¹ბს-871-833(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «ჯ.-ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 6 ივლისს შპს «ჯ.-მ» სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულებით დაკმაყოფილდა კომერციული ფირმა ,,ჯ.-ს" მოთხოვნა და მას ფირმის საქმიანობის გაფართოების მიზნით, გადაეცა ბათუმის ¹2 ... საწარმოს ფილიალის მიერ უკანონოდ დაკავებული 0,5 ჰა მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობები, რომლებიც, იმავე განკარგულების თანახმად, შესაბამისი პასპორტების შედგენის შემდეგ საკუთრების უფლებით უნდა გადაფორმებულიყო აღნიშნულ ფირმაზე, ასევე მასზე უნდა გადაფორმებულიყო მიწის ნაკვეთისა და შესაბამისი შენობა-ნაგებობების მიღება-ჩაბარების აქტები და უნდა მომხდარიყო საბალანსო ანგარიშსწორება დადგენილი წესით. ფირმა «ჯ.-ს» გადახდილი ჰქონდა შენობებისა და მიწის ნაკვეთის საბალანსო ღირებულება, რაც დასტურდებოდა შესაბამისი საბანკო ქვითრით, აშენებული ჰქონდა სასაწყობო მეურნეობა, სამრეცხაო და მაღაზიის შენობა, რაც, აგრეთვე, დასტურდებოდა სარჩელთან ერთად წარმოდგენილი საბუთებით. ფირმა «ჯ.-ს» თავისი ხარჯებით ჰქონდა ჩატარებული სარემონტო სამუშაოები. 1994 წლის 1 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც ფირმა «ჯ.-ა» ფლობდა აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს და წლების განმავლობაში, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრში არ იყო განხორციელებული სათანადო ჩანაწერები საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. კომერციული ფირმა «ჯ.-ა» იმჟამად უკვე არსებობდა შპს ,,ჯ.-ს" სახით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისთვის დავალება, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთი _ ბათუმის ¹2 ... საწარმო, მდებარე დაბა ხელვაჩაურში, ...-ის ქ. ¹11-ში, საკუთრების უფლებით გაფორმდებოდა შპს ,,ჯ.-ს" სახელზე, აგრეთვე _ აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მოპასუხეებისთვის დავალება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «ჯ.-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, ხელვაჩაურის რაიონში მდებარე უძრავი ნივთი _ ბათუმის ¹2 ... საწარმოს ფილიალის მიერ უკანონოდ დაკავებული 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით გაფორმდებოდა შპს ,,ჯ.-ს" სახელზე, აგრეთვე _ აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის შპს «ჯ.-ზე» გაცემა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულებით დაკმაყოფილდა კომერციული ფირმა ,,ჯ.-ს" მოთხოვნა და მას ფირმის საქმიანობის გაფართოების მიზნით, გადაეცა ბათუმის ¹2 ... საწარმოს ფილიალის მიერ უკანონოდ დაკავებული 0,5 ჰა მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობები. იმავე განკარგულების თანახმად, უნდა შემდგარიყო შესაბამისი პასპორტები და ხსენებული ქონება საკუთრებაში უნდა გადაფორმებულიყო ამ ფირმაზე, ასევე მასზე უნდა გადაფორმებულიყო მიწის ნაკვეთისა და შესაბამისი შენობა-ნაგებობების მიღება-ჩაბარების აქტები და უნდა მომხდარიყო საბალანსო ანგარიშსწორება დადგენილი წესით. ფირმა «ჯ.-ს» გადახდილი ჰქონდა ხსენებული შენობებისა და მიწის ნაკვეთის საბალანსო ღირებულება, რაც დასტურდებოდა შესაბამისი საბანკო ქვითრით. აღნიშნულის შემდეგ, 1994 წლის 1 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ხსენებული ფირმა ფლობდა აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს, სათანადო წესით ჰქონდა ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და წლების განმავლობაში, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრში არ იყო განხორციელებული სათანადო ჩანაწერები საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. კომერციული ფირმა «ჯ.-ა» იმჟამად უკვე არსებობდა შპს ,,ჯ.-ს" სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 313-ე მუხლის მიხედვით, თუ პირის სახელზე რეესტრში შეტანილი იყო ისეთი უფლება, რომელიც ამ პირს უკვე აღარ განეკუთვნებოდა, მაშინ პირს, რომლის უფლებები და სამართლებრივი მდგომარეობა შეილახა რეგისტრაციის შედეგად, შეეძლო მოეთხოვა თანხმობა ჩანაწერის შესწორებაზე იმ პირისათვის, რომლის უფლებასაც შეეხებოდა შესწორება. მფლობელის დასადგენად შეიძლებოდა საჩივრის შეტანა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის გამო და საჩივრის შეტანისას ივარაუდებოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს შესყიდული ჰქონდა აღნიშნული ქონება და მასში, მხარეთა შეთანხმებით, ჰქონდა გადახდილი 6185 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 2535850000 კუპონი. ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი იყო 1994 წლის 1 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისი საბანკო ქვითარი.
