¹ბს-858-820(კ-07) 5 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ვ. გ.-ი (მინდობილობა ¹8/..., 19.02.08წ.)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ. პ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი – ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება, სანივთე ქონების კომპენსაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. პ.-მ 20.03.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით – 4360 ლარის, სანივთე ქონების კომპენსაციის – 910,58 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 500 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 27.06.05წ. დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა სახელფასო, სამივლინებო, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების, ბინის ქირისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების დავალიანებები. აღნიშნული დავალიანებებიდან მოთხოვნისამებრ აძლევდნენ პერიოდულად გარკვეულ თანხებს, მაგრამ დავალიანების უმეტესი ნაწილი დაუფარავი დარჩათ. კუთვნილი თანხების მისაღებად მიმართა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომლისგანაც 21.02.06წ. მიიღო პასუხი, რომ კუთვნილი დავალიანებებიდან ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება მოცემულ ეტაპზე შეუძლებელი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.06წ. გადაწყვეტილებით რ. პ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე რ. პ.-ს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 4360 ლარისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 910.5 ლარის ანაზღაურებაზე; მოსარჩელე რ. პ.-ს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით 500 ლარის ანაზღაურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. პ.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილებით რ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 4360 ლარის და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 910.58 ლარის ანაზღაურება; რ. პ.-ის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 500 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები 2001-2003 წლებში სანივთე ქონების საკუთარი სახსრებით შეძენის შესახებ და აგრეთვე, იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ხანდაზმული იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹173 ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელეზე გასაცემი სანივთე ქონების კომპენსაცია 2001-2003 წლებში შეადგენდა – 910,58 ლარს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2005-2006 წლების წერილების თანახმად, რ. პ.-ის მიმართ მითითებულია შემდეგი: “საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდება თქვენს მიმართ დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას”. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა მოპასუხის მიერ დავალიანების არსებობის აღიარებად, ხოლო სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად დავალიანების აღიარებით წყდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ რ. პ.-ის მიერ გაშვებულ იქნა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე ის მოსაზრება, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა სანივთე ქონების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვინაიდან სსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვერ იმსახურებდა სამხედრო მოსამსახურე, თუკი იგი სამხედრო ნაწილში არ გამოცხადდებოდა სამხედრო ფორმით. სამხედრო მოსამსახურის ამ უკანასკნელით უზრუნველყოფა სამინისტროს ევალებოდა, მაგრამ წინა წლებში შესაბამისი თანხების არქონის გამო, თავდაცვის სამინისტრო ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებდა. სამხედრო მოსამსახურეები კი, მათ შორის რ. პ.-ე, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ რა თავიანთ მოვალეობას ქვეყნის წინაშე, თავიანთივე სახსრებით ყიდულობდნენ შესაბამის ნივთებს (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი და სხვ), რაც, ცხადია, თავდაცვის სამინისტროს არ ათავისუფლებს თავისი ვალდებულების თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც შესრულებისგან (ამჯერად ფულადი კომპენსაციის სახით). ასევე, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ასეთი ნივთების შეძენა, უმეტესწილად, შესაძლებელი იყო მხოლოდ ბაზრობებზე, სადაც შესაბამის საბუთებს (ქვითრებს, ანგარიშ-ფაქტურებს) ხშირ შემთხვევაში არ იძლეოდნენ. ამრიგად, სადავო საკითხების გადასაწყვეტად მტკიცებულებების წარმოდგენის მთელი ტვირთის მხოლოდ მოსარჩელეზე დაკისრება მართებული არ იქნება, მით უფრო, რომ კანონი მას არ ავალდებულებდა წარედგინა აღნიშნული ცნობები თავდაცვის სამინისტროსათვის (საკმარისია, რომ იგი სათანადო ფორმით ცხადდებოდა სამხედრო ნაწილში). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ¹137, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს მისაღები ჰქონდა 2001-2003 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია – 910.58 ლარის ოდენობით, ხოლო რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია (მაგალითად, იმის შესახებ, რომ რ. პ.-ზე გაიცა ფულადი კომპენსაცია ან მას მიეცა სანივთე ქონება ნატურით, ან იგი დადიოდა სამსახურში სათანადო ფორმის გარეშე). “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.3 მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა, ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია”. