¹ბს- 873-742-კ-04 20 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. თ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
მესამე პირები: ავსტრიული კომპანია ,,დ.-მ", საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტო", საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.12.03წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - სს ,,ზ.-ის" აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია ,,დ.-სათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 29.06.03წ. ¹321 ბრძანებულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. თ.-მ 30.07.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ,,სს ,,ზ.-ის" აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია ,,დ.-სათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 29.06.03წ. ¹321 ბრძანებულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბრძანება გამოიცა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ: სზაკ-ის 11 თავის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. სზაკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი სავალდებულო წესით ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფასი აღემატება 100 000 ლარს. ამდენად, ობიექტის პრივატიზებისათვის უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც უნდა მოემზადებინა და გამოეცა ადმინისტრაციული აქტი. აქტის გამოცემისას დარღვეულ იქნა სზაკ-ის მე-9 თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესები. სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიული აქტის - ბრძანებულების ფორმით, მიუხედავად ამისა არ იქნა დაცული სზაკ-ის მე-15 თავის მოთხოვნები. მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება აგრეთვე სადავო ბრძანებულებით სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის ქარხნის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების დავალება, 2008 წლამდე არსებული ტარიფით ელექტროენერგიის მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ სემეკისათვის თხოვნით მიმართვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.12.03წ. გადაწყვეტილებით გ. თ.-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.06.03წ. ¹321 ბრძანებულება თავისი ბუნებით არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი, დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს. გ. თ.-ს არ გააჩნია საკუთრების უფლება სააქციო საზოგადოების არცერთ აქციაზე, მას არ გააჩნია აგრეთვე აქციაზე სატიტულო უფლება.
კოლეგიამ დაუშვებლად მიიჩნია გ. თ.-ის სარჩელი, ვინაიდან სადავო აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, რის გამო სასკ-ის 22.2 მუხლის თანახმად სარჩელი არის დაუშვებელი. სასამართლო კოლეგიამ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ ,,პრივატიზების შესახებ" კანონის მე-6 მუხლის თანახმად პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ ბრძანებით დამტკითდა ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულება, რომლითაც განისაზღვრა ქონების პირდაპირი მიყიდვის დროს გარიგების გაფორმების პროცედურა. ,,პრივატიზების შესახებ" კანონი არის სპეციალური კანონი, მას ენიჭება პრიორიტეტი სხვა კანონებთან, კერძოდ, სზაკ-თან მიმართებაში. კოლეგიამ მიუთითა, რომ სადავო აქტის მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების პროცედურა არ ეწინააღმდეგება ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 17.05.98წ. ¹326 ბრძანებულებას. კოლეგიამ არ გაიზიარა აგრეთვე მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო აქტის გამოცემით დაირღვა სზაკ-ის 158 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნა. კოლეგიამ მიუთითა, რომ სადავო ბრძანებულება თავისი ბუნებით ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, რის გამო დაუშვებელია სადავო ურთიერთობების მიმართ სზაკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის ნორმის გამოყენება, რომლის თანახმად ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოიცეს მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, თუ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მისი ფასი აღემატება 100 000 ლარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.12.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. თ.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი არ არის დასაშვები იმ მოტივით, რომ სახელწიფო საკუთრებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის უკანონო პრივატიზებით, მოსარჩელეს ზიანი არ ადგება. კასატორმა აღნიშნა, რომ არ იყო აუცილებელი ყოფილიყო სს ,,ზ.-ის” აქციონერი, რათა საწარმოს პრივატიზებით მის კანონიერ ინტერესს რაიმე ზიანი მიდგომოდა, ვინაიდან, პრივატიზაციის პროცესში ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს მონაწილეობის მიღების უფლება. უკანონო პრივატიზებით კი კასატორს, როგორც ფიზიკურ პირს შეეზღუდა უფლება მონაწილეობა მიეღო პრივატიზაციის პროცესში, შეეთავაზებინა პრეზიდენტისაგან აქტის გამოცემის მანდატით აღჭურვილი დამოუკიდებელი ორგანოსთვის მისი პირობები და საბოლოოდ, მიეღო აქციათა შეძენის უფლება ან დასაბუთებული უარი მათ შეძენაზე.