2005 წლის 2 სექტემბერს მ. ჯ.-მ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 1992 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან შეთანხმებით სოფელ ...-ში, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს ააშენა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც იმჟამადაც ფლობდა და იგი იყო მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ააშენა ოჯახის დანაზოგი თანხებით, საკუთრების დოკუმენტაციის მისაღებად კი ესაჭიროებოდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სახლს ფლობდა და განაგებდა, როგორც საკუთარს. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ იგი საკუთრების უფლებით ფლობდა და განაგებდა სოფელ ...-ში, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჯ.-ის მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე; დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ ერთსართულიანი შენობა, მდებარე სოფელ ...-ში, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, საკუთარი თანხებით ააშენა, ფლობდა და განაგებდა მ. ჯ.-ი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს «ჯ.-მ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მ. ჯ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით და უნდა გაუქმებულიყო. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო ადგენდა ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებული იყო მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. სასამართლო განიხილავდა საქმეებს საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის ფაქტის დადგენის შესახებ. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განმცხადებელს, ფაქტობრივად, მიაკუთვნა საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან უდავო წარმოების წესით სასამართლოს შეეძლო დაედგინა არა ნივთზე პირის საკუთრების უფლება, არამედ ის, რომ განმცხადებელს გააჩნდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დაიკარგა, ხოლო ჩანაწერები მარეგისტრირებელ ორგანოში გარკვეული მიზეზების გამო (ხანძარი, სტიქიური მოვლენები, საომარი მდგომარეობა და სხვა), განადგურდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება; დადგინდა საქმის თავიდან განხილვა სასარჩელო წესით; განმცხადებელ მ. ჯ.-ს განემარტა, რომ შეეძლო აღეძრა სარჩელი სადავო ქონების მესაკუთრის წინააღმდეგ კანონით დადგენილი წესით.
რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე განმცხადებელ შპს «ჯ.-ს» სახელზე რეგისტრირებულ იქნა უძრავი ქონება _ შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იმავე ქონებაზე, კერძოდ, ერთსართულიან შენობა-ნაგებობაზე დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომლის მიხედვითაც, მ. ჯ.-ს დაუდგინდა ხსენებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეეძლო დაედგინა არა ნივთზე პირის უშუალოდ საკუთრების უფლება, არამედ ის, რომ განმცხადებელს გააჩნდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც დაკარგა, ხოლო ჩანაწერები მარეგისტრირებელ ორგანოში გარკვეული მიზეზების გამო (ხანძარი, სტიქიური მოვლენები, საომარი მდგომარეობა და სხვა), განადგურდა.
2006 წლის 15 მარტს შპს «ა.-მ» განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
განმცხადებლის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შპს «ჯ.-ს» სარჩელი დაბა ხელვაჩაურში, ...-ის ქ. ¹11-ში მდებარე უძრავი ნივთის შპს ,,ჯ.-ს" სახელზე გადაფორმებისა და შესაბამისად, აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის შპს «ჯ.-ზე» გაცემის თაობაზე. აღნიშნული სარჩელისა და გადაწყვეტილების შესახებ შპს «ა.-სთვის» ცნობილი გახდა 2006 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა მის სახელზე, ხოლო ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი.
განმცხადებლის მტკიცებით, დაბა ხელვაჩაურში, ...-ის ქ. ¹11-ში მდებარე უძრავი ნივთები _ მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ირიცხებოდა შპს «ა.-ს» ბალანსზე, რაც უნდა სცოდნოდათ შპს «ჯ.-ს» სარჩელზე მოპასუხეებს _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს, ხოლო მათ შეგნებულად დამალეს ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები იყო შპს «ა.-ს» საკუთრება და შპს «ჯ.-სათვის» მისი გადაცემა იყო კანონის დარღვევა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაირღვა შპს «ა.-ს» უფლებები. უფრო მეტიც, სასამართლოს შპს «ა.-ო» საქმეში უნდა ჩაება ერთ-ერთ მხარედ ან მესამე პირად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის განჩინებით შპს «ა.-ს» განცხადება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგები და განახლდა საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით მ. ჯ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმეში იგი ჩაება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად.
