¹ბს-851-813(კ-კს-07) 10 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი – ქეთევან მაღრაძე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექცია (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი _ დ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “...”
წარმომადგენელი (დირექტორი) _ ზ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება
დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 13 სექტემბერს შპს “.....” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში შპს “..." უკანონოდ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და ამის შედეგად შედგენილი აქტით შპს “..." ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა: დღგ-ში _ 1030,20 ლარი, ქონების გადასახადში _ 185,56 ლარი, საშემოსავლო გადასახადში _ 5,88 ლარი, მიწის გადასახადში _ 565 ლარი, ბუნებრივ რესურსებზე გადასახადში _ 550 ლარი, სოციალურ გადასახადში _ 528,3 ლარი, სულ _ 2864,94 ლარი, დღგ-ზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლით _ 268,67 ლარი, ქონების გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლით _ 46,39 ლარი, საშემოსავლო გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლით _ 68,84 ლარი, სოციალურ გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლით _ 132 ლარი, ხოლო ჯარიმა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის _ 3000 ლარი, აღურიცხავი საქონლისათვის _ 110030 ლარი, დღგ-ზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლით _ 321370 ლარი. საერთო ჯამში, 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით შპს “...." ძირითადი გადასახადისა და ჯარიმის სახით დაეკისრა 437780,84 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მტკიცებით, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 სექტემბრის აქტი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით. 2005 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელეს ჩაჰბარდა შპს ,,....” გეგმიური შემოწმების აქტი, შედგენილი და დათარიღებული 2005 წლის 7 სექტემბრით, რომელსაც ხელს აწერდა იმავე ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კახაბერ გოგილაშვილი, ხოლო მისმა თანმხლებმა მეორე პირმა _ გენადი შიოლაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული აქტის ჩაბარებას ესწრებოდა, აღნიშნულ აქტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელის განმარტებით, თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ შემოწმების დაწყებისთანავე შემმოწმებლებს არაერთგზის სთხოვა მისთვის გადაეცათ თელავის საგასახადო ინსპექციის შესაბამისი ბრძანებები გეგმიური საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. აღნიშნული ბრძანებებიდან მას გადასცეს 2005 წლის 30 ივნისის ¹110 (ჩაიბარა 2005 წლის 6 ივლისს), 2005 წლის 8 ივლისის ¹120 (ჩაიბარა 2005 წლის 12 ივლისს), 2005 წლის 29 აგვისტოს ¹149 (ჩაიბარა 2005 წლის 5 სექტემბერს) ბრძანებები. სხვა ბრძანებები კი მისთვის არ წარუდგენიათ. ასევე, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ წარუდგინეს და ვერ გაეცნო გეგმიური შემოწმების თანდართულ პროგრამას (რაზედაც 2005 წლის 7 სექტემბერს შედგენილ იქნა აქტი, რომლითაც დაფიქსირდა ზემოთ მითითებული გარემოება და შემმოწმებლების განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაცია გამოეთხოვათ სასამართლოს მეშვეობით. ამ აქტის სინამდვილე დადასტურებული იყო თვითონ ერთ-ერთი შემმოწმებლის მიერ). გადასახადის გადამხდელის უფლებების შესახებ განმარტება მოსარჩელემ მიიღო და უფლება-მოვალეობების ნუსხა გადაეცა შემოწმების დამთავრების პერიოდში _ 2005 წლის 30 აგვისტოს შემმოწმებელ გენადი შიოლაშვილის მიერ, რაც აღნიშნული იყო ხსენებული ნუსხის ბოლო გვერდზე და სხვა დამსწრეებთან ერთად, მას ხელს აწერდა შემმოწმებელი კახაბერ გოგილაშვილი, ხოლო გენადი შიოლაშვილმა აღნიშნულის ხელმოწერით დადასტურებაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელის მტკიცებით, შემოწმების აქტში მითითებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღი და ნომერი მისთვის ცნობილი არ იყო, იგი შემოწმების პერიოდში არ ყოფილა შედგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ დადგენილი იყო ის გარემოება, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის ¹149 ბრძანებით (დათარიღებული 2005 წლის 29 აგვისტოთი) შემოწმების ვადა განსაზღვრული იყო 2005 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შემმოწმებლების მიერ არ იქნა შედგენილი არანაირი აქტი და შესაბამისად, მოსარჩელეს იგი არ ჩაჰბარებია, რაც 2005 წლის 7 სექტემბერს უკანონოდ შედგენილი აქტის ბათილობის უცილობელი პირობა იყო. ამასთანავე, მიუხედავად მოპასუხე საგადასახადო ორგანოსადმი მოსარჩელის არაერთი წერილობითი მიმართვისა, შემოწმების ამსახველი დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება შპს ,,..." არ გადაუციათ, რითაც მოსარჩელეს მოესპო უფლება, დამატებით დაედასტურებინა მისი სასარჩელო განცხადების საფუძვლიანობა, რადგან შესაბამისი ბრძანებებისა და დოკუმენტების გადაცემით კიდევ ერთხელ დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ შპს ,,...." სრულად ჰქონდა გადახდილი ყველა გადასახადი და სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება ნაწარმოები, რის გამოც არ არსებობდა მისთვის თანხების დაკისრების საფუძველი. გეგმიური შემოწმების მოტივით, მიზანმიმართულად განხორციელდა შპს ,,....." თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმის დარიცხვა, რითაც შპს ,,..." არათუ ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა, არამედ აუცილებლად გაკოტრდებოდა.
