¹ბს-854-821 (კ-08) 15 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 18 ოქტომბერს ო. ჩ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სახელფასო დავალიანების _ 4997,58 აშშ დოლარის, გადაადგილების თანხის _ 2900 ლარის და სანივთე ქონების კომპენსაციის 1104,78 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო ასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.08წ. გადაწყვეტილებით ო. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ო. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის წოდებრივი, თანამდებობრივი, კვების კომპენსაციის _ 217,05 აშშ დოლარის და კვარტალური ჯილდო _ 134 აშშ დოლარის; 1999 წლის წოდებრივი, თანამდებობრივი, კვების კომპენსაციის _ 1929,61 აშშ დოლარის, კვარტალური ჯილდო _ 134 აშშ დოლარის; დახმარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით _ 469 აშშ დოლარის, მატერიალური დახმარება 134 აშშ დოლარის; 2000 წლის წოდებრივი, თანამდებობრივი, კვების კომპენსაციის _ 1756,17 აშშ დოლარის; 2001 წლის წოდებრივი, თანამდებობრივი, კვების კომპენსაციის _ 223,75 აშშ დოლარის, სულ 4997,58 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურება; ო. ჩ-ს უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის და გადაადგილების თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო თანამდებობრივი სარგოს საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებით, მათ შორის ჯილდო.
სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” 05.11.04წ. ¹493-ე ბრძანებულების მე-40 მუხლის თანახმად, სასწავლებლად წარდგენილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარდგენილი არიან
მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის, ფორმის ტანსაცმლის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელებს უწესდებათ ყოველთვიური ფულადი სარგო 60 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მითითებით, ამავე ბრძანებულების 41-ე მუხლის თანახმად, სასწავლებლად (გრძელვადიანი) მივლინებით სხვა სახელმწიფოში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგო შესაძლებელია მიეცეთ, როგორც ამ ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ვალუტით, თუ ანაზღაურების სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისი ქვეყნის ვალუტით ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სასამართლოს მითითებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფოს კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ასევე სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელია და ვინაიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები არ წესრიგდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით ან/და შრომის კანონთა კოდექსით ან სპეციალური კანონით სამხედრო მოსამსახურის შესახებ, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლოს მითითებით, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დღიდან როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე არ უნაზღაურებდა სანივთე ქონების კომპენსაციის თანხებს, აღნიშნულიდან გამომდინარე მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ, თუმცა სასამართლოსათვის არ მიუმართავს 2007 წლის 18 ოქტომბრამდე.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სანივთე ქონების კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურებაზე.
მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით 2900 ლარის ანაზღაურებაზე, რადგან სასამართლოს მითითებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მითითებულ ორგანოს მოსარჩელის მიმართ გადაადგილების თანხა 2900 ლარის ოდენობით არ ერიცხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ 01.05.08წ. ¹10-8/926 ცნობის თანახმად, ო. ჩ-ის მიმართ დავალიანება (ხელზე ასაღები თანხა) შეადგენს 4997,58 აშშ დოლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 17.10.05წ. ¹9/2917 ცნობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ადასტურებს უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებას. ამასთან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.4 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ შრომითი უფლების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორის აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, როგორც ხელფასის, ასევე კვების კომპენსაციის ნაწილში. იმ შემთხვევაში თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინიტსრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მაზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღოთ თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს. ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული აქვს, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
ამდენად, კასატორის აზრით უდაოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენს პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამოც მოსარჩელის თითოეული თვის სახელფასო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს მსჯელობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.