¹ბს-863-825(კ-07) 9 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი/მ “....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი/მ ,,....” წარმომადგენლებმა ი. ნ-მა და ლ. ტ-მა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის მაისამდე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ი/მ ,,...”, რომელსაც 2001 წლის მაისში შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ი/მ ,,...”. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა პურის ცხობა. ი/მ ,,....” მიიღო კასპის რაიონული საგადასახდო ინსპექციის 21.04.04წ ¹50 და ¹57 შეტყობინებები, რომელთა თანახმად, ი/მ ,,....” და ი/მ ,,...” სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელმწიფო ფონდების დავალიანებად ერიცხებოდათ შესაბაისად 34 600 ლარი და 32 800 ლარი, სულ 69 400 ლარი, საიდანაც დღგ-ს ძირითადი გადასახადი შეადგენს 19 100 ლარს, საურავი 13 000 ლარს. დავალიანება წარმოიშვა ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლების გაუქმებით, კერძოდ, კასპის რაიონული საგადასახადო ინსპექციის 26.02.02წ. წერილით ი/მ ,,....” გაუუქმდა შემდეგი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებულ დღგ-ს ჩათვლა: 01.01.01წ ¹აა-99-0107100- თანხით 2880 ლარი, 07.02.01წ. ¹აა-99-133683 თანხით 2700 ლარი, 22.03.01წ. ¹აა-99-133688 თანხით 3150 ლარი, 04.05.01წ. ¹აა-99-133695 თანხით 1575 ლარი, 20.04.01წ. ¹აა-99-133700 თანხით 1575 ლარი, სულ 13455 ლარის ოდენობით. ი/მ ,,....” გაუუქმდა შემდეგი ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული დღგ-ს ჩათვლები: 03.10.01წ. ¹აა-49-000634 თანხით 2167 ლარი, 14.09.01წ. ¹აა-49-000173 თანხით 1800 ლარი, 04.10.03წ. ¹აა-36-0012637 თანხით 1530 ლარი, 04.08.02წ ¹აა-79-001324 თანხით 1250 ლარი, 06.10.02წ. ¹აა-08-160810 თანხით 1225 ლარი, 31.10.02წ. ¹აა-03-169763 თანხით 1533 ლარი, 02.07.02წ. ¹აა-03-140250 თანხით 1250 ლარი, 14.01.03წ. ¹აა-03-174342 თანხით 1533 ლარი, სულ საერთო ჯამში 12 488 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებზე გადახდილი იქნა დღგ-ს თანხა, საგადასახადო ორგანოს დროულად წარედგინა შესაბამისი დეკლარაცია. ჩოხატაურის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ცნობის თანახმად, ი/მ ,,.....” 2001 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ბიუჯეტის სასარგებლოდ დავალიანება არ ერიცხებოდა და მის მიერ გამოწერილი ზემოაღნიშნული ყველა ანგარიშ-ფაქტურების მე-4 პირი გაგზავნილი იყო საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურში. გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ცნობით შპს ,,....” მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ¹აა-36-012637 დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დასაბეგრ ბრუნვაში ასახული იყო 2003 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ცნობით ი/მ ,,....” 21.05.03წ. მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ერიცხება. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ გაუუქმა 12 288 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლა, ხოლო საგადასახადო ორგანოს შეტყობინებაში მითითებული იყო 19 100 ლარი. გაურკვეველი იყო 6 812 ლარის ოდენობით დავალიანების წარმომავლობა. გორის რაიონული სასამართლოს 12.04.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კასპის რაიონული საგადასახადო ინსპექციის 21.04.04წ. ¹50 და ¹57 შეტყობინებები, გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც ი/მ ,,...” და ი/მ ,,....” გადახდილად ჩაეთვლებოდა 32 600 ლარის ოდენობით დღგ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.07წ. გადაწყვეტიებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 12.04.05წ გადაწყვეტილება გაუქმდა, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი/მ ,,....” აღუდგა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხე საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოწინააღმდეგე მხარისათვის შეტყობინებების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმარ უნდა გავრცელებულიყო 1997 წ. საგადასახადო კოდექსი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მყიდველის, ი/მ ,,....” და ი/მ ,,....” მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა და მიმწოდებლისათვის დღგ-ს თანხის გადახდა არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის საკმარის პირობას. დღგ-ს ჩათვლისათვის აუცილებელი იყო ასევე გამყიდველის მიერ მისი სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პროდუქციის მიმწოდებელს, ი/მ ,,....” 2001-2002 წწ. მდგომარეობით დღგ-ის დავალიანება არ გააჩნდა. მიღებული დღგ-ს ყველა ანგარიშ-ფაქტურა წარდგენილი ჰქონდა რაიონის საგადასახადო ინსპექციაში, რაც ასევე წარდგენილი იყო რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტში. გორის საგადასახადო ინსპექციის 16.02.04წ. ¹05-40/370 ცნობის თანახმად, შპს ,,....” მიერ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ¹აა-36 012637 თანხით 1530 ლარი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შპს ,,....” დღგ-ს დავალიანება არ გააჩნდა. დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 21.07.03წ ¹03-08/92 ცნობის თანახმად, ი/მ ,,....” წარდგენილი გაანგარიშების საფუძველზე 21.07.03წ. მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ერიცხებოდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოში მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის ფაქტს აპელანტი სადავოდ არ ხდიდა. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია 23 268 ლარის დღგ-ს ჩათვლის გაუქმება. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით პროდუქციის მომწოდებლების მიერ სადავო თანხის ბიუჯეტში გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.07წ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბიუჯეტში თანხა ჩარიცხულად ითვლება, თუ ის ასახვას ჰპოვებს ეროვნული ბანკის მიერ გახსნილ სახაზინო ანგარიშზე. წინააღმდეგ შემთხვევასი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დღგ-ს ჩათვლების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების ტოლფასია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის იმ თანხებზე ჩათვლის განხორციელებას, რომლებიც არ მოხვედრილა სახელმწიფო ბიუჯეტის ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე. კასატორის განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარის მითითება იმ ფაქტზე, რომ მომწოდებლებს წარდგენილი აქვთ დღგ-ს დეკლარაციები შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში, არ ნიშნავს, რომ მომწოდებელმა გადაიხადა ამ დეკლარაციაში დარიცხული დღგ-ს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში და შეასრულა საგადასახადო ვალდებულებები. კასატორი თვლის, რომ საქმეში დაცული საგადასახადო ინსპექციიდან გაცემული ცნობები არ არის საკმარისი საფუძველი დღგ-ს თანხის ჩათვლისათვის, ვინაიდან აღნიშნული ცნობით არ დასტურდება (თანდართული არ აქვს გადასახადის გადახდის ქვითრები) დღგ-ს თანხის საქართველოს ბიუჯეტის ეროვნული ბანკის სახაზინო ანგარიშზე ასახვა და ის ვერ ჩაითვლება გადასახადის გადამხდელისათვის კანონიერი ნდობის საფუძვლად. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს 18.10.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.