2006 წლის 8 მაისს მ. ჯ.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულების ბათილად ცნობა, ხოლო შპს «ჯ.-ს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონის ყოფილი გამგებლის ნებართვით 1992 წელს სოფელ ...-ის ტერიტორიაზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს ააშენა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი საკუთარი სახსრებით, სადაც ცხოვრობდა მეუღლესთან და 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად. ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულებით დაკმაყოფილდა კომერციული ფირმა ,,ჯ.-ს" მოთხოვნა და ფირმის საქმიანობის გაფართოების მიზნით, მას გადაეცა ბათუმის ¹2 ... საწარმოს მიერ უკანონოდ დაკავებული 0,5 ჰა მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობები. აღნიშნული განკარგულებით, ფირმა «ჯ.-ს» გადაეცა სახელმწიფო საწარმოს ქონება შენობა-ნაგებობების სახით, 0,5 ჰა მიწის ფართობთან ერთად, აუქციონისა და კონკურსის გარეშე, რაც ამ ფირმაზე კანონით დადგენილი წესითაც არ გაფორმებულა და ვერც გაფორმდებოდა, რადგან სახელმწიფო საწარმოს ქონების გადაცემა მოხდა «საქართველოს რესპუბლიკაში საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის უხეში დარღვევით, რომლის თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება ხორციელდებოდა შესყიდვით, კონკურსის ან აუქციონის წესით. იმავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პრივატიზაციის შესახებ გარიგება ბათილი იყო, თუ უხეშად დაირღვა კონკურსის და აუქციონის ჩატარების წესი. აღნიშნული ქონება, ფაქტობრივად, არ გადასულა ფირმა ,,ჯ.-ს" მფლობელობაში. ამდენად, აღნიშნული სახელმწიფო ქონების გადაცემა მოხდა იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმების დაუცველად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად მოპასუხის მხარეზე ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში შპს «ჯ.-ს» სარჩელის გამო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს «ა.-ო».
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ჯ.-ს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ჯ.-ს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულებით ,,საქმშენტრანსის" ბათუმის ¹5 ავტოსატრანსპორტო საწარმოს სარგებლობაში არსებული ტერიტორიიდან 2,1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკავა ბათუმის ¹2 ... საწარმოს, აჭარის ტრანსააგენტოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს და ¹28 მოძრავ-მექანიზებულ კოლონას, გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განკარგულებაში. იმავე განკარგულებით, აღნიშნული 2,1 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს ,,ჯ.-ს", ხოლო აღნიშნულ 0,5 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ,,საქმშენტრანსის" ბათუმის ¹5 ... საწარმოს უნდა გადაეცა შპს ,,ჯ.-სთვის", შემდგომი ანგარიშსწორებით, შენობა-ნაგებობების საბალანსო ღირებულების მიხედვით. 1994 წლის 1 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით კომერციულ ფირმა ,,ჯ.-ს" გადაეცა ხელვაჩაურის რაიონში მდებარე ბათუმის ¹2 ...-ს საწარმოს ფილიალის კუთვნილი 576 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი, ღირებული 618,5 აშშ დოლარად, რაშიც კომერციული ფირმა ,,ჯ.-ს" მიერ გადახდილ იქნა 2535850000 კუპონი. შპს ,,ჯ.-ა" იყო კომერციული ფირმა ,,ჯ.-ს" უფლებამონაცვლე, ხოლო ბათუმის ¹2 ...-ს საწარმო _ სახაზინო საწარმო. სადავო ტერიტორიაზე მ. ჯ.-ს უკანონოდ ჰქონდა აშენებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობაში, ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანიზაციების კუთვნილი შენობებისა და სხვა ძირითადი საშუალებების გაყიდვა მოქალაქეებზე არ შეიძლებოდა. ამასთან, სახელმწიფო ქონების გადაცემის წესი განსაზღვრული იყო საქართველოს კანონმდებლობით. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს 1991 წლის კანონით განსაზღვრული იყო სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის პირობები და წესი. აღნიშნული კანონის თანახმად, საწარმოთა პრივატიზება ხორციელდებოდა კონკურსის ან აუქციონის წესით. ამასთან, საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემოდა შესაბამისი ხელშეკრულების სანოტარო წესით რეგისტრაციის შემდეგ. ამრიგად, შპს ,,ჯ.-ა" ვერ იქნებოდა მიჩნეული ბათუმის ¹2 ...-ს საწარმოს შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ, რამდენადაც ამ საწარმოს ქონება მას არ შეუძენია დადგენილი წესით.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, შპს ,,ჯ.-ა" იყო მისთვის გადაცემული 0,5 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რამდენადაც აღნიშნული კანონი არ ვრცელდებოდა სახაზინო საწარმოს სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. ამასთან, ხსენებული კანონი აწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელი იყო ერთჯერადი საზღაურის გადახდა, ხოლო მიწა უნდა ყოფილიყო გამოყოფილი დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში მიწა იყო სახაზინო საწარმოების სარგებლობაში, გამოყოფილი არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ და დადგენილი წესის დარღვევით, ასევე არ იყო გადახდილი ერთჯერადი საზღაური. ამ შემთხვევაში კი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიწაზე საკუთრების უფლება არ მიენიჭებოდათ.