მოსარჩელის განმარტებით, ცალსახა იყო, რომ საგადასახადო ორგანოს შემმოწმებლებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით არ შეუდგენიათ სადავო აქტი, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილი იყო მხოლოდ ერთი შემმოწმებლის მიერ, რომელიც ისევე, როგორც სხვა შემმოწმებლები, 2005 წლის 7 სექტემბერს აღარ იყო უფლებამოსილი, ეწარმოებინა შპს ,,...." შემოწმებასთან დაკავშირებით, რაიმე საქმიანობა და მით უმეტეს, შეედგინა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც შპს “...” დაეკისრა 437780,84 ლარის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “.....” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი მთელი თავისი სამართლებრივი შედეგებით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული იყვნენ, გაეკონტროლებინათ გადასახადის გამოანგარიშების სისწორე, სისრულე, დროულად ჩაეტარებინათ საგადასახადო შემოწმება ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმების ჩატარებისას გაეცნოთ გადასახადის გადამხდელისთვის/საგადასახადო აგენტისთვის ან სხვა ვალდებული პირისთვის მისი უფლებები და ვალდებულება. როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვეოდა, კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა შესრულებული 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას, რადგან საგადასახადო ინსპექციის მუშაკებმა მხოლოდ შემოწმების შემდეგ, შპს ,,..." დირექტორისა და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების მოთხოვნის შემდეგ, წარუდგინეს მათ ბრძანებები შემოწმების შესახებ, ხოლო ხსენებულ აქტში მითითებული ბრძანებები საერთოდ არ ყოფილა მათთვის წარდგენილი. ასევე, დარღვეული იყო საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო შემოწმებისა და მის შედეგებზე გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურების შესახებ შიდა ინსტრუქციების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტს ხელს აწერდნენ: საგადასახადო ორგანოს მხრიდან _ საგადასახადო შემოწმებაში მონაწილე პირები, რომლებიც ასევე ხელს აწერდნენ იმავე აქტისა და დანართის ყველა გვერდზე; გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ აქტზე ხელმოწერა ხდებოდა შემმოწმებლის თანდასწრებით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელი უარს განაცხადებდა აქტზე ხელის მოწერაზე, აქტზე (გასვლითი შემოწმება) კეთდებოდა შესაბამისი ჩანაწერი.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტს ხელს აწერდა მხოლოდ ერთი შემმოწმებელი _ კახაბერ გოგილაშვილი, სხვა ხელმოწერა კი იმავე აქტზე არ იყო, ისევე, როგორც მითითება, თუ რატომ არ აწერდნენ მას ხელს მასში მითითებული პირები. უფრო მეტიც, შპს ,,...." მიერ წარმოდგენილ იქნა იმავე პერიოდზე საგადასახადო შემოწმების ხსენებული აქტი, დათარიღებული 2006 წლის 6 სექტემბრით. მოპასუხე საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ ხსენებული ფაქტი ვერ იქნა ახსნილი, სასამართლოს სხდომაზე კი დადასტურდა, რომ 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილი იყო პროცედურული დარღვევებით. მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მის მიერ 2005 წლის 29 მაისის განჩინებით გამოთხოვილი შემოწმების აქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად კი, მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა.
რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის 22 დეკემბრის რედაქცია) 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდებოდა 2005 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზეც, რომლებიც მთავრდებოდა 2005 წლის 1 იანვრამდე, იმავე კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, 2004 წლიდან 2005 წლის 1 ივნისამდე პერიოდის შემოწმებისას არ უნდა მომხდარიყო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე ჯარიმის დარიცხვა იმის გამო, რომ არ იქნა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქონლის მიმღებზე, ვინაიდან მოსარჩელემ განმარტა, რომ საქონლის მიმღები არ იყო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული და მას არ ჰქონდა მოთხოვნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შესახებ, რადგან მათ ჩათვლა არ სჭირდებოდათ. ამ მოსაზრების გასაბათილებლად მოპასუხე მხარეს რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია, ხოლო შესაბამისი აქტიდან არ ჩანდა, თუ ვინ იყო საქონლის მიმღები და რამდენად იყო ვალდებული მოსარჩელე, კანონის აღნიშნული მოთხოვნა შეესრულებინა. ასევე არასწორი იყო სადავო აქტში საქართველოს 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლზე მითითება, რადგან 2005 წელს უკვე მოქმედებდა საქართველოს ახალი, 2004 წლის საგადასახადო კოდექსი და, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა მიეკუთვნებოდა პროცედურულ დებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო ხსენებული კოდექსი, ამ კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერებოდა მიმღების მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნის არსებობა მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული.
რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მიხედვით, 2005 წლის 1 მარტიდან ამ კანონის ამოქმედების დღემდე არსებულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა არ დაეკისრებოდათ, ხოლო, ვისაც დაეკისრა, მაგრამ ჰქონდა საბაჟო დეკლარაცია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან პირველადი დოკუმენტები საქონლის აღრიცხვის შესახებ, ამ ნაწილში სანქცია უნდა მოხსნოდა. 2005 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული, ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის გამო დარიცხული ჯარიმა _ 110030 ლარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი _ 3000 ლარი მოსარჩელეს არ უნდა დაკისრებოდა გადასახდელად, ვინაიდან, როგორც ხსენებული აქტიდან ირკვეოდა, შესაბამის საქონელზე არსებობდა სასაქონლო ზედნადები, ხოლო ახალმა კანონმა გააუქმა ძველი კანონი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო აქტის შედგენის დროს მოქმედებდა ძველი კოდექსი, რომლის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სწორად მოხდა დარღვევის დაფიქსირება და ჯარიმის დაკისრება და იგი იმჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის საფუძველზე არ უნდა გაუქმებულიყო, რადგან საქართველოს აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-5 ნაწილში პირდაპირ იყო მითითებული, რომ კანონის ეს მოთხოვნა ვრცელდებოდა მის ამოქმედებამდე არსებულ პერიოდებზე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს “...” წარმომადგენლის განცხადებას მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის ოდენობით დაკისრებაზე უარი ეთქვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის დამატებით გადაწყვეტილებაზე (განჩინება) სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს “....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინება) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თელავის საგადასახადო ინსპექციისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებებით მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციით იმ მოტივით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მოხდა რეორგანიზაცია; აპელანტის _ თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით დადგენილ სასამართლოს ვალდებულებას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე; აპელანტის _ თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის შუამდგომლობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული, მით უმეტეს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ იყო იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა შეეძლო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის იმ საოქმო განჩინებაზე, რომლითაც აპელანტის _ თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი შეიტანა თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ ამავე ინსპექციის შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს “...” 2005 წლის 6 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ჩატარდა გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმება, ხოლო, რამდენადაც საწარმოთა შემოწმების გეგმა მტკიცდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ, ამავე დეპარტამენტის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქმეში ჩაბმულ უნდა იქნეს მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, რადგან იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის შუამდგომლობა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შპს “...” სააპელაციო საჩივრის განხილვამდე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო შეუძლებელი ამ საქმის განხილვა აღნიშნული მეორე საქმის დამთავრებამდე, ხოლო საგადასახადო დავების განხილვისათვის კანონმდებლობით დადგენილი იყო შეზღუდული ვადები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება; შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 5000 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,..." მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ საქმის წარმოების შეჩერების თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დავალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის მეორე განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 21 ნოემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებებით (2 განჩინება) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2007 წლის 20 დეკემბერს, 11.00 საათზე; დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივართან ერთად, მხარეთა დასწრებით, 2007 წლის 20 დეკემბერს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოცემულ საქმეში წარმოადგენს მხარეს, რადგან იგი შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, როგორც ერთიან ცენტრალიზებულ სისტემაში და შესაბამისად, იგი არის ამ საქმეში მოპასუხედ მონაწილე ამავე სამსახურის სტრუქტურული ერთეულის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) ზემდგომი ორგანო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული საოქმო განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.