ბს-85-85(2კ-08) 29 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ა/რ მთავრობა (მოსარჩელე),აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს მწერალთა კავშირი (მოპასუხე თავდაპირველ სარჩელზე შეგებებული მოსარჩელე), პ. გ.-ე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი – ნოტარიუსი თ. ჩ.-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.07წ. განჩინება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, უძრავი ქონების აჭარის ა/რ საკუთრებად რეგისტრაციის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.10.06წ. აჭარის ა/რ მთავრობამ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგსიტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა რესტორან “...-ის” შენობის მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის გაუქმება და საჯარო რეესტრის ახალი სარეგისტრაციო ჩანაწერით სადავო ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა. 24.10.06წ. მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით 03.10.06წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა სადავო ქონება გაასხვისა. 24.10.04წ. ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.02.07წ. განჩინებით საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
07.11.06წ. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა აჭარის ა/რ მთავრობის წინააღმდეგ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და “აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. ¹79 დადგენილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების შესახებ” აჭარის ა/რ მთავრობის 10.10.06წ. ¹76 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. შეგებებული სარჩელის ავტორის განცხადებით, სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ზაკ-ის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. “საკუთრების უფლების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა როგორც რესპუბლიკური, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება. “სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.06.95წ. ¹344 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი იყო სახელწიფო ქონების მართვის ოთხი ფორმა. მათ შორის ერთ-ერთი ფორმა იყო ქონების გადაცემა სამეურნეო გამგებლობაში. მითითებული ფორმით ქონების გადაცემის წესი დადგენილი იყო აღნიშნული დებულების მე-3 პუნქტით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 13.03.07წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სასარჩელო განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი “აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. ¹79 დადგენილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების შესახებ” აჭარის ა/რ მთავრობის 10.10.06წ. ¹76 დადგენილება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 13.03.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ მთავრობამ და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 13.03.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. ¹79 დადგენილების გამოცემის დროს მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.06.95წ. ¹344 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესების შესახებ” დებულება. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. ¹79 დადგენილების თანახმად, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობამ მიმართა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს და სთხოვა კავშირის წევრებისათვის დასვენებისა და გაჯანსაღების კერის მოწყობის მიზნით, ყოფილი რესტორან “...-ის” შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა. სააპელაციო პალატის განმარტებით, საკითხი ეხებოდა უძრავი ქონების სამეურნეო გამგებლობაში გადაცემას. მინისტრთა საბჭომ დაავალა აჭარის ა/რ ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს შენობის გადაცემა განეხორციელებინა არსებული წესის შესაბამისად. “სახელმწიფო საკუთრების უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესების შესახებ” დებულების 3.3 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იყო ქონების სამეურნეო გამგებლობაში გადაცემა. მმართველობის ადგილობრივ უმაღლეს ორგანოს ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმოადგენდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო, რომელსაც ხსენებული დებულების თანახმად, შეეძლო განეკარგა აჭარის ა/რ ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ბალანსზე არსებული რესტორან “ა...-ის” შენობა, რასაც ქ. ბათუმის ან ხელვაჩაურის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვერ განახორციელებდნენ, რადგან სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონება მათ ოპერატიულ გამგებლობაში არ შედიოდა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მოსაზრება სადავო აქტის არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, სწორედ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო იყო ის მმართველობითი ორგანო, რომელსაც შეეძლო მიეღო ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების სამეურნეო გამგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა აღნიშნული 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 517 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია განახორციელა კანონისმიერად და შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთთან ერთად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე 03.10.06წ. გადასცა პ. გ.-ს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ წარმოადგინეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ მთავრობამ და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
კასატორმა – აჭარის ა/რ მთავრობამ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 16.09.95წ. ¹362 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 1-ლ მუხლში მოცემულ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ჩამონათვალში არ არის მითითებული აჭარის ა.რ მინისტრთა საბჭო, შესაბამისად ეს უკანასკნელი არასწორად იქნა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოდ. იმისათვის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ტერიტორიულ ორგანოს) გაეფორმებია ხელშეკრულება სამეურნეო გამგებლობაში ქონების გადაცემის თაობაზე, უნდა არსებობდეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, თუ ობიექტი რესპუბლიკური საკუთრებისაა ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ ობიექტი ადგილობრივი საკუთრებისაა. ვინაიდან შენობა არ იყო ადგილობრივი საკუთრების, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას მისი სამეურნეო გამგებლობაში გადაცემის შესახებ. ამდენად, კასატორი თვლის, რომ აჭარის ა.რ მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. ¹79 დადგენილება მიღებულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.
