ბს-86-81(კ-07) 23 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ .. ..
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა .. ..-ის თავმჯდომარე ნ. ა-მ მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება თბილისის ...ის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის რვათვენახევრით გაგრძელების თაობაზე, რაზედაც გამოცემული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
2001 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა .. .. . ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა თბილისში, ...ის ¹14-ში განთავსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა. მომზადდა სათანადო დოკუმენტაცია, დაიდო ხელშეკრულება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე ამხანაგობასა და შპს “დ...ს” შორის. თბილისის არქმშენინსპექციამ 2003 წლის 24 ივნისს შპს “დ...ზე” გასცა მშენებლობის წარმოების ნებართვა ¹..., ხოლო 2003 წლის 27 ივნისს ...მა გასცა ¹... მშენებლობის ნებართვა 2004 წლის 31 დეკემბრამდე ვადით, რის საფუძველზეც დაიწყო მშენებლობა.
2004 წლის 13 აპრილს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და .. ..-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული აქტების: თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გამოცემული ბრძანებისა და მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ შეტანილი სარჩელის გამო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე შეჩერდა მშენებლობის ნებართვის მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ .. ..-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. ...ის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹... მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. აღნიშნულ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს გაშვებული ჰქონდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ აქტის გამოცემის ვადის დარღვევა განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს უარი აქტის გამოცემაზე (ს.ფ. 1-4).
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილება და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹140-ე დადგენილების მე-18 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ვადის გაგრძელებისა და შესაბამისი ნებართვის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება (ს.ფ. 143-144).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით .. ..-ის თავმჯდომარე ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა .. ..-თვის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის უარი აქტის გამოცემაზე უკანონოა და იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის ¹140-ე დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის მესამე ეტაპით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები, რომლებსაც აწარმოებს ადმინისტრაციული ორგანო. მესამე სტადია განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც სრულდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია კრებსითი საექსპერტო დასკვნის შეჩერებისა და შემდგომ გაუქმების გამო ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერების შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მშენებლობის ვადის გაგრძელება. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა და საქმეში არსებული მასალებითაც დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვის შეჩერების საფუძველი გახდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. აღნიშნული დასტურდებოდა საქმეში არსებული ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის ¹16 ბრძანებით, რომლითაც შეჩერდა 2003 წლის 27 ივნისის ¹... მშენებლობის ნებართვის მოქმედება მშენებლობის ნოლი ციკლის შემდგომი სამუშაოების ჩატარების ნაწილში. ამ ბრძანებას საფუძვლად დაედო შპს “სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს მიერ” ¹სე-81 კრებსითი საექსპერტო დასკვნის მოქმედების შეჩერება. თავის მხრივ, ექსპერტიზის დასკვნის შეჩერების მიზეზი გახდა სასამართლო დავის მიმდინარეობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე აღარ არსებობდა ნებართვის შეჩერების საფუძველი (ს.ფ. 146-150).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ ისე დაავალა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომ არ უმსჯელია მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნის კანონიერებაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი. ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ შეთანხმებული პროექტი შეუსაბამობაში იყო თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების “თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების წესების შესახებ” მოთხოვნებთან, რადგან დარღვეული იყო განაშენიანებისა და ინტენსივობის კოეფიციენტი. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ ტერიტორიის ფუნქციური ზონირების განსაზღვრისათვის 2003 წლის 15 სექტემბრის ¹372 დასკვნაში მითითებული შენიშვნის მიხედვით, ოქროყანის ქ. ¹14 არსებული ტერიტორია წარმოადგენდა დაცვის ზონას. გეგმარებითი შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო მაქსიმალური სიმაღლის გადაჭარბება შეთანხმებული ქალაქგეგმარებითი პროექტისა და სპეციალური “ზონალური ნებართვის” გარეშე. ამავე დასკვნის მიხედვით, ტერიტორია წარმოადგენდა დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას (ს.ფ. 153-154).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და .. ..-ის” სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
საქალაქო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რამდენად დასაშვები იყო მოსარჩელის მოთხოვნა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს (მოპასუხეს) ადმინისტრაციული აქტის გაცემის მოთხოვნით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბუთებით ირკვეოდა, რომ მან მიმართა ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ორჯერ, რათა ამ უკანასკნელს გაეგრძელებინა ქ. ...ის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹... მშენებლობის ნებართვის ვადა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.4 მუხლის შესაბამისად, თუ ზემდგომი სასამართლო გამოავლენს საქმის შეწყვეტის საფუძვლებს (სარჩელის დაუშვებლობის გამო), მაშინ იგი ვალდებულია საქმე განსახილველად დაუბრუნოს განსჯად სასამართლოს, ანუ მოცემულ შემთხვევაში საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამ უკანასკნელმა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა განიხილოს (შეამოწმოს) ხსნებული სარჩელის დასაშვებობის საკითხი (ს.ფ. 169-174).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა .. ..-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