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი, რამდენადაც იგი აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ, ამასთან, მ. ჯ.-ის მიერ საცხოვრებელი სახლი აშენებული იყო უკანონოდ და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არანაირად არ აყენებდა ზიანს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე დროს, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ჯ.-მ», რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს «ჯ.-ს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება; შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებლობის მოტივით; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმება, რომლითაც დასაშვებად იქნა მიჩნეული შპს «ა.-ს» განცხადება; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც ამ საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს «ჯ.-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის, 10 აპრილის, 10 მაისის განჩინებები და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, .რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლებოდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე. შპს ,,ა.-ს" წესდების 1.3 პუნქტის მიხედვით, შპს ,,ა.-ო" იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის აჭარის ტერიტორიული სახაზინო საწარმოს სამართალმემკვიდრე. იგი შექმნილი და დაფუძნებული იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის აჭარის ტერიტორიული სახაზინო საწარმოს ქონების ბაზაზე. 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,აჭარის ა/რ ავტოტრანსრეგულირება» საქმეში არსებული შესაბამისი აქტით ფლობდა გარკვეულ ქონებას, რომელიც 0,5 ჰა-ზე მდებარეობდა, ხოლო მისი სამართალმემკვიდრე იყო აჭარის ტერიტორიული სახაზინო საწარმო, ამ უკანასკნელის სამართალმემკვიდრე კი _ შპს ,,ა.-ო". ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველი, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი შპს ,,ა.-ს" განცხადება იმავე სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამდენად, სწორად იქნა ბათილად ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და არ არსებობდა იმავე სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმების საფუძველიც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და განახლდა ამ საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული, თუ იგი იყო იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, შპს ,,ა.-ს" დამფუძნებელი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით. იმავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად კი, მისი პარტნიორი იყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც 0,5 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შპს ,,ა.-ს" ქონება, არ არსებობდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,ჯ.-ა" სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ასევე საქმეში მ. ჯ.-ის მესამე პირად ჩაბმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმებას, მაგრამ, რამდენადაც არ დაკმაყოფილდა მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი და მ. ჯ.-ს არ შეუტანია სააპელაციო საჩივარი, ამიტომ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ მოთხოვნა აპელანტმა მოხსნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულების მე-2 პუნქტით დაკმაყოფილდა შპს «ჯ.-ს» მოთხოვნა და მას ბათუმის ¹2 ...-ს საწარმოს ფილიალის მიერ უკანონოდ დაკავებული 0,5 ჰა მიწის ფართობი გადაეცა. «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ» ქვეპუნქტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელს რეგისტრატორისთვის უნდა წარედგინა მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების უფლების მიმნიჭებელი საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო და აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ჯ.-მ» იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მესამე პირის _ მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი _ გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმება, რომლითაც დასაშვებად იქნა მიჩნეული შპს «ა.-ს» განცხადება; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც ამ საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჯ.-ი; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმება, რომლითაც ამ საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
