Facebook Twitter

ბს-86-86(კ-08) 16 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 7 ნოემბერს შ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის საფინანსო განყოფილების მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2002 წლის 7 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ¹127 განკარგულების შესაბამისად, გამოეყო 26840 ლარი, ხოლო ჟ. ბ-ეს –

7733 ლარი, სულ _ 34573 ლარი.

აღნიშნული თანხა ეტაპობრივად გაიცა ორივე მხარის მიერ ნდობით აღჭურვილი პირის მიერ. გამოყოფილი 34573 ლარიდან ჟ. ბ-ეს მიღებული აქვს მთლიანი თანხა _ 7733 ლარი, ხოლო მოსარჩელეს - 26840 ლარი და ასაღები დარჩა - 1806 ლარი, რაც დღემდე არ მიუღია.

ამასთან, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. მეჯინისწყალში მოქ. გ. თ-ან 20048 ლარად (9300 აშშ დოლარის ეკვივალენტი) შეუძინეს საცხოვრებელი სახლი 2000 კვ.მ მიწის ფართობით, ხოლო 2100 აშშ დოლარის ეკვივალენტი 4 252 ლარი კი გადასცეს სახლის შესაკეთებლად, ე.ი. ხელზე მიღებული აქვს 24573 ლარი და არა 26840 ლარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2267 ლარის ანაზღაურება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 აპრილის განჩინებით საქმეში თანამონაწილედ ჩაება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილების ნაცვლად საქმეში მოპასუხედ დაშვებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსთა და ეკონომიკის სამსახური, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ნაცვლად _ თანამოპასუხედ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მოპასუხემ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსთა და ეკონომიკის სამსახურს შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1806 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2002 წლის 7 ოქტომბრის @¹127 განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოდან თანხის მიღებამდე, ხელვაჩაურის რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლის შესაძენად შ. ბ-ეს გამოეყო 26 840 ლარი. აღნიშნული თანხით შ. ბ-ეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყლის ტერიტორიაზე შეუძინეს საცხოვრებელი სახლი 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად, ხოლო შემდგომ, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობის უზრუნველყოფისათვის, გადაეცა თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით.

ვინაიდან, იმ პერიოდისათვის ზემოხსენებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ შ. ბ-ის, როგორც უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქისათვის, შეძენილი ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული რაიონის გამგეობის მიერ განხორციელდა (შეძენილ იქნა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად) და აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოტივით თანხის მოთხოვნა.

ამასთან, აღნიშნული თანხის გამოყოფის წინაპირობად მიჩნეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დაპირება, რომ ის (რაიონის ბიუჯეტიდან) გადმორიცხავდა იმ თანხას, რაც საჭირო იყო შ. ბ-ის საცხოვრისით დაკმაყოფილებისათვის. აღნიშნული დასტურდება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 7 ოქტომბრის ¹127 განკარგულების პირველი ნაწილის შემდგომი ციტატითაც - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოდან თანხის მიღებამდე რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების შესაძენად შ. ბ-ეს მიეცეს” და ა.შ.

იმ პერიოდიდან მიმდინარე პერიოდამდე რაიონის გამგეობის მიერ მოქალაქე შ. ბ-ზე გაცემული თანხა მინისტრთა საბჭოდან, ზემოაღნიშნული მოტივით, რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში არ იქნა გადარიცხული. ფაქტობრივად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დაპირების საფუძველზე გასცა რაიონის გამგეობამ თანხა და როგორც აღინიშნა, მისი კომპენსირება არ განხორციელებულა.

რაც შეეხება რაიონული სასამართლოს მითითებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) პირველი ნაწილის დებულებაზე, რომლის შესაბამისადაც: ,,ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი”, აპელანტის განმარტებით, არამართებულია, ვინაიდან დადგენილია, რომ იმ პერიოდისათვის შ. ბ-ის თხოვნა იყო საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება (ამას არ უარყოფს თავად მოსარჩელეც) და არა თანხის გამოყოფა. უდავოა ისიც, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრისით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მიწის ფართობთან ერთად, დაკმაყოფილებულია. ფაქტობრივად, მისი მიზანი და კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, დაკმაყოფილებულია, ამდენად, გამგეობის იმ მოქმედებებზე, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის შესრულებას, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. ამ შემთხვევაში არსებითი იყო მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და მას გამგეობის მიმართ სწორედ ამ მიზნით გააჩნდა კანონიერი ნდობა, ხოლო თუ რა საშუალებებით და რა შესაძლებლობებზე დაყრდნობით განახორციელებდა აღნიშნულს გამგეობა, ეს მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა და მის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესის წარმოშობა უმოტივაციო და უსაფუძვლო იქნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პერიოდისათვის შ. ბ-ის კანონიერი ნდობა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლებთან მიმართებაში მისი მოთხოვნის უფლების წარმოშობა სამართლებრივად უსაფუძვლოა.

აპელანტის მითითებით, როგორც აღინიშნა, შ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის შესაძენად თანხის განკარგვა განხორციელდა რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან; იმ დროისათვის მოქმედი - ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” – საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (საბიუჯეტო პროცესი) მე-6 ნაწილის შესაბამისად, ,,საბიუჯეტო (საფინანსო) წელი საქართველოს ტერიტორიაზე შეესაბამება კალენდარულ წელს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). აღნიშნულის გათვალისწინებით, შ. ბ-ზე საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოყოფილი თანხა წარმოადგენს იმ წლის (2002 წ.) ადგილობრივი ბიუჯეტის ვალდებულებას, რომელი წლის ბიუჯეტიდანაც განხორციელდა აღნიშნული თანხის გამოყოფა. შემდგომ წლებში, ვინაიდან თანხის გამოყოფის მიზანი გახლდათ მოსარჩელე შ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის შეძენა და აღნიშნული რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებულ იქნა და შესაბამისად, დარჩენილი (სადავო) თანხა, როგორც წინა წლის დავალიანების სახით, არ იქნა გათვალისწინებული შემდგომი წლის ბიუჯეტებში (მსჯელობა არის ხუთი კალენდარული წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე 2003 წლიდან 2007 წლის ჩათვლით), რადგანაც იმ პერიოდისათვის, ფაქტობრივად, შ. ბ-ის თხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვალა. მიმდინარე პერიოდისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცებულია და ყველა საბიუჯეტო ხარჯი მუხლობრივად გაწერილია, ამასთან ერთად, ვინაიდან იმ წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ვალდებულებას წარმოადგენდა აღნიშნული მოთხოვნა, შესაბამისად იმ პერიოდის ბიუჯეტიდან უნდა განხორციელებულიყო მისი დაკმაყოფილება და შემდგომ წლებზე არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამოყოფილი თანხიდან შ. ბ-ეს შედარებით იაფად შეუძინეს სახლი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000 კვ.მ ფართობთან ერთად, სახლის მოსაწყობად მიეცა 2000 აშშ დოლარი და დარჩენილი თანხა დატოვეს ბიუჯეტში, ვინაიდან ასეთი მოქმედება ეწინააღმდგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა შ. ბ-ეს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ფაქტობრივად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 1 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.