¹ბს-865-827(კ-07) 4 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. მ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. მ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:
საქმის გარემოებები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.02.04წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიას, როგორც საწარმოო ტრავმაში ბრალეული საწარმოს შპს “...-ის” სამართალმემკვიდრეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს, მიუღებელი და არასწორად დარიცხვის შედეგად წარმოშობილი 4,505 ლარის დავალიანებისა და მკურნალობის თანხის ნაწილის - 930 ლარის, სულ 5,435 ლარის გადახდა, ხოლო 100 ლარის ყოველთვიური სარჩოს დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის” 23-ე პუნქტის თანახმად, იურიდიული პირების გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებული იყო დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად მიეცა კომპენსაცია. მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა, მოპასუხეს არც ერთდროული საკომპენსაციო თანხა გადაუხდია და არც ყოველთვიური სარჩოს გაცემა განუახლებია.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა - ქ. ბათუმის მერიას სარჩოს ანაზღაურების თაობაზე, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ქ. ბათუმის მერია 100 ლარის ყოველთვიური სარჩოს გადახდის გადაწყვეტილებას მიიღებდა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. მოსარჩელის განმარტებით, იგი არ იყო წინააღმდეგი ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად მიეღო ერთდროული კომპენსაცია, მაგრამ დადგენილი არ იყო ერთდროული კომპენსაციის გაანგარიშების წესი.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 2004 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის” შესაბამისად, მათ შორის, დღემდე გადაუხდელი თანხის ერთდროულად, მორალური ზიანის - 200 ლარის და რწმუნებულის მომსახურებისათვის - 300 ლარის გადახდა. მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2006 წლის 10 ივნისს შეტანილი დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხე - ქ. ბათუმის მერიას ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად დაკისრებოდა 46800 ლარის ერთდროული საკომპენსაციო თანხის, ასევე მორალური ზიანის სახით 2000 ლარისა და ადვოკატის მომსახურების - 1992 ლარის გადახდა /იხ.ს.ფ. 1/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
1979 წელს ნ. მ.-მ შპს “...-ში” მუშაობისას მიიღო საწარმოო ტრავმა და დაიზიანა თვალი. სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნის შესაბამისად, მას დაუდგინდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა შრომის უნარის 50%-ის დაკარგვით, რის საფუძველზეც დაენიშნა ყოველთვიური სარჩო ფულადი სახით, რომელსაც ღებულობდა 1995 წლამდე. შპს “...-ის” ლიკვიდაციის შემდეგ მოსარჩელეს არ მიუღია ყოველთვიური სარჩო იმ ოდენობით, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულება, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ამავე ბრძანებულების ძალაში შესვლიდან, ანუ 2001 წლის 1 იანვრიდან, 23 თვის განსხვავების, 805 ლარის, 2001 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 სექტემბრამდე - 3200 ლარის, მკურნალობის ხარჯების - 1200 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის და ასევე, ყოველთვიური სარჩოს - 100 ლარის გადახდის გაგრძელება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელე ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სხვაობის და დავალიანების - 4,505 ლარის, ასევე მკურნალობის ხარჯების - 930 ლარის, სულ - 5,435 ლარის გადახდა, ხოლო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის” 23-ე მუხლი და განმარტა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის ან გაკოტრების შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებული იყო, დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად მიეცა კომპენსაცია ფულადი სახით ორგანიზაციის ქონებიდან. შპს “...-ის” ლიკვიდაცია განხორციელდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 19 ოქტომბრის ¹91 დადგენილებით, ხოლო აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 11 ნოემბრის ¹5/108 ბრძანებით შეიქმნა შპს “...-ის” სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საწარმოს ბალანსზე რიცხული საშუალებების რეალიზაცია და შემოსული თანხებით არსებული დავალიანებების დაფარვა. სწორედ აღნიშნულ სალიკვიდაციო კომისიას უნდა ეწარმოებინა ქონების რეალიზაციით შემოსული თანხებიდან ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად, საკომპენსაციო თანხის გაცემა ნ. მ.