Facebook Twitter

¹ბს-852-814(კ-07) 24 იანვარი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ლ-მა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაციის, ნამსახურევი წლებისათვის დანამატის, საშვებულებო კომპენსაციისა და საშვებულებო დახმარების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მომზადება-აღწერის ჩატარებისათვის სტატისტიკის რაიონული განყოფილების უფროსებზე გაცემული თანხის ნახევრის _ 75 ლარის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ გ. ლ-ი მუშაობდა სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველოს სამტრედიის რაიონული განყოფილების უფროსად. სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის 2005 წლის 18 მარტის ¹11-კ ბრძანებით მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის შესრულების გამო. მას სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ მისაღები დარჩა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რაც 533.16 ლარს შეადგენდა. ამასთან, ასაკის გამო გათავისუფლებისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა მიეღო კომპენსაცია 780 ლარის ოდენობით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი ითვალისწინებდა ნამსახურევი წლებისათვის დანამატს, რაც გ. ლ-ის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს 30%-ს, კერძოდ კი 1076 ლარს შეადგენდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე მოითხოვდა 1997-2005 წლებში მიუღებელი საშვებულებო დახმარებისა და საშვებულებო კომპენსაციის თანხის ანაზღაურებას და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მოსარჩელე ასევე მოითხოვდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მომზადება-ჩატარებისათვის სახელმწიფო სტატისტიკის რაიონული განყოფილებების უფროსებზე გაცემული თანხის _ 150 ლარის ნახევრის 75 ლარის ანაზღაურებას მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 2-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს გ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 585.52 ლარის გადახდა, გ. ლ-ს უარი ეთქვა სარჩელით მოთხოვნილი თანხების მოპასუხისათვის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველოს სახელფასო და შემოსავლების უწყისებით დასტურდებოდა, რომ გ. ლ-ს სამსახურიდან გათავისუფლების დროს მიუღებელი დარჩა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება 585 ლარის ოდენობით, რის გამოც მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

რაც შეეხებოდა სარჩელით მოთხოვნილი სხვა თანხების მოპასუხისათვის დაკისრებას, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნა მისთვის ცხრა თვის ხელფასის 30%-იანი დანამატის _ 1076 ლარის ოდენობით ანაზღაურების, ასევე სამსახურში აღუდგენლობის შემთხვევაში მისთვის სამი თვის გასასვლელი დახმარების სახით _ 780 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებდა მოსამსახურისათვის წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივ დანამატს, აგრეთვე ამავე კანონის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი _ ასაკის ან სამსახურში მისაღებად დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოხელისათვის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემას, 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო.

საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 9 წლის მიუღებელი საშვებულებო კომპენსაციის თანხის, მთლიანობაში 1152 ლარის ანაზღაურების შესახებ, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობას. საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის პერიოდში სამსახურის ადმინისტრაციისათვის არ მიუმართავს შვებულებით სარგებლობის შესახებ მოთხოვნით, ასევე დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით. შესაბამისად, სამსახურს არ წარმოშობია ფულადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელე მხარემ ნამდვილად შეასრულა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოები, როგორც მის შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულება და რომ მან ნამდვილად გასწია განსაზღვრული ხარჯი ამ სამუშაოზე (ს.ფ. 45-46).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა ცხრა თვის ხელფასის 30%-იანი დანამატის _ 1076 ლარის ოდენობით ანაზღაურებისა და სამსახურში აღუდგენლობის შემთხვევაში მისთვის სამი თვის გასასვლელი დახმარების სახით _ 780 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე კანონის 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო. აპელანტმა სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და განმარტა, რომ დასახელებული ნორმების მოქმედების შეჩერება არ გულისხმობდა, რომ აღნიშნულ პერიოდში მისაღები თანხა მოსარჩელეს არ უნდა ანაზღაურებოდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

აპელანტის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა მას უარი 9 წლის მიუღებელი კომპენსაციის თანხის _ 1152 ლარის ანაზღაურებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამ მუხლის შესრულების პრეროგატივა გააჩნია ადმინისტრაციას. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოსამსახურემ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა შვებულების მისაღებად.