კასატორი თვლის, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, არსებობდა მწერალთა კავშირსა და პ. გ.-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან საჯარო რეესტრს პ. გ.-ის სახელზე ქონების აღრიცხვის მომენტში ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი ჰქონდა აგრეთვე აჭარის ა.რ. მთავრობის 10.10.06წ. დადგენილება, რომლითაც არარად იქნა აღიარებული აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. დადგენილება.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი არ ქმნიდა საჯარო რეესტრში სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან აჭარის ა.რ 25.05.96წ. ¹79 დადგენილებით კავშირს გადაეცა მხოლოდ შენობა და არა მიწის ნაკვეთი, ხოლო ხსენებული კანონი აწესრიგებს მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადებას. ქონების კავშირის საკუთრებაში აღრიცხვის დოკუმენტს არ წარმოადგენდა აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.09.06წ. გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას კავშირისათვის საკუთრების უფლება არ მიუნიჭებია, გადაწყვეტილებით მოხდა ადმინიტსრაციული წარომოების დაუცველობის გამო აჭარის ა.რ მთავრობის 06.06.06წ. ¹53 დადგენილების გაუქმება და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ქონების აჭარის ა.რ აღრიცხვის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კავშირმა გაასხვისა არარსებული უფლება. კავშირის მიერ სადავო ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა 10.10.06წ. დადგენილების აღუსრულებლობას. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება წინმსწრები განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსამართლის აცილების განცხადება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით წინმსწრები განჩინების კანონიერების ან კანონშეუსაბამობის საკითხი არ გადაწყვეტილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.07წ. განჩინების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
ანალოგიური შინაარსის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე შეტანილ იქნა აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებებში კასატორებმა მიიჩნიეს, რომ არსებობდა საკასაციო საჩივრების დასაშვებად მიჩნევის პირობები და მოითხოვეს მათი დასაშვებად ცნობა. საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით პ. გ.-ის წარმომადგენლის მიერ საკასაციო პალატისათვის წარმოდგენილ მოსაზრებაში აღინიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას დავა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაზე არ წარმოებულა, პ. გ.-სათვის უცნობი იყო აქტის არარად ცნობაზე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. აღნიშნული სკ-ის 50-ე, 183-ე, 185-ე, 312-ე, 477-ე მუხლების თანახმად გამორიცხავს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.06.08წ. განჩინებით აჭარის ა.რ მთავრობის და აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საკუთრების უფლების შესახებ” კანონის მე-14 მუხლი სახელმწიფო საკუთრების უფლების სახეობათაშორის, რესპუბლიკურ და ადგილობრივ (მუნიციპალურ) საკუთრებასთან ერთად ითვალისწინებდა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას. საქმეზე დადგენილია, რომ შენობა იმყოფებოდა აჭარის ა.რ. ვაჭრობის და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად ქონება წარმოადგენდა არა მუნიციპალურ, არამედ ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, რის გამო მისი სამეურნეო გამგებლოაში გადაცემაზე უფლებამოსილი იყო აჭარის ა.რ. მთავრობა. ,,საკუთრების უფლების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად საკუთრების ობიექტის ნუსხა საკუთრების უფლების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით უნდა განსაზღვრულიყო. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. ორგანული კანონის 33.3 მუხლის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 25.05.99წ ¹334 ბრძანებულებით განისაზღვრა, ხოლო შენობა სამეურნეო გამგებლობაში კავშირს აჭარის ა.რ მინისტრთა საბჭოს, როგორც აჭარის ა.რ. აღმასრულებელ ორგანოს და აჭარის ა.რ. ქონების მმართველის მიერ, 25.05.96წ დადგენილებით გადაეცა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ა.რ. ქონების მართვა და განკარგვა აჭარის ა.