¹ბს-866-828(კ-07) 7 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) _ ვ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ხ. ქ-ე
მოპასუხეები _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გონიოს თემის საკრებულო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 16 ნოემბრის ¹5 ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 11 ოქტომბერს ხ. ქ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს მიმართ (ს.ფ.1).
ხ. ქ-ემ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის ¹5 ოქმის ბათილად ცნობა და გონიოს თემის საკრებულოს დავალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ხ. ქ-ის სარჩელი ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს მიმართ, განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ.3).
2006 წლის 10 ნოემბერს ხ. ქ-ემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოსა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ (ს.ფ.6-9).
მოსარჩელემ განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლისა და 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებების საფუძველზე 2005 წლის 28 მარტსა და 2006 წლის 1 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლები, რომელთა მიხედვითაც, გონიოს თემის საკრებულოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სააღსრულებო ბიუროს დაევალათ სრულყოფილად აღესრულებინათ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, ვ. ჩ-თვის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, სოფელ ....-ში მაღაზიის ზემოთ ფერდობზე არსებული ციტრუსების ნაკვეთის ხარჯზე.
მოსარჩელის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დასახელებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, აღნიშნულ საქმეზე მოიძია გონიოს თემის საკრებულოში არსებული სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის ¹5 ოქმი, რომლითაც აღსრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 8 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის განჩინებები და შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული გამგეობის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის განმარტებით, დასახელებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, 2006 წლის 18 სექტემბერს მიმართა გონიოს თემის საკრებულოს. ვ. ჩ-თვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხთან ერთად უნდა განხილულიყო მოსარჩელისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხიც. ვ. ჩ-ს გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოეყო მოსარჩელის მამაპაპისეული საკარმიდამოსა და საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი. გონიოს თემის საკრებულომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან ცალკე კომლად იყო გამოყოფილი და მისი კომლი შედგებოდა 7 წევრისაგან, მაშინ როცა, ვ. ჩ-ი ცალკე კომლად იყო გამოყოფილი 1996 წლიდან და მისი კომლი შედგებოდა ერთი წევრისაგან.
მოსარჩელის განმარტებით, გონიოს თემის საკრებულომ 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ს გამოუყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ .....-ში, მაღაზიის ზევით ფერდობზე არსებული სარეფორმო მიწების ფონდში რიცხული ციტრუსის ნაკვეთის ხარჯზე. საკრებულოს ხსენებულ სხდომაზე მიწვეული იყო მხოლოდ ვ. ჩ-ი და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მხოლოდ მის მიმართ აღსრულდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის სარეფორმო კომისიამ ვ. ჩ-ზე მიწის ნაკვეთის მისაზომად შეადგინა ახალი მიზომვითი ნახაზი, რომელიც განსხვავდებოდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2003 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმებული 2001 წლის 22 ივლისის მიზომვის აქტისგან. თუმცა, მიზომვა ისე განხორციელდა, როგორც ეს მოცემული იყო 2001 წლის 22 ივლისის გაუქმებულ აქტში.
მოსარჩელემ განმარტა, რომ გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის 2003 წლის 10 დეკემბრის ¹18 გადაწყვეტილებით გაუქმდა სოფელ ....-ში მცხოვრებ ვ. ჩ-თვის სოფელ .....-ში, მაღაზიის ზემოთ არსებული მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილება და მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა აღნიშნული საკითხის ხელმეორედ განხილვა. მიწის სარეფორმო კომისიამ დასახელებული საკითხის განხილვისას ვ. ჩ-ს გამოუყო მიწის იგივე ნაკვეთი, რაც მას ადრე ჰქონდა გამოყოფილი.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 18 სექტემბრის განაცხადზე მიწის სარეფორმო კომისიის მოწვევისა და მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, გონიოს თემის საკრებულომ 2006 წლის 22 სექტემბრის ¹235 წერილით აცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის თანდასწრებით, გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიამ ვ. ჩ-ს მიუზომა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც შეეხება მოთხოვნას ხ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, იგი დაკმაყოფილდებოდა მიწის რეფორმის დაწყების დროს.
მოსარჩელის განმარტებით, გონიოს თემის საკრებულოს მიერ 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების წესები, კერძოდ, მოსარჩელე არ იყო მიწვეული საკრებულოს გამგეობის სხდომაზე, არ განხილულა გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 10 დეკემბრის ¹18 გადაწყვეტილებით მოსარჩელეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის ოქმი ¹5-ის ბათილად ცნობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გონიოს თემის საკრებულოს დავალდებულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ხ. ქ-თვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ხ. ქ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და დაინიშნა განმწესრიგებელი სხდომა (ს.ფ.12).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით ხ. ქ-ის სარჩელი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე მუხლების შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული და მისი განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე (ს.ფ.48-50).
საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ვ. ჩ-მა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ სცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ.64,65).
შესაგებლის ავტორის განმარტებით, გონიოს თემის საკრებულომ უსაფუძვლოდ გააუქმა რა ხ. ქ-ის მიწის მფლობელობა, ამით გაუქმებულ იქნა ხ. ქ-ის კომლიც და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეიქმნა მ. ქ-ის უკანონო კომლი. .....-ს კოლმეურნეობის მიწების ზონარგაყრილ წიგნში სახელი ხ. შეცვალეს სახელი მ., რის შედეგადაც 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი დაეწერა მ. ქ-ეს. ჩადენილი სიყალბის შედეგად ხ. ქ-ე გამიზნულად აქციეს უმიწო კომლად.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, საფუძველს მოკლებული იყო ხ. ქ-ის მტკიცება იმის შესახებ, რომ რახან წლების განმავლობაში ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს, იგი უნდა გამხდარიყო მიწის მესაკუთრე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ხ. ქ-ეს უარი ეთქვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე.
შესაგებელში ვ. ჩ-მა მიუთითა, რომ გონიოს თემის საკრებულომ 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღასრულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოს თემის საკრებულოს დაევალა ვ. ჩ-თვის მიწის მიზომვის საკითხის განხილვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.88-93).
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჩ-ის სარჩელი და გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა ვ. ჩ-თვის 2004 წლის 16 ნოემბრის საოქმო დადგენილების შესაბამისად, სოფელ ....-ში, მაღაზიის ზემოთ ფერდობზე არსებული ციტრუსის ნაკვეთის ხარჯზე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვა და გამოყოფა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე, რომელზეც შედგენილ იქნა ¹5 ოქმი, ვ. ჩ-ზე მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან ერთად არ განიხილეს ხ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ამ ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად. უფრო მეტიც, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გონიოს თემის საკრებულოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სააღსრულებო ბიუროს დაევალათ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების სრულყოფილად შესრულება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ხ. ქ-ეს უარი ეთქვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე. მას განემარტა, რომ შეეძლო მიემართა მიწის ნაკვეთის მიღების თაობაზე გონიოს თემის მიწების სარეფორმო კომისიისათვის. საქმეში არსებული გონიოს თემის საკრებულოს 2006 წლის 22 სექტემბრის ¹235 წერილით ირკვეოდა, რომ ხ. ქ-ეს დაპირდნენ მიწის ნაკვეთის გამოყოფას მიწის რეფორმის დაწყებისთანავე. ამ დროისათვის აღნიშნული საკითხის განხილვა შეჩერებული იყო, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით განისაზღვრა მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც შეიძლებოდა ჩარიცხულიყო სარეფორმო ფონდში და დასამტკიცებლად წერედგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. ამ უკანასკნელს კი, ეს გადაწყვეტილება ჯერ დამტკიცებული არ ჰქონდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლისა და 2005 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებები, რომლებიც აღსრულდა და სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო ვ. ჩ-ს, კანონიერ ძალაში იყო შესული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებანი სავალდებულო იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებითვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულებულიყო.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნებოდა ცნობილი, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ იყო მიღებული კანონდარღვევის საფუძველზე და შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა წარმოადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის განკარგულება, რომლითაც ნაწილობრივ არარა ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად იქნა ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, გარდა შ. ჩ-ზე მიწის ნაკვეთის შევსებაზე უარის თქმის ნაწილისა (ს.ფ.120-139). დასახელებული განკარგულების საფუძველზე აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ აღარ არსებობდა დავის საგანი (ს.ფ.166).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ 2007 წლის 4 მაისის განკარგულება ეხებოდა გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 16 ნოემბრის ¹62 გადაწყვეტილებას, ხოლო დავის საგანი იყო გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის ¹5 ოქმის ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით ხ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და საქმე დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ.172,173).
