Facebook Twitter

¹ბს-850-814(კ-06) 14 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 12 ოქტომბერს ლ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლის 24 იანვარს მისმა შვილმა ზ. გ-მ ქ. ბათუმის პრეფექტურის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანების რწმუნებულთან დადო ხელშეკრულება ბინის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმებისათვის ქ. ბათუმის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებამ წარმოადგინა ტექნიკური ბიუროს მიერ შედგენილი ცნობა-დახასიათება, სადაც შესასყიდი ბინის ფართობთან ერთად მითითებული იყო ავტოსადგომისა და დამხმარე სათავსის ფართობთა რიცხობრივი მონაცემები. აღნიშნული ცნობის თანახმად, ავტოსადგომის ფართობი შეადგენდა 5,75 კვ.მ-ს რაც, რეალურად, მხოლოდ ავტოსადგომის სიგრძის მიახლოებითი მაჩვენებელი იყო, ხოლო დამხმარე სათავსი კი, მოიცავდა 1,07 კვ.მ-ს და ასევე არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას. ფაქტობრივი მდგომარეობა კი აისახა იმავე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შედგენილ ტექნიკურ პასპორტში ჩახაზულ სქემაზე, რომლის მიხედვითაც დამხმარე სათავსი მოიცავს 9 კვ.მ-ს ხოლო ავტოსადგომი – 15,6 კვ.მ-ს.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ენდო რა საბინაო-სარემონტო გაერთიანების წარმომადგენლის კომპეტენტურობას, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ზემოაღნიშნული უზუსტობის გადამოწმების გარეშე. ხელშეკრულების დადების შემდეგ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს კაბინეტის 1993 წლის 2 მარტის ¹125 გადაწყვეტილების საფუძველზე მისი საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹18/20 გაუცვალა ზ. გ-ს ზემოთ ხსენებულ შესყიდულ ბინაში.

2005 წლის 7 სექტემბერს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც ითხოვდა სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას ტექნიკურ პასპორტში ჩახაზული სქემების მიხედვით, საიდანაც მიიღო უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთა დავალდებულებას, მოეყვანათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მცდარი მონაცემები ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში და მონაცემების შესაბამისად განეხორციელებინათ სადავო უძრავი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოსარჩელის დავალდებულება ავტოსადგომისა და დამხმარე ნაგებობების 1992 წლის 24 იანვრის სანოტარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებში განთავსების თაობაზე, ასევე ლიტერ ,,დ” ნაგებობის აღება და არასაცხოვრებელ ფართზე განთავსებული საპირფარეშოს მოშლა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს ავტოსადგომისა და დამხმარე სათავსის ფართობები გაზრდილი ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. უკანონო ნაგებობას წარმოადგენდა აგრეთვე საპირფარეშო, რომელიც აშენებული იყო საერთო საკუთრების ფართზე სხვა თანამესაკუთრეთა ნებართვის გარეშე. მოპასუხე ქ. ბათუმის მერია ასევე ითხოვდა ლ. გ-ისათვის სავაჭრო ჯიხურის განთავსების აკრძალვას როგორც ეზოს შესასვლელში, ისე ეზოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით. ქ. ბათუმის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. გ-ს დაევალა საკუთარი ხარჯებით მოეშალა ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ შენობაზე მის მიერ მიშენებული საპირფარეშო, ასევე აეკრძალა სავაჭრო ჯიხურის განთავსება ... ქ. ¹93-ში მდებარე მიწის ნაკვეთის შესასვლელში და ქ. ბათუმის მერიის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე, აგრეთვე დაევალა ავტოსადგომის 5,75 კვ.მ და დამხმარე სათავსის 1.07 კვ.მ პარამეტრებში მოეყვანა იმდაგვარად, რომ არ დარღვეულიყო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა წილობრივი მონაცემები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის საფუძველზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები ახორციელებენ საჯარო რეესტრის ფუნქციას. ტექბიუროს ჩანაწერებით კი სადავო ავტოსადგომის ფართი არის 5,75 კვ.მ, ხოლო დამხმარე სათავსის - 1.07 კვ.მ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჯ. გ-ს თავის სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია ტექბიუროს მონაცემები.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლი ითვალიწინებს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესწორებას ტექნიკური ხარვეზის (სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში გაცემული ინფორმაციის უზუსტო გადიდებით, ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა) არსებობის დროს. ამავე კანონის 26-ე მუხლით დადგენილია საჯარო რეესტრში ცვლილებისა და დამატებების შეტანის საფუძვლები: ა) მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების და სხვა ცვლილება, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული; ბ) ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც იწვევს რეგისტრირებულ უფლებას ან უფლების ობიექტში ცვლილებას ან/და დამატებას და რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით; გ) საკადასტრო აღწერის დროს მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენისას დაშვებული ან დაზუსტებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები; დ) კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძველი არ არსებობს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 29 იანვარს უზენაეს სასამართლოში თავისი მოსაზრება წარმოადგინა ქ. ბათუმის მერიამ, რომლითაც მოითხოვა ლ. გ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ლ. გ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. გ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ლ. გ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.