ბს-855-817(კ-07) 29 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმომადგენელი _ ვ. გ-ი
კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ბ-ე, წარმომადგენელი _ ა. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გ. ბ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-5/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე – გ. ბ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანებით, როგორც რიგითი, გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის 122 მმ.ჰაუბიცა დ-30-ის III ბატარეის II საცეცხლე ოცეულის მძღოლად. 2005 წლის 2 სექტემბრამდე მოსარჩელე მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად და მას ხელმძღვანელობისგან რაიმე სიტყვიერი ან წერილობითი საყვედური არ მიუღია. 2005 წლის 2 სექტემბერს გ. ბ-ეს შრომის კანონთა კოდექსის 1351-ე და 136-ე მუხლების უხეში დარღვევით გამოეცხადა სიტყვიერი საყვედური შვებულებიდან დაგვიანების გამო, ხოლო იმავე წლის 19 სექტემბერს გამოეცხადა სასტიკი საყვედური სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისათვის, თუმცა მისი ნასვამობა სათანადო წესით არ დადგენილა. 2005 წლის 26 სექტემბერს, ისე, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო და არც მისი დასწრება იქნა უზრუნველყოფილი, მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მუდმივმოქმედმა სამანდატო კომისიამ განიხილა გ. ბ-ის საკითხი, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გ. ბ-ის მასალები წარედგინათ თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის მისი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ, რის შესაბამისად მიღბულ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანება.
სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელეს საჩხერის რაიონის ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაგზავნილი წერილი, რითაც მისთვის ცნობილი გახდა მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობიდან ამორიცხვისა და ყველა სახის კმაყოფის მოხსნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანების თანახმად. მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა კონტრაქტის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანება მიღებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 52-ე და 53-ე მუხლების უგულებელყოფით, რის გამოც იგი ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, კერძოდ, მოსარჩელე გ. ბ-ეს არ მისცემია არათუ თავისი აზრის გამოთქმის, არამედ დასწრების უფლებაც. პრეტენზიები, რომლებიც წარედგინა გ. ბ-ეს, არაობიექტური იყო. მას 5 თვის პერიოდში არავითარი საყვედური არ მიუღია და კომისიის პრეტენზიები აბსოლუტურად განსხვავდებოდა 2005 წლის 2 სექტემბერსა და 19 სექტემბერს დადებული დისციპლინური სასჯელებისაგან. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას არსებითად დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. მითითებული ბრძანება არ პასუხობდა ზაკ-ის 52.2.3. და 53-ე მუხლების მოთხოვნებს. მასში მითითებული გ. ბ-ის დათხოვნის საფუძველი შემდგომი რიცხვითაა დათარიღებული, ვიდრე თვით ბრძანება. ასევე, მოსარჩელეს არ ჰქონდა გაშვებული სსკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, ბრძანების გასაჩივრების ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; აგრეთვე, ახალი აქტის გამოცემამდე მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე გ. ბ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანებით, როგორც რიგითი, გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის 122 მმ.ჰაუბიცა დ-30-ის III ბატარეის II საცეცხლე ოცეულის მძღოლად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანების საფუძველზე, გ. ბ-ე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21.2. მუხლის “თ” ქვეპუნქტის – კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება, მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შემოწმებულიყო ამ აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით და შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული კოდექსის 5.1. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას და ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, არ იყო დასაბუთებული ის გარემოებები, Yთუ კონკრეტულად, რამ განაპირობა მის მიმართ აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მიზანშეწონილობა და ამასთან, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-2 თავის 21.2. “თ” მუხლი – კონტრაქტის პირობების დარღვევა, კერძოდ, კონტრაქტის რა პირობა იქნა დარღვეული. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1.4. ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი იყო სამხედრო მოსამსახურის მიერ, სისტემატურად ან ბრალეულად ხელშეკრულებით ნაკისრი ან შესაბამისი სამხედრო თუ საბრძოლო წესდებებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევა, ხოლო მითითებული 9.1. პუნქტის თანახმად კი, შესაძლებელი იყო მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე წინასწარი, ერთი თვით ადრე გაცემული წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. მოპასუხის მიერ კი ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.21 მუხლის თანახმად, სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული აქტების გასაჩივრების ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელისათვის აქტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი /იხ. ს.ფ. 62-66/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე გ. ბ-ე იყო სამხედრო მოსამსახურე და მას ევალებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სამხედრო დისციპლინის დაცვა. 2006 წლის 5 იანვარს მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თავდაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა და იმავე სამხედრო ნაწილში აღდგენა მაშინ, როცა მას მიტოვებული ჰქონდა სამსახური და 2005 წლის 19 სექტემბრიდან ფაქტობრივად სამხედრო ნაწილში აღარ ირიცხებოდა. ადმინისტრაციას არ შეუზღუდია მხარე, საკუთარი მოსაზრება წარედგინა სამანდატო კომისიის სხდომაზე ან მის შემდეგ. მისთვის არავის აუკრძალავს, მიემართა ზემდგომი სამსახურისათვის საჭიროების შემთხვევაში, თუკი მას ნამდვილად სურდა სამხედრო სამსახურის გაგრძელება. მოსარჩელეს სამსახურში აღდგენა არ მოუთხოვია თვეების განმავლობაში და მხოლოდ მაშინ მიმართა სასამართლოს, როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, მისგან თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამხედრო სამსახურის დანიშნულება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდებოდა “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა. მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია სადავო ბრძანების საფუძველი, უპასუხისმგებლოდ მიატოვა სამხედრო სამსახური, რაც მოქმედი კანონდებლობით დასჯადი იყო და მხოლოდ მაშინ მოისურვა სამსახურში დაბრუნება, როდესაც ჩათვალა მისთვის საჭიროდ და აუცილებელ სასარჩელო არგუმენტად. ასევე, მოსარჩელის მიერ უგულებელყოფილ იქნა სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული სპეციფიკა და დისციპლინის მოთხოვნები /იხ. ს.