ბს-858-730-კ-04 23 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი – ქ. ქუთაისის მერია, წარმომადგენელი – ბ. ლიპარტელიანი
მოწინააღმდე მხარეები – Lა. ბ-ე (ლ. ბ-ის უფლებამონაცვლე); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საცხოვრებელი ფართის უმკვიდრო ქონებად ცნობა, მისი სახელმწიფოსათვის გადაცემა და საცხოვრებელი ფართების პრივატიზების უფლების მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-ემ და ბ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქუთაისის მერიის საბინაო განყოფილებისა და ქუთაისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ მათზე ორდენით გადაცემული საცხოვრებელი ფართისა და სახლის პირველ სართულზე არსებული დამხმარე სათავსების მათ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ ცხოვრობენ ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹7-ში კანონიერად, სახელმწიფოს მიერ გაცემული ორდერებით, მითითებულ ფართს ფლობენ და სარგებლობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში _ 1938 წლიდან. აღნიშნულ სახლს 960-61 წლებში მათი ხარჯებით გაუკეთდა მინაშენი, რომელიც დღეისათვის პროვატიზებულია ბ. კერძევაძის სახელზე, რაც შეეხება სახლის ძველ ნაწილს, რომელსაც ფლობენ და სარგებლობენ ლ. ბ-ე და ბ. კ-ე სახელმწიფოს მიერ გაცემული ორდერების საფუძველზე, მოსარჩელეთა განმარტებით, ის "ჰაერშია" გამოკიდებული, ვინაიდან არ გააჩნია კონკრეტული მესაკუთრე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ მათზე ორდერით გადაცემული საცხოვრებელი ფართისა და სახლის პირველ სართულზე არსებული დამხმარე სათავსების მათ საკუთრებაში გადაცემას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეს და ბ. კ-ეს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ბ-ემ და ბ. კ-ემ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატში საქმის განხილვისას აპელანტებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა დამხარე სათავსების მათ საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში და მოითხოვეს იმ დამხმარე სათავსების მათთვის საკუთრებაში გადაცემა, რომლებსაც ფლობენ და სარგებლობენ.
მოგვიანებით აპელანტებმა შეცვალეს დავის საგანი და მოითხოვეს, სადავო საცხოვრებელი ფართის უმკვიდრო ქონებად ცნობა, მისი სახელმწიფო ხაზინისათვის გადაცემა და ქუთაისის მთავრობის დავალდებულება სადავო ფართზე კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრივატიზება ბინების ძირითად დამქირავებლებზე – ბ. კ-ესა და ლ. ბ-ზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ბ. კ-სა და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹7-ში, 35.15 მ2 და 18მ2 საცხოვრებელი ფართის უმკვიდრო ქონებად ცნობისა და მისი სახელმწიფო ხაზინისათვის გადაცემის შესახებ. ქუთაისის მთავრობას დაევალა აღნიშნული საცხოვრებელი ფართობის პრივატიზება ბინების ძირითად დამქირავებელზე - ბ. კ-სა და ლ. ბ-ზე.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სადავო სახლზე გაცემული კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა იოსებ სოხაძეზე გაუქმებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული. აღნიშნულის შემდეგ ქონება იყო უმკვიდრო და ამიტომ იგი უნდა გადასცემოდა ქუთაისის მერიას შემდგომი განკარგვის მიზნით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ლ. ბუძუაძეს 1972 წლის 23 ივნისს გაცემული ორდერით დაკავებული აქვს 18 მ2 საცხოვრებელი ფართი, ხოლო ბ. კ-ე 1977 წლის 24 მარტს და 1978 წლის 10 მაისს გაცემული ორდერების საფუძველზე ფლობს 58,7 მ2 საცხოვრებელ ფართს, საიდანაც 35,15 მ2 არ არის პრივატიზებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოსარჩელენი ფლობენ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ბინებს ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ორდერებით, უნდა დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა უმკვიდროდ დარჩენილი ქონების პროვატიზების გზით მათთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბინების პროვატიზების დავალდებულების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მთავრობამ, რომელმაც მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ არ ყოფილა მითითება კანონზე, რომლითაც კასატორი ვალდებული იყო, უმკვიდროდ გამოუცხადებელი ქონების პრივატიზება მოეხდინა ძირითად დამქირავებლებზე. ამავე დროს უგულებელყოფილ იქნა მისი, როგორც მესაკუთრეს უფლება _ თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგვა. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ მისცა კასატორს უფლება, თავისუფლად განეკარგა მისთვის გადაცემული ქონება.
საკასაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე ბ. კ-ის წარმომადგენელმა მ. გ-ემ უარი განაცხადა სარჩელზე ბ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა ამ ნაწილში, ამავე დროს აღნიშნა, რომ ლ. ბ-ე გარდაიცვალა და, შესაბამისად, მას ამ უკანასკნელის წარმომადგენლობის უფლება აღარ აქვს. 2004 წლის 26 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა ლ. ბ-ის გარდაცვალების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ბიძინა კერძევაძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმედა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებები ბიძინა კერძევაძის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
Uუზენაესი სასამართლოს ამავე განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, ქ. ქუთაისის მთავრობის საკასაციო საჩივარზე, მოწინააღმდგე მხარის (მოსარჩელის) - გარდაცვლილი ლ. ბ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2008 წლის 6 მაისს ა. ბ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც გარდაცვლილი ლ. ბ-ის პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარებულ იქნა შვილი – ა. ბ-ე და მოითხოვა საქმის წამოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით ქ. ქუთაისის მთავრობის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით დადგენილი წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. ქუთაისის სასამართლოს 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ს-ის სარჩელი და ქ. ქუთაისში ყოფილ ..... ამჟამად დავით ..... ქუჩა ¹7-ში მდებარე სადავო სახლი აღირიცხა 1940 წელს გარდაცვლილ ბ. (ს.) ს-ის სახელზე.
მითითებულ გადაწყვეტილების საფუძველზე 1992 წლის 8 დეკემბერს ზეამოაღნიშნულ სახლზე მემკვიდრეობა აღიდგინა ბ. ს-ის შვილიშვილმა ი. ს-ემ, რომელზეც გაცემულ იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის ¹.... სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 8 დეკემბერს 1-17-22 ნომრით გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ი. ს-ის სახელზე ქუთაისში .... ქუჩა ¹7 მდებარე საცხოვრებელ სახლზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, მას შემდეგ რაც სადავო ქონებაზე არ არიან არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრეები, ქონება მიჩნეულ უნდა იქნას უმკვიდროდ და გადაეცს სახელმწიფოს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საბინაო ფონდის განკარგვა წარმოადგენს მერიის კომპეტენციას, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სადავო ქონების ქ. ქუთაისის მერიისათვის გადაცემას.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ ერთადერთ საფუძველს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მესაკუთრის ინტერესები, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ქონება გადაეცა ქ. ქუთაისის მერიას ის უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს ის, საკასაციო სასამართლოს მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება შემდეგი მოტივით:
დადგენილია და აღნიშნულს ვერ უარყოფს თავად კასატორი, რომ სადავო საცხოვრებელი ფართის გარკვეული ნაწილი ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ორდერით დაკავებული ჰქონდა აწ გარდაცვლილ ლ. ბ-ეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების საფუძველზე დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპარივიტაზებული საცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” შესაბამისად, კანონისმიერ მოსარგებლედ ითვლება ის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ამავე წესის შესაბამისად, საკუთრებაში ფართის გადაცემაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, რომლის მე-5 პუნქტის თანახმადაც, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველო რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, უდავოა, რომ აწ გარდაცვლილი ლ. ბ-ე წარმოადგენდა ბინის დამქირავებელს, რომლის უფლებაც, მოითხოვოს ბინის პრივატიზაცია (უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა) დაცულია ზემოაღიშნული ნორმატიული აქტებით.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ პირობებში მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, არ არის აბსოლუტური და შეზღუდულია მითითებული აქტების საფუძველზე, რაც გამორიცხავს მისი პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას.
გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო სხვა პრეტენზია, გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას იმსჯელოს დამატებით საფუძვლებზე და თვლის, რომ კასატორის მხრიდან მითითებული არგუმენტაცია არ იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.