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდა უფლება, არ შეესრულებინა ხსენებული კანონის დანაწესი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე უნდა გაიცეს ერთჯერადი დახმარება 4360 ლარის ოდენობით, რადგან საფუძველი, რის გამოც მას თავის დროზე არ მიეცა ხსენებული დახმარება, ამჟამად აღარ არსებობს, კერძოდ: “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეების, კურსანტებისა და რეზერვებიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება – ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. ამავე ბრძანებულების 611-ე მუხლის შესაბამისად, ამ ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე. ამჟამად, კი აღნიშნული ნორმა აღარ არის შეჩერებული და არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ამ ნაწილში სარჩელის არდაკმაყოფილებისა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ სწორად დაიანგარიშა ერთჯერადი დახმარება, რომელიც ჯამში შეადგენს – 4360 ლარს და არ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფულად სარგოებში არ უნდა შევიდეს თანამდებობრივი კატეგორიები. მართალია, თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებით გათვალისწინებულ ფულად სარგოებში გათვალისწინებული იყო მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, მაგრამ ხსენებული ბრძანებულების ¹1 დანართში ცვლილებები შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 27.01.06წ. ¹82 ბრძანებულებით და ამიერიდან, ფულად სარგოებში ასევე განისაზღვრა კატეგორიებიც. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. პ.-ის სააპელაციო საჩივარი საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 500 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან მან ვერც პირველ და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი მხრიდან ნამდვილად იყო საადვოკატო ხარჯები გაწეული. უფრო მეტიც, არც საქალაქო სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში მას წარმომადგენელი არ ჰყოლია. ყოველივე აღნიშნულის გამო, მასზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 53.1 მუხლის დანაწესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ რ. პ.-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1785 ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან, ამ დროისათვის კი საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება ამავე ბრძანებულების 611-ე მუხლის შესაბამისად შეჩერებული იყო და იგი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით ამ ნორმათა ასახვა ¹493 ბრძანებულებაში განხორციელდა ერთდროულად, რის გამოც ის უნდა გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და მისი გავრცელება 2005 წლის მდგომარეობით წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე არამართლზომიერია. ამასთან, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. არასწორია სასამართლოს მოსაზრება, თითქოსდა სამხედრო მოსამსახურეთა ფულად სარგოებს მოიცავს თანამდებობრივი, წოდებრივი და დანამატის კატეგორიები იმდენად, რამდენადაც რ. პ.-ის დათხოვნის დროისათვის საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-9 მუხლით სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოები მოიცავდა თანამდებობრივს და წოდებრივს. სასამართლოს მსჯელობა თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტის 27.01.06წ. ¹82 ბრძანებულების შესაბამისად (აღნიშნული ბრძანებულებით ცვლილებაა შეტანილი ¹493 ბრძანებულებაში) ფულად სარგოებში გათვალისწინებულ იქნა დანამატის კატეგორიები, არასწორია, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეთა ფულად სარგოს განსაზღვრავს არა ¹82 ბრძანებულების მე-61 პუნქტი, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-51 მუხლი, რომელშიც პირდაპირ არის გაწერილი, რომ ,,სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისგან”. სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობისა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები. რ. პ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმართული აქვს სარჩელით, სადაც ითხოვს – თავდაცვის მინისტრის 27.06.05წ. ¹1785 ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას, დღეისათვის საქმის განხილვა არ არის დამთავრებული. ვინაიდან არ არის მიღებული რ. პ.-ის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის განხილვა ერთჯერადი დახმარების ნაწილში. რაც შეეხება 2001-2002-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 910,58 ლარის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებას, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ დოკუმენტებს და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი ¹173 ცნობა და ფინანსების მართვის დეპარტამენტის 20.02.06წ. ¹9/369 წერილი სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩათვალა ვალის აღიარებად, რაც არასწორია, ვინაიდან მათში არ არის მითითებული თავდაცვის სამინისტროს მიერ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის დავალიანებად აღიარება და მისი გადახდის დაპირება. აღნიშნული დოკუმენტები საინფორმაციო ხასიათისაა და ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში არამართებულად იქნა გამოყენებული სკ-ის 137-ე მუხლი და შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდამულობის სამწლიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.09.07წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე 01.10.07წ. მოსაზრება წარმოადგინა რ. პ.-მ და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. რ. პ.-ე აღნიშნავს, რომ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის დაკმაყოფილება შეესაბამება ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, რასაც ადასტურებს საკასაციო პალატის 11.07.07წ. გადაწყვეტილება. დაშვებულია სადავო ურთიერთობების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 51 მუხლის გამოყენება, რომლის მიხედვით “სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისგან” და ამდენად გამოირიცხება დანამატის კატეგორია. 