ბს-861-828 (კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ.-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ბ.-მ 2007 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ 1998-2000 წლების დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 1351,51 ლარის ანაზღაურება.
სფ. 3-ზე წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 20 სექტემბერს გაცემული ¹3-11/6942 ცნობის თანახმად ლ. ბ.-ის მიმართ არსებული დავალიანება, მათ შორის ხელფასი, კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარება შეადგენს 1351,51 ლარს; აქედან 1998 წლის ხელფასი- 125,64 ლარი, კვების კომპენსაცია- 188,80 ლარი, ჯილდო -64,09 ლარი, მატერიალური დახმარება- 36,53 ლარი, სულ 415,06 ლარი, 1999 წლის ხელფასი- 211,63 ლარი, კვების კომპენსაცია -284,87 ლარი, ჯილდო -143,78 ლარი, მატერიალური დაახმარება -44,01 ლარი, სულ 684, 29 ლარი, 2000 წლის ხელფასი- 80,73 ლარი, კვების კომპენსაცია -96,17 ლარი, ჯილდო- 75, 26 ლარი, სულ 252, 16 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, ასევე ამავე კანონის 37-ე მუხლი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი, რადგან ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული 2007 წლის 20 სექტემბრის ¹3-11/6942 ცნობა ვალდებულების აღიარებად, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას; მას ინფორმაციული ხასიათი აქვს. კერძოდ, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლ. ბ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 569,84 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. ბ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 569,84 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ლ. ბ.-ის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარების და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ლ. ბ.-სათვის კვების კომპენსაციის _ 569,84 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ლ. ბ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 569,84 ლარის დაკისრების კანონიერების საკითხი.
სფ. 3-ზე წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 20 სექტემბერს გაცემული ¹3-11/6942 ცნობის თანახმად ლ. ბ.-ის მიმართ არსებული დავალიანება, მათ შორის ხელფასი, კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარება შეადგენს 1351,51 ლარს; აქედან 1998 წლის ხელფასი- 125,64 ლარი, კვების კომპენსაცია- 188,80 ლარი, ჯილდო -64,09 ლარი, მატერიალური დახმარება- 36,53 ლარი, სულ 415,06 ლარი, 1999 წლის ხელფასი- 211,63 ლარი, კვების კომპენსაცია -284,87 ლარი, ჯილდო -143,78 ლარი, მატერიალური დაახმარება -44,01 ლარი, სულ 684, 29 ლარი, 2000 წლის ხელფასი- 80,73 ლარი, კვების კომპენსაცია -96,17 ლარი, ჯილდო- 75, 26 ლარი, სულ 252, 16 ლარი.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სფ. 3-ზე წარმოდგენილ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 20 სექტემბერს გაცემულ ¹3-11/6942 ცნობას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ბ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის _ 569,84 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის ოქტომბერში, ე.წ. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლ. ბ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 569,84 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს ლ. ბ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 569,84 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლ. ბ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 418,00 ლარის, მატერიალური დახმარების 80,54 ლარის და ჯილდოს 283,13 ლარის დაკისრების ნაწილში;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.