Facebook Twitter

¹ბს-868-830(კ-07) 13 თებერვალი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ბ-ემ 31.05.06წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 18.05.06წ. ¹16 დადგენილების შეჩერება და ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 18.05.06წ. ¹16 დადგენილებით დაევალა ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹7-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მოშლა საკუთარი ძალებითა და ხარჯებით 15 დღის ვადაში. ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹2 კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან _ რ. ბ-გან, რომელიც 28.06.04წ. გარდაიცვალა. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველი იყო მოპასუხის მიერ 05.05.06წ. მიღებული ,,კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე” ¹14 დადგენილების შეუსრულებლობა, რომელშიც ,,დამკვეთად” არასწორად იყო მოხსენიებული მოსარჩელე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მშენებლობა განხორციელდა მისი აწ გარდაცვლილი მამის _ რ. ბ-ის მიერ 2002-2004 წლებში (გარდაცვალებამდე) ქ. ბათუმში, ...... ქუჩის ¹7-ში მოქალაქე რ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტის შესაბამისად, რომელიც გაცემულია შპს ,,ა-ის” მიერ 2002 წელს.

მოსარჩელის მითითებით, მშენებლობა მიმდინარეობდა ჩვეულებრივი წესით, ღიად და გამჭვირვალედ, კანონიერი გზით შეძენილი სამშენებლო მასალების გამოყენებით, არც ერთ ორგანოს მშენებლობის მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს. მამის გარდაცვალებისა და სახლთმფლობელობაზე მესაკუთრის შეცვლის შემდეგ, ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივმა სამსახურმა დაავალა მოსარჩელეს მშენებლობის შეჩერება, როცა იგი უკვე დამთავრებული იყო ჯერ კიდევ მოსარჩელის მამის სიცოცხლეში, ხოლო გასაჩივრებული დადგენილებით დაევალა კოლონების მოშლა და მშენებლობის ნებართვის აღება ქ. ბათუმის მერიიდან. წარმოდგენილი პროექტითა და გეგმანახაზით დგინდებოდა, რომ მოშლას დაქვემდებარებული კოლონები წარმოადგენდა მეორე სართულზე არსებული ოთახების საყრდენს და მისი მოშლის შედეგად საფრთხე ექმნებოდა ამ ფართის სიმტკიცეს, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, დაუშვებელი იყო, რადგან ამის შედეგად დაზიანდებოდა არა მარტო მისი, არამედ სხვა საცხოვრებელი ფართიც, რაც გამოიწვევდა სავალალო შედეგს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.11.06წ. გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 18.05.06წ. ¹16 დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მისი გაუქმება და ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 18.05.06წ. ¹16 დადგენილების კანონიერად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.11.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმში, ..... ქუჩის ¹7 მდებარე ბინა ¹2 კანონიერი მემკვიდრეობის უფლებით მიღებული აქვთ ან. და ამ. ბ-ებს. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 18.05.06წ. დადგენილებით, ა. ბ-ეს დაევალა პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის, ზემოაღნიშნული მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, საკუთარი ძალებითა და ხარჯებით მოშლა 15 დღის ვადაში, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ” და ,,ე “ ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის თანახმად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილებაში აღნიშნული პროექტის დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას ადგილი არ ჰქონია, რადგან გაცემულია ამ სახლის რეკონსტრუქციის პროექტი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “მშენებლობის ნებართვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა შენობა-ნაგებობების, მათ შორის _ ფასადის, ყველა სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, არსებული გაბარიტების ფარგლებში.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 20.08.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ბ-თვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არქიტექტურული სამშენებლო პროექტი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო შესაბამის ორგანოსთან და არა საპროექტო ორგანიზაციასთან, კერძოდ, 2002 წელს სამშენებლო საქმიანობა რეგულირდებოდა ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის მე-3 მუხლის თანახმად: ,,არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა”. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, “არქიტექტურულ პროექტს შეითანხმებს და ობიექტის მშენებლობის ნებართვას გასცემს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით”. ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹7-ში სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისათვის როგორც აწ გარდაცვლილ ა. ბ-ის მამას, რ. ბ-ეს, ისე ა. ბ-ეს არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა მშენებლობის განხორციელებისათვის, რის გამოც ქ. ბათუმში ..... ქ.@¹7-ში განხორციელებული მშენებლობა უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა სააპელაციო საჩივარში მითითებული კანონის ნორმები და შესაბამისად, არასწორად განმარტა იგი, როდესაც აღნიშნა, რომ არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული იყო საპროექტო ორგანიზაციასთან, ვინაიდან მშენებლობის განხორციელების კანონიერ საფუძველს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.09.07წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.9 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე მოსაზრება წარმოადგინეს ან. და ამ. ბ-ებმა, რომლებმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მიუთითა, რომ სადავო კოლონების მშენებლობა განხორციელდა 2002 წლის პროექტის საფუძველზე, განხორციელდა აგრეთვე შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელზედაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნებართვის გაცემის საჭიროებას. კოლონებმა შეცვალეს იმავე პარამეტრში ადრე არსებული, 120 წლის წინათ, სახლის მშენებლობისას გამოყენებული მეტალის ბოძები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად (სახლი მდებარეობს ზღვის პირას) იყო დაჟანგული და არსებობდა საშიშროება ამ ბოძების კოროზიის შედეგად საფრთხე შექმნოდა სახლის მეორე სართულს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის დასკვნის თანახმად ბოძების მოშლა გამოიწვევს არსებული სახლის დაშლა-დარღვევას, რითაც არსებითი ზიანი მიადგება მესაკუთრეს. მართალია არსებობდა მშენებლობის პროექტი, მაგრამ სადავო ფართზე მშენებლობა არ განხორციელებულა, ჩატარდა მხოლოდ შიდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაზედაც ნებართვის გაცემა კანონით გათვალისწინებული არ არის, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობას. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად არქიტექტურული საქმიანობა არის არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმიერების, შენობა-ნაგებობის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმოწერა, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა, ხოლო “მშენებლობის ნებართვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად მშენებლობა არის შენობა-ნაგებობის აგების პროცესი, რომელიც მოიცავს სამშენებლო სამუშაოებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.