¹ბს-869-831(კ-07) 5 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,გ.-ის» დირექტორის - მ. ა.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,გ.-ის» ფართიდან გამოსახლების მოთხოვნით.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹27-ში მდებარე 115 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს იჯარის უფლებით ფლობს შპს «გ.-ი", რაზედაც გაფორმებული იყო შესაბამისი საჯარო ხელშეკრულება ¹899 (22.10.98წ.). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1998 წლის 20 ოქტომბრიდან 2005 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდი. მოსარჩელის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, მხარეებს შორის გაფორმებული საჯარო ხელშეკრულების ვადა დასრულდა, რის თაობაზეც ეცნობა შპს «გ.-ს" 2005 წლის 8 დეკემბრის ¹2185 წერილით და ეთხოვა ფართის გამოთავისუფლება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.
სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქირავნობის ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე შპს «გ.-ის" ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹27-ში მდებარე 115 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებას.
შპს «გ.-ის" დირექტორმა ს. ა.-მ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოპასუხისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს «გ.-ი" გამოსახლდა ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹27-ში მდებარე 115 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან და გამოთავისუფლებული ფართი ჩაჰბარდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიულ სამსახურს.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 1998 წლის 22 ოქტომბრის ¹889 საჯარო ხელშეკრულების 1.2 შესაბამისად, მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 1998 წლის 20 ოქტომბრიდან 2005 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, იჯარით გადაცემული ქონება რჩებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო საჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იჯარით გადაცემული ქონება უბრუნდებოდა მეიჯარეს სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის არსებობდეს ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები. ამავე კოდექსის 559-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «გ.-ის" დირექტორმა ს. ა.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით შპს «გ.-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «გ.-სა" და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის 1998 წელს დაიდო ხელშეკრულება 2005 წლის 6 ოქტომბრამდე.
აღნიშნული ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, იჯარით გადაცემული ქონება რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იჯარით გაცემული ქონება უბრუნდება მეიჯარეს სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებობს ორი იჯარის ხელშეკრულება ¹871 და ¹899, რაც გამოწვეულია იმით, რომ თავდაპირველი ხელშეკრულება დაიდო 21 მაისს, მაგრამ შპს-ს გაყოფის გამო, 22 ოქტომბერს დაიდო მეორე ხელშეკრულება; თუ რამდენად კანონიერად მოხდა აღნიშნული ან მოხდა თუ არა რეალურად, ეს არ არის მოცემული დავის საგანი. ასევე მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს იმის გარკვევა, სინამდვილეში, შპს «გ.-ს" სადავო ფართი შესყიდული აქვს თუ არა.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «გ.-ის" დირექტორმა ს. ა.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,გ.-ის» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად შპს ,,გ.-ის» საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 14 ნოემბერს შპს ,,გ.-მა» მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს ,,გ.-ის» საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს ,,გ.-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,გ.-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%» აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,გ.-ის" საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას შპს ,,გ.-ს» საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. შპს ,,გ.-ს» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773078, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220101222.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.