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხ. ქ-ის სარჩელი გამომდინარეობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 23-ე მუხლებიდან და ასეთ შემთხვევაში იმავე კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეზე, სარჩელის დასაშვებობის საკითხის გასარკვევად, უნდა ჩატარებულიყო განმწესრიგებელი სხდომა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, მოწინააღმდეგე მხარისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1500-1500 ლარის ოდენობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა შ. ჩ-ზე გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2001 წლის 22 ივლისის საკარმიდამო მიწის მიზომვის აქტი. გონიოს თემის საკრებულოს დაევალა ვ. და შ. ჩ-ებზე მიწის მიზომვის საკითხის გადაწყვეტა; ხ. ქ-ეს განემარტა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიღებაზე უნდა მიემართა გონიოს თემის მიწის სარეფორმო კომისიისათვის, რომელსაც დაევალებოდა ხ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვა. მიწის ნაკვეთის მიზომვა არ განხორციელდა სწორად, რის გამოც მის მიერ სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ხსნებული გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, შევიდა კანონიერ ძალაში. გონიოს თემის საკრებულომ მას გამოუყო მიწის ნაკვეთი, რაც სათანადო წესით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება აღსრულდა კანონით დადგენილი წესით.
კასატორის მტკიცებით, სადავო მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით ხ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებას ამჯერად საფუძვლად დაუდო გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის ¹5 ოქმის ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება ხ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. 1992 წლის 18 იანვრის დადგენილებით თემის საკრებულოს ინდივიდუალურად მიწის ნაკვეთის მიკუთვნება აკრძალული აქვს. აღნიშნული ხორციელდება კომისიური წესით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა იგი, რაც ადასტურებს იმას, რომ ხ. ქ-ის სარჩელი დაუსაბუთებელია.
კასატორი მიუთითებს, რომ ხ. ქ-ის მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით მის მიერ გამოთხოვილ იქნა ცნობა ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, რომლის მიხედვითაც ხ. ქ-ე 1997 წლიდან 1999 წლამდე იყო 0,25 ჰა მიწის ფართობის მფლობელი. სახელმწიფოსგან მიწის თაღლითურად გამოძალვის მიზნით ძმებმა _ ა. და ხ. ქ-ებმა შექმნეს მ. ქ-ის ყალბი კომლი, რითაც ხ. ქ-ე დააფიქსირეს უმიწო კომლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ხ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის ოქმი ¹5-ის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ იმ მოტივით, რომ თითქოს აღნიშნული აქტის გამოცემით შეილახა მისი სამართლებრივი ინტერესები.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საააპელაციო საჩივარი განიხილა ერთპიროვნულად, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმები. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ხ. ქ-ის განცხადება იმავე სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლისა და 24 ივნისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა ხ. ქ-ის განცხადება დასახელებული გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერებაზე. ხ. ქ-ემ განცხადებას გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლად დაუდო გონიოს თემის საკრებულოს 2004 წლის 16 ნოემბრის საოქმო დადგენილება სოფელ .....-ში, მაღაზიის ზემოთ ფერდობზე არსებული ციტრუსების ნაკვეთის ხარჯზე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ვ. ჩ-თვის გამოყოფის შესახებ. ზემოაღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხ. ქ-ის სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება _ მიკერძოებული და კანონის დარღვევით მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 5 დეკემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე 2008 წლის 7 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2007 წლის 24 ივლისის განჩინებას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის დასაშვებობის სტადიიდან იმავე სასამართლოში დაბრუნების შესახებ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სარჩელი გამომდინარეობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე მუხლებიდან და ასეთ შემთხვევაში, იმავე კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეზე, სარჩელის დასაშვებობის საკითხის გასარკვევად, უნდა ჩატარებულიყო განმწესრიგებელი სხდომა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ხ. ქ-ის სარჩელი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და გონიოს თემის საკრებულოს მიმართ წარმოებაში იქნა მიღებული და განმწესრიგებელი სხდომა დაინიშნა 2006 წლის 27 ნოემბერს (ს.ფ. 12). ხელვაჩურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომა მოსარჩელის წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო სხვა დროისათვის (ს.ფ.35). საქმეში წარმოდგენილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განმწესრიგებელი სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მხარეთა მონაწილეობით განიხილა ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხი (ს.ფ.48-51).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოცემულ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა არ ჩაუტარებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა წარმოება სასამართლოში ხორციელდება საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. იმავე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სწორად არ იმსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული 2007 წლის 28 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, თვითონვე შეუძლია გადაწყვიტოს ხ. ქ-ის სარჩელის დასაშვებობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო, კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხ. ქ-თვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის მიხედვით, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.