Facebook Twitter

¹ბს-863-830(კ-08) 16 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 22 ოქტომბერს ნ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1995 წლიდან მუშაობდა ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მედდად, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა 2007 წლის სექტემბერში დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. სამსახურში მუშაობის დროს მოსარჩელეს მიუღებელი დარჩა _ ხელფასი _ 266,56 ლარი, კვების კომპენსაცია _ 487,87 ლარი, ჯილდო _ 192,99 ლარი და მატერიალური დახმარება _ 64,52 ლარი, სულ ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 998,94 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 998,94 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 998,94 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ი 1995 წლიდან 2001 წლის 17 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მედდად. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 30 ნოემბრის ¹3-11/9406 ცნობის მიხედვით, ნ. ჩ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა 1998-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანება 998,94 ლარის ოდენობით, მათ შორის, ხელფასის სახით _ 266,56 ლარი, კვების კომპენსაციის სახით _ 474,87 ლარი, ჯილდოს სახით _ 192,99 ლარი და მატერიალური დახმარების სახით _ 64,52 ლარი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტზე, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 37-ე მუხლზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებოდა დავალიანება 998,94 ლარის ოდენობით, რომელიც წლების მიხედვით, მოიცავდა, როგორც ხელფასის, ისე მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და კვების კომპენსაციის თანხებს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ნ. ჩ-ის სასარგებლოდ არსებული სახელფასო დავალიანების _ 524,07 ლარის (ხელფასი _ 266,56 ლარი, ჯილდო _ 192,99 ლარი და მატერიალური დახმარება _ 64,52 ლარი) გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მე-8 თავის მე-6 პუნქტზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ პუნქტსა (1997 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედებული რედაქცია) და მე-4 პუნქტზე, ასევე ამ კანონის გარდამავალი ნორმის შემცველ 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას), რომელიც სპეციალური დათქმის მიხედვით, არ მოიცავდა საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას. სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არ მოიცავდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სასურსათო ულუფისა (კვების) და ფორმის ტანსაცმლის შესაბამის ფულად კომპენსაციას, რომლებიც არ იყო სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელი კომპონენტი და წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღებ ფულადი კომპენსაციის სახეებს. შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი ამ სახის კომპენსაციებზე არ ვრცელდებოდა. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 16 ივლისის ¹3-11/4828 და 2007 წლის 8 ნოემბრის ¹3-11/8713 ცნობებით არ დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის _ 474,87 ლარის დავალიანების აღიარების ფაქტი. აღნიშნული ცნობა ატარებდა საინფორმაციო ხასიათს და მოწმობდა არა მოპასუხის მიერ კვების კომპენსაციის თანხის _ 474,87 ლარის დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს მიუღებელი სასურსათო ულუფის (კვების) ფულადი კომპენსაციით შეცვლის შემთხვევაში. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა კვების კომპენსაციის თანხის გაცემის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი. სასარჩელო მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის _ 474,87 ლარის ანაზღაურების ნაწილში იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ მითითებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის 22 ოქტომბერს, დავალიანების წარმოშობიდან თითქმის 9 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ, როცა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი იყო სამწლიანი ვადა. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის შესაბამისად, სახელფასო დავალიანების (ხელფასი _ 266,56 ლარი, ჯილდო _ 192,99 ლარი, მატერიალური დახმარება _ 64,52 ლარი) ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს. ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. ხელფასის გაცემა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომლის მოთხოვნაზეც ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადები. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. როგორც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ირკვევა, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მათ ,,დანამატის” სტატუსი არა აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. სარჩელი მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი და 105-ე მუხლი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 16 ოქტომბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.