლობაში არსებული, უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟს, რის გამოც მოპასუხეებს უნდა უზრუნველეყოთ ობიექტებიდან საკუთრებაში არსებული ნივთების გატანა და მათი მოყვანა დანგრევისათვის მზა მდგომარეობაში. ამისდა მიუხედავად, ისინი უარს აცხადებდნენ უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების გამოთავისუფლებაზე. ამდენად, მათ არ გააჩნდათ ავტოფარეხების მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია და იმავდროულად ირღვეოდა საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გამოყენების შესაძლებლობა. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 სექტემბრის ¹384 ბრძანებულებით დამტკიცებულ “კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძლებით დანგრევის წესზე” (ს.ფ. 1-2).
2005 წლის 20 მაისს მოპასუხეებმა _ რ. მ-ემ, მ. ფ-ემ, გ. შ-მა, გ. ბ-ემ, თ. გ-ემ, შ. ფ-მა, რ. შ-მა, მ. მ-ემ, თ. ბ-ემ და ი. ა-ემ იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს ახალი ავტოფარეხების აშენებისათვის ადგილის გამოყოფა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი _ კომპენსაციის გაცემა შემდეგი საფუძვლებით:
ახლად დაარსებულ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უბინაო სამეცნიერო ხარისხის მქონე ლექტორებისათვის აჭარის ა/რ-ის მთავრობის მხარდაჭერით 1991 წელს შეიქმნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “მეცნიერება”. ქ. ბათუმის მერიის 1992 წლის ¹587 დადგენილებით .... ქ. ¹61-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოიყო 0,1ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი სახლის გარდა გათვალისწინებული იყო ავტოფარეხისა და ბავშვთა გასართობი მოედნის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს ავტოფარეხები აშენებული ჰქონდათ სახლის მობინადრეების საერთო საკუთრების მიწაზე, რაზედაც სახლის თითოეულ მობინადრეს გადახდილი ჰქონდა 1500 მანეთი. ავტოფარეხების მშენებლობის პროცესში მერიის შესაბამის სამსახურებს რაიმე სახის შენიშვნა არ მიუციათ, რადგან იმ დროისათვის არსებობდა სახლისა და ავტოფარეხების პროექტები, რომელიც შემდგომ დაიკარგა და ამის გამო 1999 წლის დეკემბერში დამატებით იქნა შედგენილი სახლის ერთ-ერთ მხარეს მიშენების და ავტოფარეხების პროექტი, რომელიც შეთანხმებული იყო ქალაქის მთავარ არქიტექტორთან.
მოპასუხეთა მითითებით, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ავტოფარეხები იყო აგებული, .... ქ. ¹61-ში მცხოვრებ ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, ხოლო მასზე აგებული ავტოფარეხები _ მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ქ. ბათუმის მერია გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გეგმავდა ავტოფარეხების ლიკვიდაციას, რაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით იყო განპირობებული. ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ წარდგენილი სარჩელი ლახავდა მოპასუხეთა უფლებებს, აღნიშნულით ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლება, რადგან აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვები იყო კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. ამ შემთხვევაში მათთან მიმართებაში არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ მიუღია ექსპროპრიაციის უფლება (ს.ფ. 56-59).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹61-ში მდებარე სახლის მობინადრეთა რ. მ-ის, მ. ფ-ის, გ. ბ-ის, თ. გ-ის, თ. ბ-ის, შ. ფ-ის, ი. ა-ის, მ. მ-ის, ნ. ბ-ის ავტოფარეხების იძულებითი წესით მოშლა; რ. მ-ის, მ. ფ-ის, ზ. შ-ის, თ. გ-ის, შ. ფ-ის, რ. შ-ის, მ. მ-ის, თ. ბ-ის და ი. ა-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. შ-ს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹61-ში მდებარე ორი ავტოფარეხის სანაცვლოდ გამოეყო მიწის ნაკვეთი ავტოფარეხისათვის, გ. ჯ-ს ქ. ბათუმში, .... ქ. ¹61-ში მდებარე ავტოფარეხის სანაცვლოდ გამოეყო მიწის ნაკვეთი ავტოფარეხისათვის; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1992 წელს ქ. ბათუმში, .... ქ. ¹61-ში მცხოვრებლებს აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის ¹57 გადაწყვეტილებით გამოეყოთ 0,1ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილზეც მობინადრეთა მიერ აშენებულ იქნა ავტოფარეხები, მაგრამ მათ (გარდა რ. შ-ის და გ. ჯ-ისა) ავტოფარეხების მშენებლობის თაობაზე სათანადო ნებართვები არ აუღიათ და ავტოფარეხები, როგორც საკუთრება, საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში არ გაუტარებიათ. მოპასუხეებს, გარდა რ. შ-ის და გ. ჯ-ისა შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარუდგენიათ.
სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 სექტემბრის ¹384 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევის წესის მიხედვით, სადავო ავტოფარეხები ექვემდებარებოდა არქმშენინსპექციის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევას (დემონტაჟს). “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის თანახმად კი მესაკუთრეებს _ რ. შ-ს და გ. ჯ-ს უნდა მისცემოდათ შესაბამისი კომპენსაცია ავტოფარეხების მიწის გამოყოფით (ს.ფ. 103-104).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. მ-ის, შ. ფ-ის, გ. ბ-ის, ი. გ-ის, თ. ბ-ის, შ. ფ-ის, მ. მ-ის, ი. ა-ის და გ. ჯ-ის მიერ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (იმ ნაწილში, რომლითაც მათი შეგებებული სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა) და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტთა მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად არ ჩართო ქ. ბათუმის მერია. ასევე არასწორი იყო სასამართლოს მითითება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ (ს.ფ. 118-119).