კასატორის განმარტებით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კასატორმა არსებული წესით აღძრა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მხარეების _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა, საჯარო რეესტრს დავალებოდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, რომლის მიხედვითაც, უძრავი ნივთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონში _ ბათუმის ¹2 ... საწარმოს ფილიალის მიერ უკანონოდ დაკავებული 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი გაფორმდებოდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით შპს ,,ჯ.-ს" სახელზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის შპს ,,ჯ.-ს" სახელზე გაცემა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს ,,ჯ.-ს" სასარჩელო განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილება დროულად ჩაჰბარდათ მოპასუხეებს _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელთაც იგი არ გაუსაჩივრებიათ, რის შემდეგაც გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და მოხდა იმავე გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, შესაბამისი ცვლილებები და დამატებები შევიდა საჯარო რეესტრში და შპს «ჯ.-ს» სახელზე გაიცა ამონაწერი, რომელიც ადასტურებდა მის საკუთრების უფლებას. ამ პროცესების დამთავრების შემდგომ, 2006 წლის 15 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ა.-მ" და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ იმ დროისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღსრულებული იყო. განმცხადებელი თავის განცხადებაში მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2006 წლის მარტში. ხსენებულ განცხადებაში მითითებულია იმ გარემოებაზეც, რომ თითქოსდა ქონება ირიცხება შპს ,,ა.-ს" ბალანსზე და აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-ით, რაც უნდა სცოდნოდათ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ამ ორგანოებმა შეგნებულად დამალეს ის ფაქტი, რომ სადავო მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები არის შპს ,,ა.-ს" საკუთრება. იქვე მითითებულია იმ გარემოებაზეც, რომ ხსენებული ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო საქმეში მესამე პირად ან მხარედ ჩაბმული.
კასატორი მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ზემოაღნიშნული განცხადება და 2006 წლის 27 მარტს მიიღო განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიც არ საჩივრდებოდა. ხსენებული განცხადების შინაარსი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. შპს «ა.-ს" არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დაცული იქნა განცხადების შეტანის ვადა. ამ გარემოებაზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელიათ. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით აპელანტს საკუთრებაში გადაუფორმდა უძრავი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. შპს ,,ა.-ო" სადავო ქონების მფლობელი არ ყოფილა და შესაბამისად, მისი უფლებები არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. იმავე კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია, როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. თუ ერთ-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს ამის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ა.-ო" არ არის მესაკუთრე აღნიშნული უძრავი ქონებისა და ამიტომაც, იგი ვერ ჩაითვლება დაინტერესებულ მხარედ. შპს ,,ა.-ს" განცხადება იურიდიულად იყო დაუშვებელი და არ არსებობდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის განმარტებით, იგი ასაჩივრებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის განჩინებასაც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი იმავე სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში. თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. ზემოაღნიშნული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგანაც არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მტკიცებით, საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ საქმე ხელახლა იქნა განხილული და სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო 2006 წლის 20 დეკემბერს. შპს «ჯ.-მ» საქმის განხილვისას მოითხოვა მოწმეების დაკითხვა, რაზედაც სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი. ამის შემდეგ იმავე სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ჯ.-მ და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა. სასამართლომ 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით იგი საქმეში ჩააბა, როგორც მესამე პირი. სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს ის გარემოება, რომ მესამე პირმა _ მ. ჯ.-მ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი მოწინააღმდეგე მხარეების _ მოსარჩელე შპს ,,ჯ.-ს", მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს ,,ა.-ს" წინააღმდეგ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულების ბათილად ცნობა. გასარკვევია, აკმაყოფილებს თუ არა მესამე პირის _ მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი კანონის მოთხოვნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრა შპს ,,ჯ.-მ", საქმეში მოპასუხე მხარე არ ყოფილა მ. ჯ.-ი და შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება, აღეძრა შეგებებული სარჩელი მოსარჩელე შპს ,,ჯ.-ს წინააღმდეგ. მ. ჯ.-ის სარჩელი იურიდიულად არ იყო დასაშვები, რადგან სასამართლოს არ ჩაუტარებია განმწესრიგებელი სხდომა და არ უმსჯელია ამ სარჩელის დასაშვებობის თაობაზე, რაც მას ევალებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულება ზიანს არ აყენებს მ. ჯ.-ს და ამიტომ, იგი ამ აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არაუფლებამოსილი პირია.