რ. განსაკუთრებული გამგეობის სფეროს წარმოადგენს, ამდენად დაუსაბუთებელია მოსაზრება ქონების არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გადაცემის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობდა სზაკ-ის 60 მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. ¹79 დადგენილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, უძრავი ქონების გამსხვისებლის მესაკუთრედ მიჩნევისათვის საკმარისია მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სკ-ის 185-ე მუხლი იცავს მყიდველის ქონებრივ ინტერესებს, მუხლი იძლევა იმის გარანტიას, რომ თუ მყიდველმა შეიძინა უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღრიცხული ნივთის მესაკუთრისაგან, მყიდველი არ დაზარალდება. სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცლებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, სკ-ის 327.1 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. ამავე კოდექსის 328.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. საქმეში დაცულია კავშირსა და პ. გ.-ეს შორის სანოტარო წესით დამოწმებული სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სკ-ის 183.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სკ-ის 311.1 მუხლის მიხედვით, რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიტანება უკვე მოპოვებული უფლება. უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მას მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სტაბილურობისა და მესამე პირთა ინტერესებისათვის. საჯარო რეესტრი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას, სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შემძენის კეთილსინდისიერება აბათილებს რეესტრის მონაცემთა შესაძლო უსწორობის მდგომარეობას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ შეუტანიათ საჩივარი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობაზე, რაც სკ-ის 312.2, 313.2 მუხლების თანახმად შექმნიდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის ვარაუდს და შეუძლებელს გახდიდა ქონების რეალიზაციას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კავშირსა და პ. გ.-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უძრავი ქონების გამსხვისებელი – კავშირი რეგისტრირებული იყო ქონების მესაკუთრედ, ქონების რეალიზაციის მომენტში დავა საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით არ არსებობდა. ამდენად, შემძენს შეეძლო ჩაეთვალა, რომ გამსხვისებელი იყო ქონების მესაკუთრე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შემძენს ჰქონდა საკმარისი საფუძველი ევარაუდა უძრავი ნივთის არამესაკუთრისაგან შეძენა, ქონების გადაცემამდე შემძენის არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელი რაიმე ფაქტი საქმეზე დადგენილი არ არის, შეძენის შემდეგ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, საჯარო რეესტრში ქონების პ. გ.-ის სახელზე საკუთრებად აღრიცხვა არ ადასტურებს ქონების შეძენის მომენტში შემძენის არაკეთილსინდისიერებას და არ ქმნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობას. შემძენის კეთილსინდისიერება აბათილებს საჯარო რეესტრის მონაცემთა შესაძლო უსწორობის მდგომარეობას. ამასთანავე, მხვედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი(გაუქმებულია 08.12.06წ. კანონით შეტანილი ცვლილებით) ითვალისწინებდა შემოქმედებითი კავშირის ბალანსზე 1997 წლის 25 ნოემბრამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე) რიცხული უძრავი ქონების შემოქმედებითი კავშირის საკუთრებაში გადაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვინაიდან უძრავი ქონება მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ბალანსზე გადაიცა აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 25.05.96წ. დადგენილებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების სსიპ – საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სახელზე აღრიცხვის საფუძველი.
საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის აცილების განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრების სააპელაციო მოთხოვნა ეხებოდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი და არა წინმსწრები განჩინების გაუქმებას. რაც შეეხება წინმსწრებ განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა განცხადება მოსამართლის აცილების შესახებ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არგატარება თავისთავად არ ქმნის სსკ-ის 32-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა.რ. მთავრობის და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.07წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.