-ზე. შემდგომში აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდა ქ. ბათუმის მერია, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო საკომპენსაციო თანხის დაკისრების საფუძველი, რამდენადაც ქ. ბათუმის მერიას შპს “...-ის” ქონება არ გადასცემია და შესაბამისად, აღნიშნული ქონებიდან ვერ განახორციელებდა თანხის გადახდას. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულების 23-ე მუხლი კი იმპერატიულად ადგენდა, რომ საკომპენსაციო თანხის გაცემა საწარმოს ლიკვიდაციის დროს უნდა მომხდარიყო ორგანიზაციის ქონებიდან, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიისთვის თანხების დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 88-93/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იყო პროცესუალური დარღვევებით, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის” 23-ე მუხლი, როცა მიუთითა ამავე ნორმის იმპერატიულობაზე, რომ საწარმოს ლიკვიდაციის დროს საკომპენსაციო თანხის გაცემა უნდა მომხდარიყო ორგანიზაციის ქონებიდან. აღნიშნული უნდა მოეხდინა ბრალეული საწარმოს სალიკვიდაციო კომისიას, რომელიც შეიქმნა აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებით და რომლის უფლებამონაცვლეც იყო ქ. ბათუმის მერია. ამავე დროს, მოსარჩელეს აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების 23-ე მუხლის მიხედვით, ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად ერთდროული საკომპენსაციო თანხის გაანგარიშების წესი კანონით არ იყო დადგენილი, რის გამოც მას მიეცემოდა ყოველთვიური სარჩო ლიკვიდირებული ორგანიზაციის სამართალმემკვიდრის მიერ.
აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული დავა უნდა მოწესრიგებულიყო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის” 42-ე ან 421-ე პუნქტებით. სარჩოს დანიშვნაზე მოსარჩელის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი იყო სწორედ 42-ე პუნქტი და იქვე აღინიშნა, რომ აპელანტი თანახმა იყო, სარჩოს ნაცვლად საკომპენსაციო თანხის მიღებაზე, 23-ე პუნქტის მიხედვით /იხ.ს.ფ. 99-101/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიას, როგორც შპს “...-ის” სამართალმემკვიდრეს, ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სხვაობის და დავალიანების - 4,505 ლარის, ასევე მკურნალობის ხარჯის - 930 ლარის გადახდა. ყოველთვიური სარჩოს დაკისრების ნაწილში ნ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულება გაუქმდა, რომლის სანაცვლოდ მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება ¹53, რომლითაც დამტკიცდა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი”. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული წესის 2.2 მუხლის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული ყოველთვიური ზიანის ანაზღაურების სარჩოს ნაცვლად მიეცა ერთჯერადი კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების სარჩოს მიმღებთან შეთანხმებით. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩო დანიშნული არ ჰქონდა, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ყოველთვიური სარჩოს - 100 ლარის მერიაზე დაკისრების შესახებ, ასეთ შემთხვევაში კი აღარ არსებობდა ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლები და განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ეს ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საწარმოო ტრავმა მიიღო შპს “...-ში”. ბათუმის მერიას არ მიუყენებია ზიანი მოსარჩელისათვის, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მის მიმართ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული /იხ.ს.ფ.152-154/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმის მასალებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, როცა მიუთითა, რომ აღნიშნული წესის 2.2 მუხლის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, შრომითი მოვალეობის შესრულებისას, “მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული ყოველთვიური ზიანის ანაზღაურების სარჩოს ნაცვლად მიეცა ერთჯერადი კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების სარჩოს მიმღებთან შეთანხმებით. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩო დანიშნული არ ჰქონდა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ყოველთვიური სარჩოს _ 100 ლარის მერიაზე დაკისრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობდა ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერია გარკვეული პერიოდის განმავლობაში იხდიდა სარჩოს, ხოლო შემდეგ შეაჩერა მისი გადახდა. კასატორის აზრით, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 თებერვლის სასამართლო მასალების გამოთხოვა და შესწავლა.
კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, რამდენადაც საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე /იხ.ს.ფ. 184-186/.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩო დანიშნული არ ჰქონდა, კერძოდ მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ყოველთვიური სარჩოს - 100 ლარის მერიაზე დაკისრების შესახებ, ასეთ შემთხვევაში კი აღარ არსებობდა ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის” 23-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის ან გაკოტრების შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებული იყო, დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად მიეცა კომპენსაცია ფულადი სახით ორგანიზაციის ქონებიდან. შპს “...-ის” ლიკვიდაცია განხორციელდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 19 ოქტომბრის ¹91 დადგენილებით. აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 11 ნოემბრის ¹5/108 ბრძანებით შეიქმნა შპს “...-ის” სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საწარმოს ბალანსზე რიცხული საშუალებების რეალიზაცია და შემოსული თანხებით არსებული დავალიანებების დაფარვა. აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს ქ. ბათუმის მერია, ამდენად სასამართლოს დასკვნა, რომ ქ. ბათუმის მერია არ წარმოადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც უნდა აუნაზღაუროს ნ. მ.-ს ზიანი, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 Yთებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოსა და სხვაობის, ასევე მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ხოლო ნ. მ.-ის მოთხოვნა ყოველთვიური სარჩოს 100 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ იყო განსაზღვრული სარჩოს ანაზღაურების წესი.
საააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები და სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის მიერ შესრულებულ იქნა თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 Yთებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულება ნ. მ.-ის სასარგებლოდ, და რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვების შედეგად სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ დავალიანების ანაზღაურებით ქ. ბათუმის მერიამ აღიარა თუ არა ფაქტობრივად მოსარჩელის წინაშე ვალდებულება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, იმ პირობებში, თუ სალიკვიდაციო კომისია არ განახორციელებდა ლიკვიდირებული საწარმოს ქონებიდან საწარმოს დავალიანების დაფარვას კრედიტორთა წინაშე, აღნიშნული არის თუ არა საკმარისი საფუძველი იმ გარემოების დადგენისათვის, რომ ქ. ბათუმის მერია, რომელიც სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლეა, აღარ წარმოადგენს ვალდებულ პირს მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში. აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” 42-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეირგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლე ორგანიზაცია არ არსებობს, ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინებით გაიცემა ტერიტორიული ერთეულების გამგეობების (მერიების) სოციალური დახმარების სამსახურის მეშვეობით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად, კერძოდ ს.ფ. 52-ე მდებარე წერილს არ მისცა სამართლებრივი შეფასება, რომლის თანახმად ნ. მ.-ს აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრომ 2002 წელს აცნობა, რომ საკომპენსაციო თანხის გაცემა ნ. მ.-ზე შპს “...” ლიკვიდაციისას უნდა აწარმოოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ დანიშნულმა სალიკვიდაციო კომისიამ. აღნიშნულ წერილს სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ნ. მ.-ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9.1. მუხლის საფუძველზე წარმოეშვა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოსგან კანონიერი ნდობა, რომ მის მიმართ არსებული დავალიანება იქნებოდა გაცემული.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები და სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს 2004 წლის 5 თებერვალს ნ. მ.-ის მიერ აღძრული სარჩელის საქმის მასალები და მათი შეფასების და გამოკვლევის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა, იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე ნ. მ.-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, რამდენადაც სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება/ შედგება, როგორც სამართლებრივი, აგრეთვე ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტკიცდა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი”, რომლის 2.2 მუხლის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული ყოველთვიური ზიანის ანაზღაურების სარჩოს ნაცვლად მიეცა ერთჯერადი კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების სარჩოს მიმღებთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტკიცდა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი” რომლის 2.1 მუხლის თანახმად, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული “ზიანის ანაზღაურების სარჩო” ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე წესის მე-3 პუნქტის თანახმად კი დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება დანიშნული “ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს” გაცემის ვალდებულება.
საკასაციო სასამარლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულბის ქ. ბათუმის მერიასათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ბათუმის მერიას არ მიუყენებია ზიანი მოსარჩელისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.