აპელანტი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მის მიერ სასოფლო-სამეურნეო აღწერის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოები დაუდასტურებლობის ფაქტთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელემ ასეთი სახის სამუშაოები ნამდვილად შეასრულა, თუმცა ამის მიუხედავად მას შესაბამისი თანხა არ აუნაზღაურეს (ს.ფ. 53-58).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ლ-ის სარჩელი საშვებულებო კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა 1997-2005 წლების საშვებულებო კომპენსაციის _ 576 ლარის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის საშვებულებო კომპენსაციის გაცემა, დანარჩენ ნაწილში გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას უნდა მისცემოდა 1997-2005 წლებში ნამსახურევი წლებისათვის გაუცემელი 30%-იანი ხელფასის დანამატი _ 1076 ლარი და 2005 წლის 18 მარტს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹11-კ ბრძანებით ასაკის გამო გათავისუფლებისათვის კომპენსაცია _ 780 ლარი, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებდა ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოხელისათვის სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემას, შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2470 კანონით კი ცვლილებები შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან საერთოდ ამოღებულ იქნა ნორმა ასაკის გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში მისთვის 3 თვის კომპენსაციის გაცემის შესახებ. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერებული იყო ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებდა მოსამსახურეზე წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივი დანამატის მიცემას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2470 კანონით ასევე ცვლილებები შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ, ამოღებულ იქნა სიტყვები მოსამსახურეებზე ნამსახურევი წლებისათვის დანამატის გაცემის შესახებ. დასახელებული ნორმის ახალი რედაქციის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატი. აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს. მისი გადასაწყვეტი და შესაფასებელია თუ ვინ მუშაობდა ზეგანაკვეთურად ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა ვის ჰქონდა და უნდა მიეცეს თუ არა მას დანამატი, ცხადია თუკი არსებობს აგრეთვე ამის ეკონომიკური წინაპირობაც.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა საშვებულებო დახმარების _ 576 ლარის ანაზღაურებაზე, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში გარკვევითაა მითითებული, რომ საშვებულებო დახმარება გაიცემა მხოლოდ ძირითად შვებულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს მითითებული 42-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, რომლის თანახმად, შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანის შემთხვევაში მოსამსახურეს საშვებულებო დახმარება მიეცემა აგრეთვე წინა წლის მუშაობისათვის. ამდენად, საშვებულებო დახმარება გაიცემა მხოლოდ შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში და როგორც გამონაკლისი, იგი შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ წინა წლის მუშაობისათვის, თუ მოხელემ არ ისარგებლა კუთვნილი შვებულებით და იგი გადაიტანა მომდევნო წელს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ითხოვდა არა წინა წლის, არამედ 9 წლის საშვებულებო დახმარების ანაზღაურებას, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. უფრო მეტიც, აპელანტზე ვერც წინა წლის საშვებულებო დახმარება გაიცემოდა, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მისი კუთვნილი შვეულება გადატანილი იქნა მომდევნო წელს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტს დაკისრებოდა მისთვის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო აღწერის მომზადება-ჩატარებისათვის სტატისტიკის რაიონული განყოფილების უფროსებზე გაცემული თანხის _ 150 ლარის ნახევრის 75 ლარის (მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის) ანაზღაურება, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად შეასრულა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილად იყო მიჩნეული, რომ მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის პერიოდში სამსახურის ადმინისტრაციისათვის არ მიუმართავს შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით, ამასთან, მას არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა აღნიშნული მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა 9 წლის საშვებულებო კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია. ამდენად, შრომის კანონთა კოდექსი ითვალისწინებდა ფულადი კომპენსაციის გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირი სამუშაოდან უკვე დათხოვნილი იყო და მას არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით. დასახელებულ ნორმაში მოიაზრებოდა ის შემთხვევა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ პირს არ უსარგებლია უკანასკნელი წლის შვებულებით. კანონში პირდაპირაა მითითებული სიტყვა “შვებულება” და არა სიტყვა “შვებულებები”. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მასზე 9 წლის შვებულებების (რომლითაც მან წლების განმავლობაში თავისივე სურვილით არ ისარგებლა) სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა მათგან მოთხოვნა უკანასკნელ სამუშაო წელს გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ დააკმაყოფილა (ს.ფ. 106-112).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლეთოდიანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება ბათილად ცნობას და შესაბამისად გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლემ სასამართლო სხდომა ჩაატარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დაუცველად, მოსამართლემ გ. ლ-ს მაშინვე განუცხადა მის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის თაობაზე, თუმცა მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით, წერილობითი ფორმის დაუცველად. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნულ სხდომაზე ოქმი არ შედგენილა.

სააპელაციო სასამართლომ გ. ლ-ს 1997-2005 წლებში ნამსახურევი წლებისათვის გაუცემელი 30%-იანი ხელფასის დანამატის _ 1076 ლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერებული იყო ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებდა მოსამსახურეზე წელთა ნამსახურობისათვის თანამდებობრივი დანამატის მიცემას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2470 კანონით ასევე ცვლილებები შევიდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ, ამოღებულ იქნა სიტყვები მოსამსახურეებზე ნამსახურევი წლებისათვის დანამატის გაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა მცდარია, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ამავე კანონის რიგი ნორმების (მათ შორის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის) მოქმედების შეჩერება არაკონსტიტუციურად მიიჩნია. შესაბამისად, კანონის დასახელებული ნორმა იმ პერიოდში ძალადაკარგულად იყო ცნობილი (ს.ფ. 118-124).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.