კასატორის აზრით სასამართლომ არასწორედ მიიჩნია პრეზიდენტის ¹321 ბრძანებულება ნორმატიულ აქტად. კასატორის განმარტებით იმისათვის, რომ რაიმე ადმინისტრაციული აქტი ნორმატიულად იქნეს მიჩნეული მისი შინაარსი უნდა იყოს მუდმივი, ან დროებითი და ამავე დროს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგადი წესის შემცველი. კასატორის განმარტებით სადავო აქტის არც ერთი პუნქტი მუდმივი, ან დროებითი და ამავე დროს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს არ შეიცავს. ამ შემთხვევაში სასამართლო აქტის ბუნების შეფასებისას ამოვიდა მხოლოდ მისი სახელწოდებიდან. კასატორის მოსაზრებით არამართებულია იმ გარემოებაზე აპელირება, რომ აქტი ბიზნეს-გეგმაზე დაყრდნობით გამოიცა. ბიზნენს-გეგმა მხოლოდ და მხოლოდ სს ,,ზ.-ის” სამომავლო განვითარების გეგმაა და მას არაფერი აქვს საერთო ნორმატიულ აქტთან. ამასთან, აქტი ბრძანებულების სახით გამოიცა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოში დამდგარიყო მისი ნორამტიულობა-არანორმატიულობის საკითხი და გასაჩივრების შემთხვევაში არ მომხდარიყო მისი ავტომატური შეჩერება. კასატორის განმარტებით საწარმოს პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის გზით ერთჯერადი, კონკრეტული მოქმედებაა და იგი უნდა გახორციელებულიყო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. სასამართლოს მიერ იგნორირებული იქნა ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტი პირდაპირი მიყიდვის ფორმით საწარმოთა პრივატიზებას მთელ რიგ სხვა შემთხვევაში განკარგულებით ახდენდა.
სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის ნორმებთან მიმართებაში უპირატესობა უნდა მიენოჭოს ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონს, როგორც სპეციალურ კანონმდებლობას, რაც არასწორია ვინაიდან დაუშვებელია უფრო ნაკლები იურიდიული ძალის მქონე აქტს მიენიჭოს უპირატესობა, ამასთან ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს რაიმე ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს შორის წარმოშობილი კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობის მინიჭებას სპეციალური კანონისთვის. ამავე კანონით იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინაღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული აქტით დადგენილი ნორმა. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი 29.10.96წ. არის მიღებული, ხოლო საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი 25.06.99წ., ამდენად, სავალდებულოა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XI თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ანუ პრივატიზაციის განხორციელება დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული იყო დაეცვა სზაკ-ის 115-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი ნორმების დაცვით. შესაბამისად, სავალდებულო იყო აქტის პროექტის გამოქვეყნება, მოქალაქეებისათვის მისი მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემა და სხვა.
კასატორის განმარტებით სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო უფლებამოსილი დაევალებინა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთვის ზ.-ის უწყვეტი ელექტროენეგიით მომარაგება. ასევე დაუშვებელია ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის სატარიფო პოლიტიკაში ჩარევა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან.
საქმის განხილვის შესახებ არაერთი შეტყობინების მიუხედავად კასატორი საკასაციო პალატის სხდომებზე არ გამოცხადებულა. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე განხილული იქნა საქმის ზეპირი მოსმენის ნარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პრივატიზების ფორმები განსაზღვრულია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით. პრივატიზების ფორმის შერჩევა წარმოადგენს სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-6 მუხლის თანახმად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ¹1-3/153 ბრძანებით დამტკიცებული ,,პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულება, გამოცემული ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის საფუძველზე, ითვალისწინებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შესყიდვის მსურველის განცხადებით მიმართვას, სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების მიერ განცხადების განხილვას. კასატორს არ გამოუთქვამს სურვილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შესყიდვის შესახებ, არ მიუმართავს სათანადო განცხადებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის (ამჟამად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის), ამდენად, არ იკვეთება კასატორის კანონიერი ინტერესი სადავო აქტის მიმართ. გაურკვეველია აგრეთვე კასატორის იურიდიული ინტერესი სადავო აქტის იმ ნაწილის მიმართ, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა დაავალა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ზ.