Facebook Twitter

ბს-853-815(კ-07) 9 იანვარი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ს-მა 12.08.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული ფილიალის მიმართ და მისი მეუღლის მ. კ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1910 წელს დაბადებული, მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე მ. კ-ი, მსახურობდა წითელი არმიის 65-ე მსროლელი პოლკის რიგებში. 1941 წლის ივნისში ბელორუსიის ტერიტორიაზე ჩაჰბარდა ტყვედ და 1945 წლის აპრილამდე იმყოფებოდა გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, ტყვეობიდან გათავისუფლდა სამოკავშირეო ჯარების მიერ. სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმება გაიარა ქ. .... და საქართველოში დაბრუნდა რეპატრაციით 29.11.45წ. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პრლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეაბილიტირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მისი მეუღლე წარმოადგენდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს. მოსარჩელემ მოითხოვა აწ გარდაცვლილი მისი მეუღლის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და რეაბილიტირებულად აღიარება და მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაჭიროებოდა საპენსიო საკითხების მოსაწესრიგებლად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 12.10.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ. კ-ი ნამდვილად მსახურობდა 65-ე მსროლელი პოლკის შემადგენლობაში და იგი ტყვედ ჩაჰბარდა ბელორუსიაში 1941-1945 წლებში. ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიისა და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა დაცვის გარანტიებს”. აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, მ. კ-ს, როგორც ახალციხის რაიონის სამობილიზაციო შტაბიდან გაცემული ცნობით ირკვევა, ფირლტრაცია გაუვლია ქ. ...., ხოლო ეს უკანასკნელი არ მდებარეობდა ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე და არც საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნიაა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 12.10.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ს-ა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.06.07წ. განჩინებით ფ. ს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 12.10.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება აწ გარდაცვლილი მ. კ-ს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მ. კ-ი ბელორუსიის ტერიტორიაზე ჩავარდა ტყვედ და 1945 წელს იმყოფებოდა გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, ტყვეობიდან გათავისუფლდა სამოკავშირეო (აშშ-ს) ჯარების მიერ. სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმება გაიარა ქ. .... 1945 წელს და იმავე წლის 29 ნოემბერს რეპატრიაციით დაუბრუნდა ოჯახს. ამასთან, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ. კ-ი არ ყოფილა გასამართლებული და არც გადასახლებული, ასევე არ დასტურდება, რომ მას იძულებითი ხასიათის შრომითი საქმიანობა შეეფარდა. მ. კ-მა მხოლოდ ძალზედ მცირე ხნის განმავლობაში გაიარა სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმება. ეს უკანასკნელი გარემოება არ არის საკმარისი პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის. უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ხსენებულ პირს ფილტრაცია არ გაუვლია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 1.2 მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.06.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ს-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ მისი მეუღლის მიმართ ფილტრაცია ჩაატარეს სსრკ-ის ჯარებმა, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ ქ. ..... ამასთან, კასატორის მითითებით, მისი მეუღლე ქ. .... სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 18.08.45წ. ¹.... დადგენილების საფუძველზე გადიოდა სახელმწიფო-საფილტრაციო შემოწმებას. აღნიშნული დადგენილება ტყვეობიდან დაბრუნებული პირების მიმართ უნდობლობის გაფანტვის მიზნით, ითვალისწინებდა მათ საფილტრაციო შემოწმებას, რომლის დროსაც ყოფილ ტყვეებს იყენებდნენ იძულებითი სამუშაოების საწარმოებლად. სახელმწიფოს აღნიშნული კურსი ყოფილ ტყვეთა მიმართ, სსრკ კომპარტიის ცეკას და მინისტრთა საბჭოს 29.06.56წ. ¹.... ერთობლივი დადგენილებითაც კი არასწორად იქნა მიჩნეული, რის გამოც მ. კ-ის მიერ ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ საფილტრაციო შემოწმების გავლა, უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც იძულების ფორმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.09.07წ. განჩინებით ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ განჩინებაზე მოსაზრება წარმოადგინა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ახალციხის განყოფილებამ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ფ. სუჯიანის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.