Facebook Twitter

ბს-849-811(კ-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 26 ოქტომბერს ნ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 28 სექტემბერს, 3 ოქტომბერსა და 10 ოქტომბერს მიმართა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, რაზედაც პასუხი არ მიუღია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა იმ Dშემთხვევებისა, როდესაც ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით განეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება სახელწმიფო, პირად და კომერციულ საიდუმლოებას. მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტით განმარტებულ საჯარო ინფორმაციას.

მოსარჩელის მოსაზრებით, ინფორმაციის გაუცემლობით მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მე-40 მუხლის მოითხოვნები, რომლის შესაბამისადაც, საჯარო ინფორმაციის გაცემა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ან 10 დღის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს დავალებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს (აპარატს) დაევალა გაეცა საჯარო ინფორმაცია მოსარჩელე ნ. დ-ზე, მის მიერ 2005 წლის 28 სექტემბერს, 3 ოქტომბერსა და 10 ოქტომბერს მოთხოვნილი განცხადებების შესაბამისად.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია ყველასათვის და საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ინფორმაციის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გასაიდუმლოებულია, ანუ ცნობილია სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად და ადევს შესაბამისი გრიფი, ამასთან უარის შემთხვევაში, უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილების კანონიერება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში, ხოლო საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირმა უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება და არ არის აუცილებელი განცხადებაში მიუთითოს ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა პირისათვის,. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად კი, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყონებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა თუ აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს ინფორმაციის დამუშავებას.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და იგი არ მიეკუთვნებოდა სზაკ-ის 271-ე, 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლებით განსაზღვრულ პირად, კომერციულ, პროფესიულ ან/და სახელმწიფო საიდუმლეობას ან კანონით დადგენილი წესით გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუცემლობის საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის მოთხოვნაზე, რომლის შესაბამისადაც: ,,საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს დოკუმენტალურად რეგისტრირებული ინფორმაცია, ვერ მოხდება ამ ინფორმაციის გაცემაც, მათ უფრო, თუ ეს ინფორმაცია შეეხება პრეზიდენტის რწმუნებულის პირად ცოდნას ან შეხედულებებს.

კასატორის მოსაზრებით, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოება დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გემოეყენებინათ, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.