Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-849-813(კ-06) 28 თებერვალი, 2007წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

25.05.04წ. თ. გ-ემ ზ. ბ-ის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის მარტში მეზობელ ზ. ბ-ეს სხვა მეზობლებთან ერთად თანხმობა მისცა ერთსართულიანი სახლის მშენებლობაზე. მეზობლებისაგან მიღებული თანხმობით ზ. ბ-ემ მიმართა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს და ერთის ნაცვლად ორსართულიანი სახლის დაპროექტება მოითხოვა. ქ. ბათუმის მერიას მოპასუხემ წარუდგინა მეზობლების მიერ გაცემული თანხმობის ქსეროასლი, საიდანაც, მოსარჩელის განცხადებით, ამოღებული იყო ის წინადადება, რომლითაც თანხმობას აძლევდნენ მხოლოდ ერთსართულიანი სახლის მშენებლობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ 16.02.04წ. დასკვნით დაადასტურა ზ. ბ-ის სახლის მშენებლობისათვის გაცემული ნებართვის უკანონობა. მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე გაცემული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გაუქმება, მისთვის მეორე სართულის აშენების აკრძალვა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მისთვის 500 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.07.04წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ აჭარის ა.რ. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქმშენინსპექცია და ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.07.04წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ზ. ბ-ის შუამდგომლობა და ქ. ბათუმის ¹8 მიკრორაიონის გამგეობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. ბათუმში, ........ ქუჩის ¹48 საცხოვრებელი სახლის პროექტის დედანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.08.04წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მოთხოვნა ზ. ბ-ის საცხოვრებელი პროექტისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 500 ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.08.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.11.04წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.08.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის 18.11.04წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.05.05წ. განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 18.11.04წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ იმ ორგანოთა დასკვნებს, რომლებიც სადავო სახლის პროექტირებაში იღებდნენ მონაწილეობას და განსახილველ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა და საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე უნდა დადგენილიყო თ. გ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია ერთ თუ ორსართულიანი სახლის მშენებლობაზე მისცეს მეზობლებმა თანხმობა ზ. ბ-ეს.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.04.06წ. განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა და საქმის წარმოება შეჩერდა ექსპერტიზის ჩატარებამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.06წ. განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.08.04წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. გ-ის საცხოვრებელი სახლი აგებული იყო 1966 წლის 7 თებერვლამდე. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 18.09.01წ. ¹57 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის" მე-3 ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სახლის კედელი ფანჯრებით ან/და სხვა სახის ღიობებით სამეზობლო საზღვარზე აშენებულია 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე 1966 წლის 07 თებერვლამდე, ასეთ შემთხვევაში მეზობელ ნაკვეთში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მე-3 ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებდა საცხოვრებელი სახლის განთავსებას ნაკვეთის საზღვარზე იმ პირობით, რომ კედელი აგებული იქნებოდა ღიობების და ხვრელების გარეშე. სააპელაციო პალატის განმარტებით, შესაძლებელი იყო სამეზობლო საზღვართან საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზეც და ამ შემთხვევაში საზღვრის გასწვრივ აგებული კედელი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი ღიობების გარეშე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ეს, რომელიც თ. გ-ის ბინისგან 1.07 მ დაშორებით იშენებდა სახლს, სამეზობლო საზღვრის გასწვრივ აგებულ კედელზე რაიმე სახის ღიობები არ ჰქონდა დატანებული.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ზ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობით არ ირღვეოდა თ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის ნორმები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მეზობლების თანხმობა საჭირო არ იყო, ვინაიდან ზ. ბ-ე საცხოვრებელ სახლს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იშენებდა. ამასთანავე, სამეზობლო კედელზე არ მოუწყვია რაიმე სახის ღიობები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ. კასატორმა აღნიშნა, რომ დღეს არსებული სახლის კედელი მთლიანად ზ. ბ-ის მიწის ნაკვეთში იყო მოქცეული რის გამოც დღეის მდგომარეობით მხარეებს გააჩნიათ სამეზობლო კედელი.

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 18.09.01წ. ¹57 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის” მე-5 ნაწილის 1-ლი პუნქტის შესაბამისად საზიარო კედლის აშენება დასაშვებია მხოლოდ ამ წესებისა და მეზობლის წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დამოწმებული არსებული წესის შესაბამისად.

კასატორი მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის სახლის მშენებლობით ირღვევა მისი სახლის ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის პირობები.

კასატორის განცხადებით ზ. ბ-ის სახლს მისი კედლის მხარეს გააჩნია ფანჯარა, რითაც ირღვევა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 18.09.01წ. ¹57 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის” 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოერკვია ერთ თუ ორ სართულიან სახლის მშენებლობაზე მისცეს მეზობლებმა ზ. ბ-ეს თანხმობა.

კასატორმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა 04.12.03წ., ზ. ბ-ეს 2003 წლის 12 აგვისტოსათვის სახლი უკვე აშენებული ჰქონდა. პროექტის დამტკიცებისას კი არ ჰქონდა წარდგენილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები არ იყო დარღვეული. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია დაცული იყო თუ არა სნ და წ. 02.07.89-ის ¹1 დანართის ¹1 ცხრილის მე-8 პუნქტის და ხანძარსაწინააღმდეგო სახანძრო უსაფრთხოების ნორმების 03-96-ის პუნქტი 2.1-ის მოთხოვნები.

კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ექსპერტის დასკვნასა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 10.02.04წ. დასკვნას შორის დაფიქსირდა არსებითი წინააღმდეგობები, სასამართლოს დავაში მესამე პირის სტატუსით უნდა ჩართულიყო სამინისტრო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.11.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებანი თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

ზ. ბ-ემ წარმოადგინა მოსაზრება თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე, სადაც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაშვებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.