Facebook Twitter

ბს-853-820(კ-08) 20 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. კ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანების, კვების კომპენსაციის, კვარტალური ჯილდოს, მატერიალური დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 11 ივლისს ზ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 20 წელზე მეტ ხანს იმსახურა, ხოლო 2005 წლის 11 მაისს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან. მოსარჩელეს მიუღებელი დარჩა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება 12 თვის ფულადი სარგოს ოდენობით, ასევე 1999-2000 წლების ხელფასი, კვების კომპენსაცია, ჯილდო და ერთჯერადი მატერიალური დახმარება, კერძოდ, 1999 წლის ხელფასი და კვების კომპენსაცია _ 152,14 ლარი, ჯილდო _ 32,25 ლარი, მატერიალური დახმარება _ 35,41 ლარი, 2000 წლის ხელფასი და კვების კომპენსაცია _ 396,21 ლარი, ჯილდო _ 114,36 ლარი, მატერიალური დახმარება _ 35,41 ლარი. 1999-2000 წლების ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების დავალიანების თანხამ სულ შეადგინა 765,78 ლარი. მოსარჩელეს ასევე მიუღებელი დარჩა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ზემოთ მითითებული დავალიანებების ანაზღაურების დაკისრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 24 დეკემბრის ¹1270 ბრძანებით ზ. კ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო თანხა იყო 1999-2000 წლებში მისაღები თანხა. ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზეც ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში, იწყებოდა დათხოვნის დღეს, როდესაც მოსარჩელეს არ აუნაზღაურეს საბოლოო ხელფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. მოსარჩელე ასევე ითხოვდა 1999-2000 წლების კვარტალური ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურებას. სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება იყო და მასზე უნდა გავრცელებულიყო ხსენებული კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. კვების კომპენსაციის გაცემაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება იყო და მასზეც უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის ვადა. რაც შეეხებოდა ერთჯერად (გამოსასვლელ) დახმარებას, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ეძლეოდათ ერთჯერადი დახმარება, მაგრამ ამ ბრძანებულების 611-ე მუხლით შეჩერდა იმავე ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ზ. კ-ის სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 765,81 ლარისა და გაუცემელი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების _ 1488 ლარის ანაზღაურება; ზ. კ-ს უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-....... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ¹289 ცნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნამდვილად მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 1993 წლის 22 მარტიდან 2005 წლის 28 აპრილამდე. სადავო არ იყო, რომ მოსარჩელის მიმართ გაუცემელი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 765,81 ლარს, რაც დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს .....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის 2005 წლის 16 ნოემბრის ¹1985 ცნობით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-12 მუხლებზე და აღნიშნა, რომ შრომითი გასამრჯელოს _ ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათო ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებოდა, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულება იყო და უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მისცემოდა ზემოთ მითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდებოდა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ხსენებული სამართლის ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათო ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით და ამდენად, განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე, 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე და არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 24 აგვისტოს ¹1316, 2005 წლის 16 ნოემბრის ¹1985 და 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹3831 პასუხები იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის წერილები, რადგან აღნიშნული წერილებით დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელის მიმართ გასაცემი დავალიანება შეადგენდა 765,81 ლარს და ხსენებული სამინისტრო იმ დროისათვის მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა არსებული დავალიანების დაფარვის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი ორივე წერილი სხვა არაფერი იყო, თუ არა იმის აღიარება და დადასტურება, რომ მოსარჩელის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა გაუცემელი სახელფასო დავალიანება.

