¹ბს-869-832(კ-06) 4 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მესამე პირი _ სს “..... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ანაბრის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 ივნისს ნ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და შემნახველ სალაროში შეტანილი ანაბრის დაბრუნება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 1984 წელს მისმა აწ გარდაცვლილმა მეუღლემ შემნახველ სალაროში შეიტანა 2500 მანეთი, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის 9000 აშშ დოლარს შეადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შემნახველ სალაროში შეტანილი ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად სს “.... ბანკი” ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ა-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებად აღიარებულ იქნა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციაზე წარმოქმნილი დავალიანება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ვალის გადახდა ,,მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების შესაბამისად, რაც იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა განსაზღვრულიყო ყოველწლიურად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასიგნებათა გამოყოფის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულება და შეიქმნა ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების შემმუშავებელი კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების შემდგომი დაბრუნების პროცესის კომპლექსური მოწესრიგების შესახებ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის შემუშავება. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ნოემბრის ¹539 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულება და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც განიხილავდა ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად აღიარებულ სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის, ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის მიერ ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის საკითხს, შეიმუშავებდა მათი გადაჭრის რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებების მისაღებად წარუდგენდა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის ანაბრებზე ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება, ანუ ანაბრებზე რიცხული ფულადი თანხების დაბრუნების ვალდებულება მთლიანად იკისრა სახელმწიფომ, რომლის დაბრუნების მექანიზმი და წესი ჯერ შემუშავებული არ იყო, ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობდა სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაფარვის საკანონმდებლო საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება ნ. ა-ემ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 31 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 4 აპრილს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ა-ის აწ გარდაცვლილმა მეუღლე ნ. ა-ემ 1984 წლის 12 იანვარს შემნახველ სალაროში 2500 მანეთი შეიტანა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ანაბარზე ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება დღეისათვის 9000 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილების თანახმად, “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია და ხსენებული კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის ¹87 დადგენილებით აღნიშნული კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 31 დეკემბრამდე, “საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹232 დადგენილებით კი, ხსენებული კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ნოემბრის ¹108 დადგენილებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული კომისიის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია შეიმუშავებს “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს \და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსახლეობის ანაბრებზე ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანების შესაბამისი ფულადი თანხების დაბრუნება წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ ნორმატიული აქტი ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია თუ არა მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გადაწყდეს კანონის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.