Facebook Twitter

¹ბს-867-830(კ-06) 24 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 2 აგვისტოს ჯ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის დევნილი აფხაზეთიდან და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, ოჯახით (სხვა თანამოსახლეებთან ერთად) ცხოვრობს დევნილის სტატუსით. იგი მონაწილეობდა სოხუმში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, რა დროსაც მიიღო საბრძოლო ტრავმა. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი უკვე 13 წელია არ არის საქართველოს მფლობელობაში, არასდროს მოუთხოვია სახელისუფლო ორგანოებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების მიღება. მოსარჩელის განმარტებით, მას არასდროს შეპარვია ეჭვი, რომ შიძლებოდა არ აღმოჩენილიყო მებრძოლთა სიებში, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული იყო შესაბამისი ცნობა და საბრძოლო მოკვლევა. მიუხედავად ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წერილობით აცნობა, რომ მის შესახებ არ მოეპოვებოდა ინფორმაცია. ასევე განუმარტეს, რომ ნაწილი სიებისა აფხაზეთში, უკან დახევის პერიოდში, ადგილზევე დაიწვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. გ-ემ მოითხოვა ქმედების განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც გამოიხატება ჯ. გ-ის აფხაზეთის საომარ მოქმედებებში მონაწილედ აღიარებასა და შესაბამისი მოწმობის გაცემაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ჯ. გ-ე ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილედ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ჯ. გ-ზე აღნიშნულის შესახებ ცნობის გაცემა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. გ-ე არის დევნილი აფხაზეთიდან და მე-2 ჯგუფის ინვალიდი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის კომისარიატის 1999 წლის 15 ივნისის ¹586 საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ჯ. გ-ე 1993 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ასეულში რიგით მსროლელად და იმავე წლის 27 სექტემბრამდე იცავდა ქ. სოხუმის ტერიტორიას, რაც ასევე დადასტურებულია 2005 წლის 7 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული საბრძოლო მოკვლევით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის 2001 წლის 5 აპრილის ¹107/5/114 ცნობის შესაბამისად, ჯ. გ-ე 1993 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა სამხედრო კომენდატურის სამსახურში და იგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად ითვლება საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ა/რ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემულია არაერთი ცნობა ჯ. გ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილედ აღიარების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს უარი განმეორებით ასეთივე აქტის გამოცემაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის უკანონო, რადგან უარის თქმის უფლება არსებობს იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი იქნება წინარე აქტის სიყალბე სისხლის სამართალწარმოების წესით, რაც უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებს პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს და დადგენილად მიიჩნია ჯ. გ-ის მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, რაც, სააპელაციო სასამართლოს აზრით, წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჯ. გ-ის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები არ მოიპოვება, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ცნობის გაცემა საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ა/რ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემულ სხვა ცნობაზე, სადაც აღნიშნულია მოსარჩელის სხვა სამსახური – სამხედრო კომენდატურა სადაც სამსახურის პერიოდი იგივეა, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ა/რ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის 1999 წლის 15 ივნისის ¹586 საბრძოლო მოკვლევაშია მითითებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთა მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.