-ის უწყვეტ ელექტროენერგიით მომარაგება, მიმართა თხოვნით საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2008 წლამდე არსებული ტარიფით ელექტროენერგიის მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ბიზნეს-გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ქარხნის სამომავლო განვითარების გეგმაა და არ დაიშვებოდა სადავო აქტის ბიზნეს-გეგმაზე დაყრდნობით გამოცემა. კანონმდებლობის თანახმად პირდაპირი ფორმით გაყიდვის საფუძველს სწორედ რომ ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს. კერძოდ, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად პირდაპირი ფორმით გაყიდვის მიზანია გასაყიდი ქონების თავისებურებებიდან გამომდინარე ინვესტიციების მოზიდვა წარმოდგენილ ბიზნეს-გეგმის საფუძველზე. ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ქონების შესყიდვის მსურველის მიერ სამინისტროში სახელმწიფო ქონების ეფექტურად გამოყენების ბიზნეს-გეგმის, საწარმოს (ობიექტის) მომგებიანად ამუშავებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის გეგმა-გრაფიკის წარდგენა არის პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შესყიდვის მსურველის განცხადების კომისიური წესით განხილვის პირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია კოლეგიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითება იმის შესახებ, რომ სადავო აქტი ბიზნეს-გეგმაზე დაყრდნობით გამოიცა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XI თავის მოთხოვნების დარღვევით პრივატიზაციის განხორციელების შესახებ. სზაკ-ის XI თავი ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას დანიშნოს ადმინისტრაციული საჩივრის გადასაწყვეტად დამოუკიდებელი ორგანო. კანონმდებლობით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებათა მიმართ დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნა არ დაიშვება. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.
სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ფორმით. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11, 28-ე მუხლების თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს წარმოადგენს. სადავო აქტი არ განეკუთვნება ამავე კანონის მე-12 მუხლში მითითებულ საგამონაკლისო შემთხვევებს, ამდენად მართებულია კოლეგიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.06.03წ. ¹321 ბრძანებულება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტით გადაწყვეტილია არამხოლოდ სს ,,ზ.-ის" აქციათა პაკეტის ავსტრიის კომპანია ,,დ.-სათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხი, სადავო აქტით სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს" დაეკისრა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სს ,,ზ.-სთვის" სს ,,ჭ.-დან" საჭირო რაოდენობის მადნის მისაწოდებლად თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპით, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა საზოგადოებისათვის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა წინასწარი გადახდის პირობით, ამასთანავე განისაზღვრა პრივატიზების შედეგად მიღებული თანხიდან ზესტაფონის და თერჯოლის ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩასარიცხი თანხების ოდენობა. ამდენად, ხსენებულ საკითხთა მოწესრიგება არ გამორიცხავდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ის გარემოება, რომ მოწესრიგების ობიექტის აბსტრაქტულ-გენერალური ბუნება არ არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის არსებითი ელემენტი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლოა ერთეული შემთხვევის ან ცალკეული პირებისადმი იყოს მიმართული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტში საქართველოს პრეზიდენტის 14.02.05წ. ¹78 ბრძანებულებით შეტანილ იქნა ცვლილება-დამატებები, კერძოდ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს, ,,ე.-სა" და სს ,,ზ.-ის" ქართველ აქციონერებს შორის 24.01.05წ. გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის 29.01.03წ. ¹321 ბრძანებულებას (სსმ III, 07.03.03, ¹67, მუხ.608) დაემატა მე-7 მუხლი, რომლითაც ბიზნეს-გეგმით განსაზღვრულ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებელი ნაწილის შესრულების სანაცვლოდ, მხარეთა თანხმობით, გამყიდველის სასარგებლოდ განისაზღვრა დამატებით გადასახადი თანხა. ბრძანებულების ამ ნაწილს მოსარჩელე არ ახდის სადავოდ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 09.03.05წ. ¹24-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, მინისტრის 07.03.05წ. ¹1-1/270 ბრძანების საფუძველზე, ავსტრიულ კომპანია ,,დ.-ს" გადაეცა აქციათა საკონტროლო პაკეტი (51%). მოსარჩელეს ხსენებული აქტების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია. საქართველოს პარლამენტის 16.07.03წ. ¹2486-რს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ,,ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ" შეთანხზმების მე-3 მუხლის თანახმად თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელთ მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციებისათვის სამართლიან და თანაბარ რეჟიმს, ასევე მათ სრულ და მუდმივ დაცვას და უსაფრთხოებას. შეთანხმების 25-ე მუხლის მიხედვით იგი გამოიყენება როგორც შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ასევე ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ინვესტიციების მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.