Facebook Twitter

¹ბს-864-826(კ-07) 19 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,პ.-ის» დირექტორის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 ოქტომბერს შპს ,,პ.-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და შპს ,,ძ.-ის» მიმართ საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ შპს ,,პ.-ს» საკუთრების უფლებით ერიცხებოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ში ბათუმი-სარფის მაგისტრალის მარცხენა მხარეს 4400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდეგ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში, იგი შეტანილ იქნა შპს ,,ძ.-ის» საწესდებო კაპიტალში და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამავე საზოგადოების საკუთრებაში. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიწის მართვის ადგილობრივი სამსახურის 2006 წლის 18 სექტემბრის წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას საფუძვლად დაედო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001 წლის 22 ნოემბრის ¹120 დადგენილება ,,სარფი-ბათუმის» მაგისტრალის გზის გასწვრივ განლაგებული ზოგიერთი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციის შესახებ». მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001 წლის 22 ნოემბრის ¹120 დადგენილება ითვალისწინებდა მხოლოდ სარფი-ბათუმის გზის გასწვრივ განლაგებული უსახური შენობა-ნაგებებობის ლიკვიდაციას და ის არ ითვალისწინებდა შპს ,,პ.-ის» საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების გაუქმებას. სადავო მიწის ნაკვეთზე ისე გაუქმდა მისი საკუთრების უფლება, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ...-ში მდებარე 4400 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს ,,ძ.-ის» საკუთრებაში აღრიცხვის ბათილად ცნობას და იმავე სამსახურისათვის დავალდებულებას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მომხდარიყო შპს ,,პ.-ის» საკუთრების უფლება აღდგენა.

მოპასუხეება სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,პ.-ის» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,პ.-მა».

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით შპს ,,პ.-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2001 წელს ფლობდა 4400 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მაგარამ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2002 წლის დადგენილებით მას ლიკვიდირებული ქონების საკომპენსაციოდ გადაეცა 1041 კვ.მ. ფართი, ხოლო ბათუმის მერიის 2004 წლის 23 აპრილის განკარგულებით გადაეცა 1319 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ლერმონტოვის ქუჩაზე. ამდენად, მოსარჩელეს 4400 კვ.მ. ნაკვეთის სანაცვლოდ მიეცა 1319 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სააპელაცო სასამართლოს მითითებით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» კანონის (სარჩელის შეტანის დროს არსებული რედაქციით) მე-2 მუხლის ,,რ» პუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი საბუთი არის კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს 4400 კვ.მ. მიწის გამოყოფის არც ადმინისტრაციული აქტი და არც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული დოკუმენტი. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად კი, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,პ.-მ».

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 150-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც: ,,ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადაგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომელიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს». კონკრეტულ საქმეზე უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ შპს ,,პ.-მ» 1999 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო მიწის ნაკვეთი; ამის შემდეგ ამ მიწაზე აშენდა შენობა-ნაგებობები, რომლის ლიკვიდაცია ანუ დანგრევა მოხდა სასამართლოს მიერ მითითებული დადგენილებით. სააპელაციო სასამართლოს ლოგიკით კი, შენობა-ნაგებობების დანგრევა ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელემ დაკარგა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, რომლის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი საბუთი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას და შეწყვეტას; ამ მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ გააკეთა დასკვნა, თითქოს კონკრეტულ შემთხვევაში აღარ არსებობს 4400 კვ.მ. მიწის გამომყოფი არც ადმინისტრაციულ აქტი და არც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული დოკუმენტი». თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 4400 კვ.მ. მოსარჩელეს საკუთრებაში მიღებული აქვს 1999 წლის 18 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით ეს ხელშეკრულება დღემდე ძალაშია და ამდენად, ის უფლების დამადსტურებელი დოკუმეტი, რომლითაც შპს ,,პ.-მ» მოიპოვა საკუთრების უფლება 4400 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, დღემდე ძალაშია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,პ.-ის» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად შპს ,,პ.-ის» საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს ,,პ.-ის» საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს ,,პ.-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,პ.-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%» აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,პ.-ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას შპს ,,პ.-ს» საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. შპს ,,პ.-ს» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773078, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.