ბს-872-839(კ-08) 9 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ¹... საჯარო სკოლა, დირექტორი _ ნ. ქ.-ე, წარმომადგენლები _ კ. ბ.-ე, ხ. ა.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, წარმომადგენელი _ ა. ბ.-ე
მესამე პირი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარმომადგენელი _ ე. მ.-ე
მესამე პირი _ ქუთაისის მერია, წარმომადგენელი _ არ გამოცხადდა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ო. ბ.-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის მიმართ, მესამე პირების _ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს და ქ. ქუთაისის მერიის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან სკოლის უძრავი ქონების შემადგენელი ნაწილის გამოთხოვა.
საქმის გარემოებები:
ქ. ქუთაისის გამგეობის 1992 წლის 6 ნოემბრის ¹19.36.1148 გადაწყვეტილებით მოპასუხეს ნება დაერთო, მე-... საჯარო სკოლის შრომით სასწავლო სახელოსნოზე ეწარმოებინა დაშენებითი სამუშაოები არსებულ პროექტში სათანადო ცვლილებების გათვალისწინებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სკოლებს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცა სკოლის უძრავი ქონება, რაც შეეხება მე-... საჯარო სკოლას, მან დღემდე ვერ შეძლო აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელება, სკოლაში ინსტიტუტის არსებობის გამო. მე-... საჯარო სკოლის დირექციამ არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს _ ქუთაისის მერიას (საკრებულოს), მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლისგანაც მიიღო საპასუხო წერილი ¹01-15-10/2764 (დანართი ¹2), რომლის ასლიც, თანდართული დოკუმენტაციით, გაგზავნილ იქნა ქ. ქუთაისის მერიაში, მაგრამ მასზე რეაგირება არ მომხდარა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
დაშენება მოხდა სრულიად უკანონოდ, რაც აისახა მე-... საჯარო სკოლის შესახებ საჯარო რეესტრში არსებულ დოკუმენტაციაში, კერძოდ, გეგმა-ნახაზში (პროექტში) არ იყო ფიქსირებული არანაირი დაშენება. ამასთან, დაშენება არ იყო შეთანხმებული ქალაქის მთავარ არქიტექტორთან. არ არსებობდა ხელშეკრულების არანაირი ფორმა სკოლასა და ინსტიტუტს შორის ან შესაბამის ორგანოებს შორის, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 36.2 მუხლის შესაბამისად, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლებოდა ეფუნქციონირა ერთ შენობაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პრობლემას სკოლა მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრიდა, იგი ვერ გაივლიდა აკრედიტაციას, რაც გამოიწვევდა სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტას და თანამშრომელთა უმუშევრად დარჩენას. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან და არ იყო გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლებოდა განსაზღვრულიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, მე-... საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობანი წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მშენებლობა ნებადართული და შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სამინისტროსთან.
მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ო. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის სასარგებლოდ, ამავე სკოლის ყოფილი შრომით სასწავლო შენობაზე დაშენებული ფართი, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ქ. ქუთაისის გამგეობის 1992 წლის 6 ნოემბრის ¹19.36.1148 გადაწყვეტილებით ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტის რექტორატს ნება დაერთო განათლების განყოფილების მე-... საჯარო სკოლის შრომით სასწავლო სახელოსნოზე ეწარმოებინა დაშენებითი სამუშაოები არსებულ პროექტში სათანადო ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა ქალაქის მთავარ არქიტექტორთან, თუმცა ასეთი შეთანხმება მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის 11 თებერვლის ¹01-15-10/2764 წერილით გაირკვა, რომ, იმ დროისათვის შენობა, რომელშიც განთავსებული იყო მე-... საჯარო საკოლა, ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მე-... საჯარო სკოლა ბალანსს აბარებდა სამინისტროს, რაც შემდგომში აისახებოდა სამინისტროს ბალანსში. ამდენად, ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹355-ში მდებარე მე-... საჯარო სკოლის შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე უსასყიდლოდ, სარგებლობის წესით გადაეცემოდა ქუთაისის მე-... საჯარო სკოლას.