ქ. თბილისის ...ის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹... მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 18 თვით, 2004 წლის 31 დეკემბრის ვადით. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ 2004 წლის 14 აპრილს შეტანილი სარჩელის გამო ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე შეჩერდა მშენებლობის ნებართვის მოქმედება. აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ .. ..-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისის ...ის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹... მშენებლობის გაგრძელება, არაბრალეულად დაუმთავრებელი ნაგებობისათვის, რაც უნდა შესრულებულიყო ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით. ვინაიდან აღნიშნულ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია, ამხანაგობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, სადაც სასამართლო სხდომაზე ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლის თანხმობით, დააზუსტა სარჩელის საფუძველი და მოითხოვა ახალი ნებართვის გაცემა 2005 წლის 11 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ¹140 დადგენილების 18.2 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის მესამე ეტაპით დადგენილი წესით. სწორედ ეს მუხლი დაედო საფუძვლად ამხანაგობის დაზუსტებულ სარჩელს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სრულიად უდავოა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის სრული იგნორირებით, ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ვადების დარღვევით, მშენებლობის ნებართვის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს (ს.ფ. 178-184).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ .. ..-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, .. ..-ის სარჩელის მოთხოვნას თავდაპირველად წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის ვადის რვათვენახევრით გაგრძელება და აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტ. 2, ს.ფ. 3). საქალაქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას სარჩელის მოთხოვნა ფორმულირებული იყო როგორც მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება და აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტ.2, ს.ფ. 130-131). საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე .. ..-ის საბოლოო მოთხოვნად მითითებულია მშენებლობის ვადის გაგრძელება და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის ¹140-ე დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის შესაბამისი ნებართვის გამოცემის დავალება (ტომი 2, ს.ფ. 143).
სააპელაციო სასამართლომ .. ..-ის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლად მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სარჩელი დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად ხელახლა დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისადმი წარდგენილი განცხადებებით მოსარჩელე ითხოვდა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებას და არა ადმინისტრაციული აქტის გამოცემას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, რაზედაც არც ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი უარი არსებობდა.
“მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება არ იცნობს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების ცნებას. იმ შემთხვევაში, თუკი გაცემული მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში მშენებლობა ვერ დასრულდა, აღნიშნული დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია ნებართვის მფლობელზე ახალი ნებართვის გაცემა აღნიშნული დადგენილების შესაბამისად. ამდენად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემთხვევაში აღნიშნული ნებართვის ვადაში დაუსრულებელი მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელია ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის გზით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივი საფუძველია სწორედ ის გარემოება, რომ .. ..-მა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადაში ვერ მოასწრო მშენებლობის დასრულება და სჭირდება ნებართვა მშენებლობის გასაგრძელებლად. სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლი, რომელიც მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს ახალი ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელე სინამდვილეში თავიდანვე ითხოვდა მშენებლობის გასაგრძელებლად ახალი ნებართვის გაცემას სწორედ აღნიშნული მე-18 მუხლის შესაბამისად, მაგრამ ასეთი ახალი ნებართვის გაცემას უწოდებდა ნებართვის ვადის გაგრძელებას, რაც საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაასწორა. სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეს მიმართული აქვს მოპასუხისადმი განცხადებებით, რომელთა შინაარსიდან სრულიად გარკვევით დგინდება, რომ განმცხადებლის მიზანია მშენებლობის გასაგრძელებლად და დასამთავრებლად ნებართვის მიღება, რამდენადაც გაცემული ნებართვის ვადაში ვერ მოასწრო მშენებლობის დამთავრება (ტ.2, ს.ფ. 5-7, 12). აღნიშნული განცხადებების თანახმად განცხადებლის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება, თუმცა აღნიშნულ განცხადებებშიც ნაცვლად მშენებლობის დასასრულებლად ნებართვის გაცემისა, განმცხადებელი იყენებს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების ცნებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადებები უნდა შეფასდეს მათი შინაარსის მიხედვით და განხილულ იქნეს როგორც “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნა, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, მითითებული ნორმა მშენებლობის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს ახალი ნებართვის გაცემის მეშვეობით.
დადგენილია, რომ .. ..-ის ზემოაღნიშნულ განცხადებებზე მოპასუხეს პასუხი არ გაუცია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მოსარჩელის მიმართვის საქმეში არსებობა განიხილება როგორც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი სავალდებულო პირობის _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობა _ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რის გამოც არ არსებობს ამ საფუძვლით სარჩელის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საჭიროება. ამდენად, კასატორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დავის არსებითად გადაწყვეტის გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურად შეუძლებელია, ვინაიდან საქმეზე ჯერ არ არსებობს არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საკასაციო სასამართლო მის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს წყვეტს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდგომ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. .. ..-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.