კასატორის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 10 მაისს მიიღო განჩინება და მესამე პირად საქმეში ჩააბა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რაც არასწორია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება მის უფლებებს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულების მიხედვით, დაკმაყოფილდა კომერციული ფირმა ,,ჯ.-ს" მოთხოვნა და ფირმის საქმიანობის გაფართოების მიზნით, მას გადაეცა ბათუმის ¹2 ... საწარმოს ფილიალის მიერ უკანონოდ დაკავებული 0,5 ჰა მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობები. იმავე დადგენილებით უნდა შემდგარიყო შესაბამისი პასპორტები და ხსენებული ქონება საკუთრებაში გადაფორმებულიყო აღნიშნულ ფირმაზე, ასევე უნდა გაფორმებულიყო მიწის ნაკვეთისა და შესაბამისი შენობა-ნაგებობების მიღება-ჩაბარების აქტები, უნდა მომხდარიყო საბალანსო ანგარიშსწორება დადგენილი წესით. აღნიშნულ ფირმას გადახდილი აქვს შენობებისა და მიწის ნაკვეთის საბალანსო ღირებულება, რაც დასტურდება შესაბამისი საბანკო ქვითრით. 1994 წლის 1 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტი, რის შემდეგაც შპს «ჯ.-ა» ფლობს აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს და მას სათანადო წესით აქვს ჩატარებული სარემონტო სამუშაოები. ამ წლების განმავლობაში ხსენებული ფირმა დასახელებული ქონებით სარგებლობს, როგორც საკუთარით. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრში არ არის განხორციელებული სათანადო ჩანაწერები საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. კომერციული ფირმა ,,ჯ.-ა" ამჟამად არსებობს შპს ,,ჯ.-ს" სახით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე უფლებამოსილი პირი. კასატორზე დადგენილი წესით იყო გამოყოფილი აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ხსენებული კანონის თანახმად, შპს ,,ჯ.-ს" გადახდილი აქვს ერთჯერადი, ძირითადი საზღაური და ჯარიმაც, კერძოდ, 2005 წლის 7 ოქტომბერს გადაიხადა 650 ლარი _ არასასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის საზღაური და 650 ლარი ჯარიმა. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია.
კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მესამე პირის _ მ. ჯ.-ის შეგებებული სარჩელი. დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ ხელვაჩაურის რაიონში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის 1992 წლის 6 აგვისტოს ¹259 განკარგულებით მ. ჯ.-ს, რომელსაც სადავო მიწის ნაკვეთზე უკანონოდ აქვს აშენებული შენობა, არანაირი ზიანი არ მიდგომია. აღნიშნული აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს არარა აქტად, რადგან იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული კანონი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა ცალმხრივად და არაობიექტურად, არ იმსჯელა და არ გამოარკვია სარჩელის საგანი და საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დამტკიცებულად ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,ა.-ა» (საქმეში არსებული აქტის მიხედვით) ფლობს გარკვეულ ქონებას, რომელიც მდებარეობს 0,5 ჰა-ზე. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ა.-ო" არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და შესაბამისად, არ არსებობდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის შპს ,,ა.-ო". როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებს არ უმსჯელია იმაზე, დაცული ჰქონდა თუ არა შპს ,,ა.-ს" გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არასოდეს ყოფილა შპს ,,ა.-ს" საკუთრება. აღნიშნული პროცესუალური დარღვევები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორის მტკიცებით, სადავო მიწის ნაკვეთს თავიდანვე ფლობდა და ამ ნაკვეთით სარგებლობდა შპს ,,ჯ.-ა". შპს ,,დ.-ის" 2006 წლის 12 იანვრის აუდიტორული დასკვნით შეფასებულია სადავო მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობების ფასი. აღნიშნული მტკიცებულება კი არ შეუფასებია სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონი, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მიწის ნაკვეთი, რომელზედაც კასატორს აშენებული აქვს შენობა-ნაგებობები, თვითონ სარეგისტრაციო სამსახური სადავოდ არ ხდის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წესსა და სისწორეს.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არასრულია, ხოლო საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განმარტებას საჭიროებს შემდეგი საკითხები: ვის აქვს უფლება გაასაჩივროს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება; რა მოთხოვნები წაეყენება განცხადებას საქმის წარმოების განახლების შესახებ; რა შემთხვევაშია დასაშვები კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება; როგორ განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ვადა და ხანდაზმულობის რა წესი ვრცელდება ამ ვადაზე; შესაძლებელია თუ არა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა გაიფორმოს ისეთი კატეგორიის მიწის ნაკვეთი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს «ჯ.-ს» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 12 დეკემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ჯ.-ს» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან შპს «ჯ.-ს» გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ჯ.-ს» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. შპს «ჯ.-ს» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.