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 36.2 მუხლი და განმარტა, რომ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლება ფუნქციონირებდეს ერთ შენობაში. მითითებული ნორმა, ამავე კანონის 58.6 მუხლის შესაბამისად, ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისას, ანუ 2007 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი ფლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელში მითითებული ის გარემოება, რომ სკოლის დირექცია არ იყო წინააღმდეგი, ინსტიტუტს თვითონ გაეფორმებინა მის მიერ აშენებული შენობა, რაც არ განხორციელდა. ასევე არ გაიზიარა საქართველოს განათლების სამინისტროს 1992 წლის 15 სექტემბრის ლიცენზიაში მითითებული გარემოება, რომ საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში გაეტარებინა ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი, ვინაიდან აღნიშნულს კავშირი არ ჰქონდა დაშენებული შენობის საკუთრებასთან, რომლის კანონით დადგენილი მტკიცებულებები მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ა. ბუსხრიკიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას. საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა ქ. ქუთაისის გამგეობის 1992 წლის 6 ნოემბრის ¹19.36.1148 გადაწყვეტილება, რომლითაც ინსტიტუტს ნება დაერთო, ეწარმოებინა დაშენება მოსარჩელის კუთვნილ სასწავლო სახელოსნოზე, რაც მოპასუხის მხრიდან შესრულებულ იქნა და ინსტიტუტი საკუთარ ფართში ფუნქციონირებდა სკოლისაგან დამოუკიდებლად, რის გამოც, საქალაქო სასამართლოს მიერ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 36.2 მუხლის განმარტება კანონშეუსაბამო იყო. ამასთან, მითითებულ საჯარო სკოლას პრეტენზია გააჩნდა საერთო შესასვლელზე, რომელსაც ინსტიტუტი იყენებდა, მაგრამ ამ უკანასკნელს ჰქონდა იმის პირობა, რომ გაეკეთებინა დამოუკიდებელი შესასვლელი, რის გამოც, სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე, ასევე არასწორად იქნა გამოყენებული. საქალაქო სასამართლომ არასწორად მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რამდენადაც, ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ იქნა ნახაზი, რომელიც შეთანხმებული იყო მთავარ არქიტექტორთან და სხვა რაიმე ვალდებულება მერიის გადაწყვეტილებაზე მას არ გააჩნდა. ამასთან, ძალაში შესული კანონი ინსტიტუტს აძლევდა შესაძლებლობას, საკუთრება საჯარო რეესტრში გაეტარებინა.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
1997 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის დირექტორმა წერილობით მიმართა ქუთაისის განათლების საბჭოს თავმჯდომარეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ სკოლაში 1992 წლიდან ფუნქციონირებდა ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი შენობა, მისთვის საჭირო საკლასო ოთახების რაოდენობა და სათანადო ინვენტარი, რომელიც მის მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებდა. ინსტიტუტი სარგებლობდა საერთო შესასვლელით, კორიდორით და გამოსასვლელით. ამავე სკოლის დირექტორის 2005 წლის 16 მაისის წერილში აღნიშნული იყო, რომ ქუთაისის ყოფილი საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 23 ივნისის ¹16-55-57 გადაწყვეტილებით ნება დაერთო განათლების განყოფილების მე-... საშუალო სკოლის შრომით სასწავლო სახელოსნოზე დაეშენებინა მეორე სართული, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა სასწავლო კაბინეტები და სააქტო დარბაზი, რის საფუძველზეც “...-ის” მიერ დამუშავდა პროექტი, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო, განათლების განყოფილებამ ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის დირექციამ განათლების განყოფილებასთან შეთანხმებით წერილით მიმართა გამგეობას და მოითხოვა ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტს, რომელსაც იჯარით აღებული ჰქონდა ფართი მე-... სკოლის შენობაში, განეხორციელებინა აღნიშნული სამუშაოების შესრულება საკუთარი სახსრებით, პროექტში გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. სკოლას და განათლების განყოფილებას არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში. აქედან გამომდინარე, სკოლის დირექცია არ იყო წინააღმდეგი, რომ ინსტიტუტს თვითონ გაეფორმებინა მის მიერ აშენებული შენობა საკუთრებაში. ამასთან, საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციით მე-... საჯარო სკოლის გეგმა-ნახაზში არ იყო დაფიქსირებული სკოლის შრომით სახელოსნოზე მეორე სართულის დაშენება.
აპელანტის განმარტებით, მე-... საჯარო სკოლის შრომით სასწავლო სახელოსნოზე მეორე სართულის ფაქტობრივი დაშენება განხორციელდა ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის დამფუძნებელთა მიერ, მაგრამ ამის დოკუმენტაცია არ გააჩნდათ, ასევე არ ჰქონდათ შენობის ექსპლოატაციაში მიღების დასკვნა. ამასთან, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ განხორციელებულა. ინსტიტუტი 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კანონიერად ფუნქციონირებდა და შენობა, რომელშიც ის იყო განთავსებული, მათ მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. მათ ამ საფუძვლით მოპოვებული ჰქონდათ საკუთრების უფლება.
