Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-871-838(კ-08) 29 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატი

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე,

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

„....“ კაპიტან ი. კ-ემ 2007 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების მიმართ და მოითხოვა მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მოპასუხის მიერ 2007 წლის 6 მარტს მიღებული დადგენილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა „....“ კაპიტან ი. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებით „.....“ ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის განჩინებით ი. კ-ეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციოO საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 2500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ი. კ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული განჩინება ი. კ-ის შვილს ჩაბარდა 2008 წლის 5 აგვისტოს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხარვეზის შევსების თაობაზე საკასაციო პალატის განჩინება ი. კ-ის ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 6 აგვისტოს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 12 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა გაუშვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.