¹ბს-862-824(კ-07) 24 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა ი. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 30 აგვისტოს ი. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹262პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ი. ც-ე მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ..... პატრულ-ინსპექტორად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მან და მისმა მეწყვილემ ოპერატიული მანქანა გააჩერეს და დააფიქსირეს დგომა ბენზინგასამართ სადგურთან. ამ პერიოდში ავტომანქანაში აანთეს შუქი და დაიწყეს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის სახელზე შეტყობინების შევსება. დაახლოებით 04 საათსა და 40 წუთზე, შეამჩნიეს აღმოსავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანა, რომელსაც ბორტის ნომერი არ ჰქონდა და რომელმაც გაჩერების გარეშე გაიარა მათი დგომის ადგილი. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ იმავე მანქანამ დასავლეთის მიმართულებით გაიარა და არც ამჯერად გაჩერებულა. აღნიშნულ დროს მოსარჩელე იჯდა საჭის მარჯვენა მხარეს და აგრძელებდა შეტყობინების შევსებას.
მეორე დღეს მოსარჩელეს მიმართა აპარატის თანამშრომელმა დ. წ-ამ და განუმარტა, რომ წინა დღეს მან და სამორიგეო ნაწილის უფროსმა დააფიქსირეს მოსარჩელის ძილის ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამის შემდეგ ყოველგვარი გაფრთხილებისა და მასალების გაცნობის გარეშე, მოსარჩელე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, რაც, მისი აზრით, უკანონოა (ს.ფ. 1-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოპასუხის სიიდან ამოირიცხა და საქმეში ჩაერთო მესამე პირად (ს.ფ. 72).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹262 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით 49,19 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:
სასამართლოს განმარტებით, ი. ც-ე, დისციპლინური სასჯელის გათვალისწინებით, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა და საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის “თ” პუნქტის საფუძველზე სწორად იქნა დათხოვნილი შს ორგანოებიდან. სასამართლოს შეფასებით, სადავო აქტი კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობები. სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტი გამოიცა ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე (ს.ფ. 110-115).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ იზიარებდა მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე იყო მიღებული, ასევე სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 52.2 მუხლები, 53-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილები, 95.2 , 96.1, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლები, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის “ა” პუნქტი, 79-ე მუხლის “გ” პუნქტი, 99-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილები (ს.ფ. 127-131).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 11.2 “დ” მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება პოლიციის თანამშრომლებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს განმარტებით, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30.3 “თ” მუხლით სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი – შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელების შეფარდების და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდება. წესდების მე-7 მუხლით განისაზღვრა თანამშრომელთა წახალისებაზე წარდგენისა და წახალისების წესი. აპელანტის მოსაზრება კი მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით არ ექვემდებარება გაზიარებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად (ს.ფ. 148-153).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹262 პ/შ ბრძანება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ი. ც-ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომა არ დასტურდება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა კანონიერია (ს.ფ.161-169).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საკასაციო საჩივარში არასწორი განჩინების გამოტანა არ არის დასაბუთებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ირაკლი ცხადაძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.