სააპელაციო პალატის დასკვნით, ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის შრომით სასწავლო სახელოსნოზე არსებული დაშენების, ამავე სკოლის ბალანსზე ჩარიცხვა, როდესაც ინსტიტუტი პრეტენზიას აცხადებდა მის კუთვნილებაზე, შეუძლებელი იყო, რადგან დაშენება სკოლის ხარჯებით არ განხორციელებულა და იგი მის სარგებლობაში არ იმყოფებოდა. სასწავლო სახელოსნოზე არსებული დაშენება, იმ მოტივით, რომ სახელოსნო სკოლის ბალანსზე იყო აღრიცხული, ხოლო სკოლის ბალანსზე არსებული ქონება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას წარმოადგენდა, ვერ იქცეოდა მე-... საჯარო სკოლის ან მითითებული სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ქონებად (ნივთად). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო იყო, რამდენადაც სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ამ მოთხოვნის უფლება მხოლოდ მესაკუთრეს გააჩნდა, რომლის სტატუსიც მე-... საჯარო სკოლას მოპოვებული არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მე-... საჯარო სკოლამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას.
კასატორის განმარტებით, სკოლის შენობაში დღემდე უკანონოდ ფუნქციონირებს ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, რაც დასტურდება სკოლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, გეგმა-ნახაზების მიხედვით სკოლის სახელოსნოზე არავითარი დაშენება არ ფიქსირდება და აღნიშნული შენობა არც საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. სკოლის შენობა-ნაგებობა ამჟამადაც ირიცხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად, მასთან არ არის დადებული ხელშეკრულება. ამდენად, სკოლასა და ინსტიტუტს შორის არ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. კასატორის განმარტებით, სკოლის ყოფილი დირექტორის _ რ. ჭ.-ის წერილი ქუთაისის განათლების საბჭოს თავმჯდომარისადმი, არის ცნობა სკოლაში ინსტიტუტის არსებობის შესახებ და არა თხოვნა განათლების სამინისტროსათვის იმის შესახებ, რომ ინსტიტუტს ნება დაერთოს განათლების სამინისტროს მიერ სკოლაში განათავსოს და შესაბამისად, აწარმოოს მშენებლობა. წერილში ასევე მითითებულია, რომ ინსტიტუტს აქვს საკუთარი შენობა, რაც მცდარი განმარტებაა, ვინაიდან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს, რომ შენობის მფლობელი არის ინსტიტუტი.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 172-ე მუხლი, რაც შეეხება სკოლის, როგორც შენობის მესაკუთრის სტატუსს, მიიჩნია, რომ სკოლას მოპოვებული არა აქვს მესაკუთრის სტატუსი. აღნიშნული განმარტება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან სკოლა შენობას ფლობს 70-იანი წლებიდან.
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორის ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის დირექტორმა და წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
მოწინააღმდეგე მხარის _ ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ა. ბ.-მ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ.)
მესამე პირის _ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ე. მ.-მ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ.)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებების მოსმენის და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის _ ნ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ამავე კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს მითითებულს და განსაზღვრავს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის მიერ აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი უკანონო მფლობელობიდან სკოლის უძრავი ქონების შემადგენელი ნაწილის გამოთხოვის შესახებ, რაც წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებს, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, არამედ, კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი ადგენს როგორც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მომწესრიგებელ ნორმებს, ისე ნივთის დაუბრუნებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესებს.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია საკუთრების ცნება და საკუთრების უფლების შინაარსი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენდა უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი განსაზღვრავს მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლებას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 172.1. მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე, ხოლო მფლობელობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ კლასიკურ სამოქალაქო-სამართლებრივ ინსტიტუტს, სანივთო სამართლის შემადგენელ ნაწილს და არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი. საქართველოშიც იგი წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით, მიძღვნილი აქვს ამ კოდექსის II წიგნის სანივთო (ქონებრივი) სამართლი მეორე კარი. ამდენად, მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან სწორედ ეს კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს მფლობელობის უფლების საკითხებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის სარჩელი სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმების გარდა ეფუძნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 36.2 მუხლს, რომლის თანახმად საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლებოდა ეფუნქციონირათ ერთ შენობაში, არ გულისხმობს რომ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს არა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სწორედ მითითებული კერძო სამართლის ნორმატიული აქტით არის რეგულირებული უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის პროცედურა და საფუძვლები. ამასთან, სარჩელის მოთხოვნის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი განსაზღვრავს ერთ შენობაში საგანმანათლებლო დაწესებულებათა ფუნქციონირების სტანდარტებს, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სარჩელის აღძვრის მიზეზს, მაგრამ არა სადავო სამართალურთიერთობის საფუძველს. სადავო სამართალურთიერთობა სრულად განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსით დადგენილ სამართალურთიერთობას, რომლითაც განსაზღვრულია მისი მოწესრიგების სამართლებრივი მექანიზმი, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები და სამართლებრივი შედეგები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა სადავო სამართალურთიერთობას, მიიჩნია რა, რომ მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 26.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2, 391-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის _ ნ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაექვემდებაროს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.