აჭარის ა/რ-ის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 8 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია (ს.ფ. 126-128).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით რ. მ-ისა და სხვათა წარმომადგენლის ნ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეში მოპასუხედ ჩაება ქ. ბათუმის მერია (ს.ფ. 223-224).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით რ. მ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე სარჩელის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივლისის ¹587 გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა კაბინეტის 1992 წლის 5 მაისის ¹400 გადაწყვეტილებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს .... ქუჩა ¹28-ში ადრე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გამოეყოს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის 1,0ჰა მიწის ნაკვეთი, .... ქუჩა ¹54-ში მშენებარე 67 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ხოლო აჭარის ა/რ-ის მრეწველობის სამინისტროს 1992 წლის ბოლომდე გაუგრძელდეს ვადა, აღმასკომის 1989 წლის 26 აპრილის ¹247 გადაწყვეტილებაზე იბერიის ¹8-ში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე”. დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილზე აპელანტების _ რ. მ-ის, შ. ფ-ის, გ. ბ-ის, ი. გ-ის, თ. ბ-ის, შ. ფ-ის, მ. მ-ის, ი. ა-ის და გ. ჯ-ის მიერ სათანადო ნებართვის გარეშე აშენებული იქნა ავტოფარეხები. შესაბამისად, ავტოფარეხები არ აღრიცხულა მათ საკუთრებაში და საჯარო რეესტრში არ გატარებულა. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ თანდართული დებულების მე-4 თავის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად: მთავარ არქმშენინსპექციას უფლება აქვს “გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მიიღოს დადგენილება და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დარღვევის (დემონტაჟის) შესახებ. იგივე მოთხოვნა გამომდინარეობდა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევისა და მშენებლობის შეჩერების წესის ნორმებიდან (რომელიც ასევე დამტკიცებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 სექტემბრის ¹384 ბრძანებულებით).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დებულებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევის, მშენებლობის შეჩერების წესის დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის ¹687 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 სექტემბრის ¹384 ბრძანებულებით დამტკიცებული პირველი თავის მე-2 პუნქტით: შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ არქმშენინსპექციის მიერ მიღებული დადგენილების აღსრულება უნდა მოხდეს დამრღვევი პირის მიერ მისივე ხარჯებით. თუU დამრღვევი პირი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებს არქმშენინსპექციის დადგენილებას, არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დამრღვევის მიმართ არქმშენინსპექციას გაფრთხილების შემდეგ უნდა გამოეცა შესაბამისი დადგენილება ანუ ადმინისტრაციული აქტი უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის შესახებ და მხოლოდ მისი შეუსრულებლობის შემდეგ უნდა მიემართა სასამართლოსათვის. ამ შემთხვევაში კი დამრღვევ პირებზე, მოსარჩელეს არ გაუცია არც ერთი დადგენილება. ამდენად, ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის ადგილობრივი სამსახური თვითონ იყო ვალდებული, სასამართლოს გარეშე შეესრულებინა თავისი ფუნქციები, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი, ისეთ პირობებში, როდესაც თავისი ფუნქციები ბოლომდე არ განუხორციელებია, ანუ არ გამოუცია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები და სასამართლოსაგან ითხოვს უკანონოდ აგებული ავტოფარეხების იძულებით მოშლას, დაუშვებელია (ს.ფ. 276-281).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივმა სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, საქმის განხილვისას სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, კერძოდ, არასწორად მიუთითა თითქოს აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 7 ივლისის ¹587 გადაწყვეტილებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის .... ქ. ¹54-ში გამოეყო 1,0ჰა მიწის ნაკვეთი. მათ მიერ სასამართლოში წარდგენილ და საქმის მასალებში არსებულ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოიყო არა 1,0ჰა მიწის ნაკვეთი, არამედ 0,1ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე უსაფუძვლო იყო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეებს თითქოს სწორედ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აქვთ აშენებული უნებართვო ავტოფარეხები, ვინაიდან გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო ავტოფარეხები აშენებული იყო საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება უნდა დაედგინა და გამოეკვლია სასამართლოს სათანადო მტკიცებულებებით. კერძოდ, მიწის ნაკვეთი, რომლებზეც განთავსებული იყო ავტოფარეხები შედიოდა თუUარა საცხოვრებელი სახლისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთში. მოცემულ საქმეში სასამართლო ისე უთითებს ავტოფარეხების გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე განთავსების შესახებ, რომ მის დასამტკიცებლად არ მიუთითებს არავითარ მტკიცებულებებზე.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მტკიცებას, რომ თითქოს ქ. ბათუმის არქმშენინსპექციას აპელანტები არ გაუფრთხილებია უნებართვო ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ. საქმეში არსებობს გაფრთხილების აქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ აპელანტები ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის მიერ გაფრთხილებულ იქნენ ავტოფარეხების განთავსების კანონიერების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ. ამასვე ადასტურებს ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსის მოადგილის, რეაგირების ჯგუფის უფროსის, ნებართვების განყოფილების უფროსის და პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლის მიერ 2005 წლის 13 მარტს შედგენილი ოქმი, სადაც მითითებულია, რომ აპელანტებმა უარი განაცხადეს აქტის გაცნობაზე, მაგრამ ამის მიუხედავად გაფრთხილების აქტები გამოკრული იქნა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.