¹ბს-858-825(კ-08) 16 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 5 და 16 ოქტომბერს ბ. ნ-ემ სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიმართ (სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელეს მოპასუხე არ მიუთითებია და მან მოპასუხეზე მიუთითა ხარვეზის შესახებ განჩინების გამო წარდგენილ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში).
მოსარჩელის განმარტებით, 1998-2005 წლებში მსახურობდა “საქსტანდარტში” (იმჟამად _ სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო) სპეციალისტად. 2005 წლის სექტემბრიდან, სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის ლიკვიდაციის შედეგად, გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. 1998-2000 წლებში მოსარჩელეს არ მიუღია კუთვნილი ხელფასი და მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 292,75 ლარს, რაც დასტურდებოდა სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული, სასარჩელო განცხადებაზე დართული ცნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 292,75 ლარის მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა შესაგებელი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილების პირველი პუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სააგენტო (“საქსტანდარტი”) ლიკვიდირებულ იქნა. ხსენებული დადგენილების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. იმავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდებოდა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების ამოქმედებისთანავე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება. აღნიშნული ბრძანება ძალაში იყო 2005 წლის 20 ოქტომბრიდან. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო შექმნილი იყო “სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე და თავის საქმიანობას ახორციელებდა ამ კანონითა და დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში. არ არსებობდა რაიმე კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლითაც სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო უნდა განხილულიყო ლიკვიდირებული პირის _ “....” უფლებამონაცვლედ. “....” ლიკვიდაციის შემდგომ, მისი უფლება-მოვალეობანი არ გადასცემია სხვა პირს, ანუ ხსენებული სააგენტო არ წარმოადგენდა მის სამართალმემკვიდრეს. ანალოგიურ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოპასუხედ ცნო არა სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, არამედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მასვე დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის ანაზღაურება, რაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 9 ოქტომბერს დაუშვებლად მიიჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგებლის ავტორმა მოითხოვა არ ყოფილიყო ცნობილი მოპასუხე მხარედ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო და ამ ნაწილში, უსაფუძვლობის მოტივით, უარი თქმოდა მოსარჩელე ბ. ნ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ბ. ნ-ემ კიდევ ერთი სასარჩელო განცხადება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და დამატებით მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების გამო 2 თვის კომპენსაციის _ 230 ლარის ოდენობით მის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ბ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა შესაგებელი და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა მოსარჩელე ბ. ნ-ის სასარჩელო განცხადებას და მიაჩნდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა “....” და მოპასუხე უნდა ყოფილიყო ის ორგანო, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, უნდა ამორიცხულიყო მოპასუხეთა სიიდან. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის მარეგულირებელი სპეციალური ნორმა _ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი, “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლები და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი. იმჟამად აღნიშნული საკითხი რეგულირებული იყო “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით _ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად გათვალისწინებული იყო 140519,8 ათასი ლარი. შესაგებლის ავტორმა მოითხოვა მოსარჩელისთვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 292,75 ლარისა და სამსახურიდან გათავისუფლების გამო, 2 თვის კომპენსაციის _ 230 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის ¹179 ბრძანებულებით დამტკიცდა “საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება”. “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხსენებული დებულების თანახმად, “....” ფინანსური რესურსების წყარო იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹483 ბრძანებულებით საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 აგვისტოს ¹690 ბრძანებულებით. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹122 დადგენილებით დამტკიცდა “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს დებულება”. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹122 დადგენილება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹1-1/1057 ბრძანებით დამტკიცდა “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება”. სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო სსიპ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენდა. სადავო არ იყო, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტთან (“....”), რომლის ბაზაზეც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹483 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 22 ივნისის ¹01/351 ცნობაზე, რომლის მიხედვით, ბ. ნ-ის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენდა 292,75 ლარს.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის შენახვა ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. სახელფასო დავალიანების წარმოშობის საფუძველი იყო ის, რომ 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ დაფინანსდა “....”, შესაბამისი წლების ბიუჯეტის კანონებით გათვალისწინებული ოდენობით. საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. “....” მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეფარა 1998-2000 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბ. ნ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქმეში წარმოდგენილი მასალები და “ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი გამორიცხავდა მოპასუხე სსიპ _ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელე ბ. ნ-ის სასარგებლოდ დავალიანების დაკისრებას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, “საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონზე, “საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენდა კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ასევე უნდა ანაზღაურებოდა ორი თვის თანამდებობრივი სარგო სამსახურიდან გათავისუფლების გამო. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას, მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლეოდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. “საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენდა კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ რაიმე ნორმატიული აქტით არ იყო განსაზღვრული, რომ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო წარმოადგენდა ლიკვიდირებული “საქსტანდარტის” უფლებამონაცვლეს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს და იგი უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ლიკვიდაციაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილებით. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართლზომიერად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი. სასამართლომ არ იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლებით (რაც ამჟამად რეგულირებულია “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლით) და გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, რაც სამართლის ნორმების დარღვევაა და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება არ შეესაბამება კანონმდებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დარღვეულია სამართლის ნორმები და გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 16 ოქტომბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.