ფ. 70-72/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბუწურაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება გიორგი ბუწურაძის გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; ამასთან, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ახალი აქტის გამოცემამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ოქტომბრის ¹2660 ბრძანებას არ შეიძლებოდა დაერღვია მოსარჩელის უფლებები და ინტერესები, ვინაიდან მხარეთა მიერ დადასტურდა და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მითითებული ბრძანებით არ მომხდარა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა. სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანებით მოსარჩელე დათხოვილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა მითითებული ბრძანების კანონიერებასა და დასაბუთებულობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად იმსჯელა დაყენებულ მოთხოვნაზე, თუმცა მხარეთა მიერ სადავო ბრძანება შეცდომით იქნა წარდგენილი. ასევე, არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითებოდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამდენად, სახეზე იყო ასკ-ის 32.4. მუხლით დადგენილი გარემოება და გასაჩივრებული აქტის გაუქმებით, სადავო საკითხის არსებითი გადაწყვეტის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევა, სათანადო შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების – ახალი აქტის გამოცემა /იხ. ს.ფ. 115-118/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი::
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21.2. მუხლი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99.2. მუხლი. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, განეკუთვნებოდა თუ არა სამხედრო საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამგვარი დავის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეიძლებოდა არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოსარჩელემ 2005 წლის 31 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა ხელშეკრულება (კონტრაქტი) 4 წლის ვადით, რითაც ჩაირიცხა შეიარაღებულ ძალებში და იკისრა ვალდებულება, დაეცვა სამხედრო კანონმდებლობით და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. საქმეში არსებული გ. ბ-ის უშუალო მეთაურების პატაკებით და ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ხშირად ხდებოდა დისციპლინის დარღვევები, რისთვისაც მას მიღებული აქვს არაერთი გაფრთხილება და საყვედური. 2005 წლის სექტემბერში გ. ბ-ე გაეცნო გასაუბრების ფურცელს, სადაც ასახულია ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ. დადგენილია, რომ გ. ბ-ე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანებით. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ეცნობა თავდაცვის მინისტრის ბრძანების შინაარსი. მოსარჩელემ შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა სადავოდ გახადა 2006 წლის იანვარში, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტის დარღვევისთვის მის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე სარჩელით მიმართა სასამართლოს /იხ. ს.ფ. 120-123/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საქმის სასამართლოს სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2730 ბრძანებით მოსარჩელე გ. ბ-ე დათხოვილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნატის _ კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძველზე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1.4. ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი იყო სამხედრო მოსამსახურის მიერ, სისტემატურად ან ბრალეულად ხელშეკრულებით ნაკისრი ან შესაბამისი სამხედრო თუ საბრძოლო წესდებებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევა, ხოლო მითითებული 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე წინასწარი, ერთი თვით ადრე გაცემული წერილობითი შეტყობინების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა მოკვლეული ჯეროვნად, შესაბამისად გ. ბ-ის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა არასრულყოფილად, რამდენადაც სადავო აქტში არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რამ განაპირობა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სამსახურიდან გათავისუფლების ზომის გამოყენება, კერძოდ, კონტრაქტის რომელი პირობა იქნა დარღვეული მოსარჩელის მიერ, ამასთან რა ვალდებულება არ იქნა შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული მოსარჩელის მიერ. მეტიც, საქმეში არსებული ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მუდმივმოქმედი სამანდატო კოისიის 2005 წლის 20 სეტემბრის სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ისე იმსჯელა გ. ბ-ის საკითხთან დაკავსირებით, რომ ამ უკანასკნელს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად არ მიეცა საშუალება ესარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული გარანტიით _ თავი დაეცვა მის მიმართ წაყენებული ბრალდებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა მოკვლეული ჯეროვნად, შესაბამისად სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა არასრულყოფილად, გაურკვეველია, იქნა თუ არა მოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. ბ-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასრულებდა თუ არა ეს უკანასკნელი სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად, როგოც ხასიათდებოდა სამსახურში და ა.შ.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, რაც წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. აქტში არ არის ასახული, თუ კონკრეტულად, ხელშეკრულების რომელი პუნქტი იქნა დარღვეული მოსარჩელის მიერ, არღვევდა თუ არა ეს უკანასკნელი სისტემატურად ან ბრალეულად ხელშეკრულებით ნაკისრ ან შესაბამისი სამხედრო თუ საბრძოლო წესდებით დადგენილ ვალდებულებას, სრულყოფილად არ არის დადგენილი ფაქტები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რის გამოც არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციული აქტის მიღების, მომზადებისა და გამოცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო ბრძანების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, შეეფასებინა და ემსჯელა, არსებობდა თუ არა რეალურად, მოსარჩელისათვის ვადამდე ადრე კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი და კონკრეტულად, კონტრაქტის რომელი პუნქტის საფუძველზე შეუწყდა მას კონტრაქტი ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, გამოკვლეულ იქნა თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქმის მასალები სრულყოფილად. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მათებულად გამოიყენა მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც მოთხოვნა საფუძვლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რამდენადაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე, სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.