რაც შეეხებოდა ერთჯერად (გამოსასვლელ) დახმარებას, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტისა და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება, ფულადი სარგოებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილ .......-ის მეთაურის მიერ გაცემული 2005 წლის 24 აგვისტოს ¹1316 ცნობით დგინდებოდა, რომ ზ. კ-ი ნამდვილად გადიოდა სამსახურს ......-ე ქვეითი ბატალიონის საშტაბო-უზრუნველყოფის ასეულის მატერიალური დოკუმენტაციის ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენდა 226,4 ლარს, მათ შორის, სარგო სამხედრო წოდებისათვის _ 5 ლარს, ხოლო სარგო თანამდებობისათვის _ 119 ლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 14 მაისის ¹6/1020 მიწერილობით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემაზე, იმ მოტივით, რომ მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა მოხდა 2005 წელს და მასზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტი, ვინაიდან მისი მოქმედება 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ქმედების განხორციელების შესახებ, იყო უკანონო, ვინაიდან ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის უფლების დამდგენი ნორმა არ გაუქმებულა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და გარანტიების დაცვის თაობაზე მიღებულ საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს. მოპასუხის ქმედება ეწინააღმდეგებოდა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 24 აგვისტოს ¹1316 ცნობის თანახმად, მოსარჩელის ნამსახურობა შეადგენდა 32 წელს, 3 თვესა და 1 დღეს, რის გამოც ხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის შესაბამისად, მას უნდა მისცემოდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს (124 ლარი) თორმეტმაგი ოდენობით, რაც შეადგენდა 1488 ლარს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანებისა და გაუცემელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების თაობაზე, იყო საფუძვლიანი, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ _ უსაფუძვლო. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა შეძენილი სამხედრო უნიფორმა, რომლითაც ცხადდებოდა სამსახურში და შემდეგ მიმართა მოპასუხეს დახარჯული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, შესაბამისად, აღნიშნული თანხა კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა და მისი ანაზღაურება შეუძლებელი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტა, რომ, მართალია, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე, 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით) ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს ხსენებული ბრძანებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, რაც ზ. კ-ის შემთხვევაში, შეადგენდა თორმეტმაგ ოდენობას (ვინაიდან მას ნამსახური ჰქონდა 32 წელი), მაგრამ არ გაუქმებულა აღნიშნული ბრძანებულებით დადგენილი ერთჯერადი დახმარების გაცემის პირობა და წესი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე და 109-ე მუხლების თანახმად, სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეებზე შესაბამისი დახმარების გაცემის 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, ერთჯერადი დახმარება მიეცემოდათ არა მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურიდან დათხოვნილ იქნენ 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ, არამედ იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც, რომლებიც დათხოვნილ იქნენ 2006 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სასამართლომ არ გამოიყენა. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ირკვევა, რომ დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მათ დანამატის სტატუსი არა აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. ხელფასსა და დასახელებულ ფულად გასაცემლებზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ასევე _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა და არ გაითვალისწინა, რომ ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის ¹ბს-988-942(კ-06) და 2007 წლის 26 ივლისის ¹ბს-243-230(კ-07) გადაწყვეტილებებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ერთჯერადი მატერიალური დახმარების _ 1488 ლარის ანაზღაურების ნაწილში. მოსარჩელე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა 2005 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება, ამავე ბრძანებულების 611-ე მუხლის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო, რაც გამოწვეული იყო ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გაუთვალისწინებლობით. შესაბამისად, ამ ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღებაზე, ვრცელდება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მაშასადამე, ხსენებული მუხლის მოქმედების შეჩერებით, ფაქტობრივად, შეჩერდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების შესრულება კონკრეტულ საბიუჯეტო წელს, რაც, თავისთავად, გამორიცხავს იმავე ნორმის შეჩერების პერიოდში მოსარჩელის შეჩერებული უფლების რეალიზაციას ამ ნორმის ამოქმედების შემდგომ, ახალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული თანხები გათვალისწინებული არ არის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და 377-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან ისინი ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღირებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას საინფორმაციო ხასიათი არა აქვს. აღნიშნული ცნობები კი საინფორმაციო ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 16 ოქტომბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ზ. კ-თვის ხელფასის, კვარტალური ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება ზ. კ-თვის ხელფასის, კვარტალური ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ზ. კ-თვის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 20 ნოემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ზ. კ-თვის ხელფასის, კვარტალური ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება ზ. კ-თვის ხელფასის, კვარტალური ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ზ. კ-თვის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ზ. კ-თვის მხოლოდ კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-....... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ¹289 ცნობით დასტურდება, რომ ზ. კ-ი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში 1993 წლის 22 მარტიდან 2005 წლის 28 აპრილამდე (ს.ფ. 49). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით ზ. კ-ი 2005 წლის 28 აპრილიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (ს.ფ. 4). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის 2005 წლის 16 ნოემბრის ¹1985 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ 1999-2000 წლებში მოპასუხის დავალიანება შეადგენდა _ 765,78 ლარს (ს.ფ. 7, 56). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹3831 ცნობით ზ. კ-ის მიმართ მოპასუხის დავალიანების თანხა დაზუსტდა და 1999-2000 წლების ხელფასისა და კვების კომპენსაციის თანხები დაკონკრეტდა, რამაც საბოლოოდ შეადგინა 765,81 ლარი, მათ შორის: 1999 წლის ხელფასი _ 57,74 ლარი, კვარტალური ჯილდო _ 32,25 ლარი, კვების კომპენსაცია _ 94,40 ლარი, მატერიალური დახმარება _ 35,41 ლარი, ხოლო 2000 წლის ხელფასი _ 154,67 ლარი, კვარტალური ჯილდო _ 114,36 ლარი, კვების კომპენსაცია _ 241,57 ლარი, მატერიალური დახმარება _ 35,41 ლარი (ს.ფ. 42).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის 2005 წლის 16 ნოემბრის ¹1985 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2007 წლის 8 ოქტომბრის ¹3831 ცნობების გაცემით მოხდა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის თანხის _ 335,97 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია _ ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ზ. კ-მა გაუშვა, ვინაიდან სასარჩელო განცხადება 2007 წლის 11 ივლისს წარადგინა სასამართლოში, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების კომპენსაციის დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 335,97 ლარის ზ. კ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხის _ 335,97 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე ზ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 335,97 ლარის ზ. კ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. კ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 335,97 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.