ბს-856-823 (კ-08) 31 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ა.-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. ა.-მ 2007 წლის 15 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1587,53 ლარის ანაზღაურება.
ს.ფ. 4-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი ¹...-ის მეთაურის მიერ 2007 წლის 2 ნოემბერს გაცემული ¹288 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ შ. ა.-ა ნამდვილად მსახურობდა სამხედრო ნაწილი ...-ში და მისი 1998-2000 წლების კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1587,53 ლარს; კერძოდ, 1998 წლის ხელფასი _ 150,48 ლარი; კვების კომპენსაცია _ 236 ლარი; ჯილდო _ 66,37 ლარი და მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი; 1999 წლის ხელფასი _ 192,24 ლარი; კვების კომპენსაცია _ 354 ლარი; ჯილდო _ 128,16 ლარი და მატერიალური დახმარება _ 32.04 ლარი; 2000 წლის ხელფასი _ 128,16 ლარი; კვების კომპენსაცია _ 236 ლარი და ჯილდო _ 32,04 ლარი.
ს.ფ. 29-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹9/4010 პასუხი შ. ა.-ს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა შ. ა.-ს მიმდინარე წლის 29 ნოემბრის ¹9-9501 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 1587,53 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, და 37-ე მუხლები.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე, როგორც კანონისმიერ ვალდებულებაზე, არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ შ. ა.-მ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1998-2001 წლების სახელფასო თანხის დაკისრება; კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. კასატორი თვლის, რომ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციას და მატერიალურ დახმარებას, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამიტომ კასატორს მიაჩნია, რომ ჯილდო, კვების კომპენსაცია და მატერიალური დახმარება არ წარმოადგენენ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული ცნობები ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შ. ა.-ს სასარგებლოდ 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის 826 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შ. ა.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი შ. ა.-სათვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი შ. ა.-სათვის კვების კომპენსაციის _826 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად;
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შ. ა.-ს სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის დაკისრების კანონიერების საკითხის შემოწმება.
ს.ფ. 4-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი ¹...-ის მეთაურის მიერ 2007 წლის 2 ნოემბერს გაცემული ¹288 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ შ. ა.-ა ნამდვილად მსახურობდა სამხედრო ნაწილი ...-ში და მისი 1998-2000 წლების კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 1587,53 ლარს; კერძოდ, 1998 წლის ხელფასი _ 150,48 ლარი; კვების კომპენსაცია _ 236 ლარი; ჯილდო _ 66,37 ლარი და მატერიალური დახმარება _ 32,04 ლარი; 1999 წლის ხელფასი _ 192,24 ლარი; კვების კომპენსაცია _ 354 ლარი; ჯილდო _ 128,16 ლარი და მატერიალური დახმარება _ 32.04 ლარი; 2000 წლის ხელფასი _ 128,16 ლარი; კვების კომპენსაცია _ 236 ლარი და ჯილდო _ 32,04 ლარი.
ს.ფ. 29-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹9/4010 პასუხი შ. ა.-ს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა შ. ა.-ს მიმდინარე წლის 29 ნოემბრის ¹9-9501 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს.ფ. 29-ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹9/4010 ცნობას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია და იგი არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შ. ა.-ს მიმართ კვების კომპენსაციის 826 ლარის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის აღიარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო
სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ. ა.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის _ 826 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის ნოემბერში, ე.წ. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შ. ა.-ს სასარგებლოს 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. არ დაკმაყოფილდეს შ. ა.-ს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _826 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შ. ა.-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 761,53 ლარის დაკისრების ნაწილში;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.