51 მუხლი საქართველოს პრეზიდენტის 22.08.2006წ. ¹500 ბრძანებულებით არის გათვალისწინებული და იგი ვერანაირად ვერ გავრცელდება ერთი წლით ადრინდელ ეპიზოდზე, სამსახურიდან დათხოვნის (27.07.2005წ.) პერიოდში ასეთი დათქმა ბრძანებულებაში არ არსებობდა. დანამატის კატეგორია ფულად სარგოში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 15.01.2005წ. ¹17 ბრძანებულების მე-2 პუნქტით და მათი ოდენობები დაზუსტდა საქართველოს პრეზიდენტის 24.01.2005წ. ¹47 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, რომლებიც მოქმედებდნენ სამსახურიდან გათვაისუფლების მომენტში, 51 მუხლი სამსახურიდან გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ ამოქმედდა. რ. პ.-ე აღნიშნავს აგრეთვე, რომ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება არის უმუშევრად დარჩენილი პირის ერთგვარი სოციალური დაცვის საშუალება და იგი დათხოვნისთანავე უნდა გაიცეს მაშინ, როდესაც სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დაწყებული სამართალწარმოება შეიძლება წლობით გაგრძელდეს და ამ პერიოდში დახმარების გაუცემლობის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნილი პირი თავის ოჯახთან ერთად სოციალურად დაუცველად რჩება. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გაცემული ცნობები ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს აღიარებას, 03.05.2004წ., 20.02.2006წ. ¹9/369, 04.07.2005წ. ¹9/1880 ცნობები შეიცავენ დაპირებას და წარმოადგენენ ვალის აღიარებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო უსაფუძვლობის გამო და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება ითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.06.05წ. ¹1785 ბრძანებით (ს.ფ.8) რ. პ.-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება). 02.09.05წ. ¹305 ცნობის თანახმად, შეიარაღებულ ძალებში რ. პ.-ის ნამსახურების სტაჟი შეადგენს 11 წელს, 10 თვეს და 12 დღეს (ს.ფ. 12). ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებაში 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებთ შეტანილი ცვლილება-დამატებების თანახმად, ბრძანებულების 331 პუნქტით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. ამავე ბრძანებულების 611 პუნქტის მიხედვით 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. რ. პ.-ე შეიარაღებული ძალების რიგებიდან 27.06.05წ. იქნა დათხოვნილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით უნდა გაიცეს 4360 ლარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად ქმნის გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ უკრიტიკოდ გაიზიარა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული გაანგარიშება და შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ სწორად დაიანგარიშა ერთჯერადი დახმარების ოდენობა. ერთჯერადი დახმარების სახით მოპასუხისათვის 4360 ლარის დაკისრების მართლზომირება არ დასტურდება სააპელაციო პალატის მითითებით საქართველოს პრეზიდენტის 27.01.06წ. ¹82 ბრძანებულებაზე. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების ¹1 დანართში საქართველოს პრეზიდენტის 27.01.06წ. ¹82 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების თანახმად ფულად სარგოებში მოიაზრება არა მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, არამედ აგრეთვე კატეგორიებიც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ოდენობა უნდა განისაზღვროს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების მიღების დროს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად არ არსებობს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებაში 22.08.06წ. ¹500 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების, კერძოდ 51 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობა. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-9 მუხლის თანახმად სამხედრო მოსამსახურეების ფულადი სარგო მოიცავდა თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. საქართველოს პრეზიდენტის 24.01.05წ. ¹47 ბრძანებულებით 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებით დამტკიცებული ¹1 დანართი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, აღნიშნულის შედეგად ფულადი სარგოების ნუსხას დაემატა მესამე კომპონენტი – სამხედრო მოსამსახურეთა დანამატის კატეგორიები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების ¹1 დანართში ცვლილება-დამატებების შეტანის მიუხედავად უცვლელად დარჩა 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-9 პუნქტი, რომლის იმპერატიული დანაწესის თანახმად სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო კვლავინდებურად მოიცავდა თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. საქმეში დაცული 27.09.05წ. ცნობის თანახმად დასტურდება, რომ რ. პ.-ს თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 280 ლარს, სამხედრო წოდებისათვის სარგო – 50 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გ. პ.-ე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან იმყოფებოდა, რ. პ.-ს საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 და 33 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა მიეღო გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს ერთჯერადი დახმარება 2640 ლარის ოდენობით (280+50=330X8=2640).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხელრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებით დადგენილი იქნა შტატების შემცირებასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეთა უფლება გასასვლელი დახმარების მიღებაზე, რომლის ოდენობაც დამოკიდებულებია სამხედრო ძალებში ნამსახურებ წელთა რაოდენობაზე. 2004 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შესული ნორმის მოქმედების 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებით სახელმწიფომ განსაზღვრა აღნიშნული უფლების რეალიზების პირობა. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას (იხ, მაგ. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის 25.5 მუხ., ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51.4 მუხ., ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხ., ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხ.), ნორმის მოქმედების შეჩერება უფლების დაკარგვის საფუძველს არ ქმნის. ნორმის მოქმედების შეჩერება არ ნიშნავს ნორმით აღიარებული უფლების გაუქმებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა კასატორის უფლება მიეღო ფულადი დახმარება, ნორმის შეჩერებით გადავადდა აღიარებული უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, რაც გულისხმობს არა მარტო უმუშევრის სტატუსის გასაზღვრა-მოწესრიგებას და სამუშაოს პოვნაში რეალურ დახმარებას, არამედ სამუშაოდან დათხოვნის დროიდან კუთვნილი კომპენსაციის, გამოსასვლელი დახმარების მიღების უფლებასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებით სადავო საკანონმდებლო აქტის, რომლითაც შეჩერდა კანონის ნორმის მოქმედება, არაკონსტიტუციურად ცნობის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს სწორედ ის წარმოადგენდა, რომ აქტი უსამართლოდ აჭიანურებდა და ფაქტობრივად ართმევდა მოქალაქეებს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად კანონმდებელს უფლება აქვს შეაჩეროს ნორმატიული აქტის მოქმედება, რაც არ უნდა ღებულობდეს უსასრულოდ პერმანენტულ ხასიათს და არ უნდა იქცეს კანონის მოქმედების პრინციპად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ურთიერთობა უკავშირდება ნორმის მოქმედების შეჩერებას და არა მის დროში და სივრცეში მოქმედებას. ამდენად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47.1 მუხლზე მითითებით კასატორის მსჯელობა ნორმის უკუქცევითი ძალის არარსებობის შესახებ არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 331 პუნქტი არ ვრცელდება 2005 წლის მდგომარეობით წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493-ე ბრძანებულების 331 პუნქტი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურისათვის გასასვლელი დახმარების გაცემას მიუხედავად სამსახურიდან განთავისუფლების დროისა, სხვაგვარი გამარტება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ მოქალაქეთა თანასწორობას, ფიქტიურ ხასიათს აძლევს ნორმით აღიარებულ უფლებას. 2005 წელს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირებისათვის დახმარების გაცემაზე უარის შემთხვევაში 331 პუნქტის მოქმედების შეჩერების ნაცვლად ნორმის ძალაში შესვლის თარიღად 2006 წლის 1 იანვარი განისაზღვრებოდა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. პ.-მ სასამართლოს 20.03.06წ. მიმართა. ვინაიდან ნორმა, რომელსაც ემყარება გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნა, 2006 წლის 1 იანვრიდან კვლავ ამოქმედდა, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ რ. პ.-მ სარჩელი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესახებ აღძრა 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 პუნქტის 21.09.07წ. ¹531 ბრძანებულებით გაუქმებამდე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების – ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება თავისი ბუნებით წარმოადგენდა უმუშევრად დარჩენილი პირის სოციალური დაცვის ერთგვარ საშუალებას, რომელიც სამსახურიდან დათხოვნისთანავე უნდა გაცემულიყო, საკასაციო პალატა შესაძლებლად თვლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დავის დასრულებამდე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის შესახებ დავის გადაწყვეტას, მით უფრო, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ რ. პ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არსებობს ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხის გამოქვითვის შესაძლებლობა იძულებითი განაცდურის თანხიდან.
საქმეში დაცული მასალების, კერძოდ 04.05.04წ. ¹173 ცნობის მიხედვით, დასტურდება, რომ მოსარჩელეზე გასაცემი სანივთო ქონების კომპენსაცია 2001-2003 წლებში 910,58 ლარს შეადგენდა. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართევლოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ,,შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.06.05წ. ¹1785 ბრძანების გამოცემამდე რ. პ.-ს გააჩნდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2001-2003 წლებში რ. პ.-ს არ მიუღია ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ვალდებულება პერიოდულად, ყოველწლიურად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და მასზე უნდა გავრცელდეს სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ. პ.-ის მიმართვებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 04.07.05წ., 20.02.06წ. წერილებს (პასუხებს) რ. პ.-ის მიმართ (ს.ფ. 63, 9) არა აქვთ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი, დავალიანების დაფარვის შესახებ რ. პ.-ის განცხადებების პასუხად მოპასუხე აცნობებდა რ. პ.-ს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე დავალიანების ანაზღაურების შესახებ, რაც სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ რ. პ.-ე 2005 წლიდან არ არის სამხედრო მოსამსახურე. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეცა დადგენილი ნორმის სანივთე ქონება ან მისი ფულადი კომპენსაცია, რაც რ. პ.-ს არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართევლოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ერთჯერადი დახმარების სახით 4360 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში რ. პ.-ის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს 14.05.07წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.05.07წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 4360 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში რ. პ.-ის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 2640 ლარის ანაზღაურება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.