¹ბს-874-841 (კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ბ-ემ 2007 წლის 13 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის 890,97 ლარისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების 465 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.04.05წ. ¹946 ბრძანებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 05.01.05წ. ცნობის თანახმად, თ. ბაღადავაძის სანივთე ქონების კომპენსაციის თანხა შეადგენს 890,97ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.07წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების 223 ლარისა და გაუცემელი ერთჯერადი დახმარების 465 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის 2005 წლის 5 იანვრის ცნობის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ღ. ბ-ის მიმართ ერიცხება 2001-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 980,97 ლარის ოდენობით. სასამართლომ განმარტა, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სასამართლომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრულია 13.07.07წ. მიიჩნია, რომ 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის 223 ლარის ანაზღაურების ნაწილში (რაც შეადგენს სადავო პერიოდში არსებული დავალიანების ერთ მეოთხედს) მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უნდა ეთქვას უარი.
ერთჯერად (გამოსასვლელ) დახმარებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტზე, რომლის თანახმად სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ეძლევათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. ბრძანებულების 33-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით კი 2-დან 10 წლამდე ნამსახურები წლების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ. ბ-ე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.04.05წ. ¹946 ბრძანებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.
სასამართლომ, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ფინანსისტის 19.09.07წ. ¹238 ცნობის საფუძველზე, ასევე დადგენილად ცნო, რომ თ. ბ-ის ყოველთვიური დარიცხული საბიუჯეტო შემოსავალი 2004 წლის ბოლო დაკავებული თანამდებობის მიხედვით შეადგენდა 93,38 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე უნდა გაცემულიყო ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხა აღნიშნული თანხის ხუთმაგი ოდენობით. 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულებით ამ ბრძანებულებაში დამატებული 611 პუნქტის საფუძველზე, შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 01 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ამ ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის _ ერთჯერადი დახმარების გაცემის პირობა და წესი. სასამართლოში დავის განხილვის დროისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331 პუნქტი ამოქმედებული იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეაიარაღებული ძალების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებით მისი დათხოვნის გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით სარგოს ხუთმაგი ოდენობის 465 (ოთხას სამოცდახუთი) ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გადაწყვეტილება ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ 223 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ბ-ე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2005 წლის 11 აპრილს. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 13 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი 11.05.07წ. ცვლილებამდე. დასახელებული ნორმით კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა სახმედრო მოსამსახურეებს. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროს მას არ ჰქონდა სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 მუხლი, რომლის მოქმედება ამავე ბრძანებულების 611 მუხლის საფუძველზე შეჩერებული იყო 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. ნორმის მოქმედების შეჩერება გამოიწვია, იმან, რომ საქართველოს 2005 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში არ იქნა გათვალისწინებული ასიგნებები, რომლის ფარგლებში განხორციელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა გასასვლელი დახმარებით უზრუნველყოფა. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოებისა და დანამატების, ასევე სამოქალაქო პირთა შრომითი გასამრჯელოს (კანონმდებლობის შესაბამისად) ოდენობას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი ნორმის მოქმედების შეჩერების პერიოდში, ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების არარსებობისას განთავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეზე გაეცა ერთჯერადი მატერიალური (გასასვლელი) დახმარება. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი არ იყო მოეთხოვა იმ პერიოდის ერთჯერადი მატერიალური დახმარების ანაზღაურება, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ამ სოციალური გარანტიის რეალიზაცია და მისი განმსაზღვრელი ნორმის მოქმედება, ხოლო სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ჰქონდა უფლებამოსილება და ვალდებულება მოსარჩელეზე დაერიცხა გასასვლელი დახმარების თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.