¹ბს-875-744-კ-04 20 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური (თელავის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლე) (მოპასუხე) ო. ფ.-ი (მესამე პირი);
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ.-ი (შ. გ.-ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.04.04წ. განჩინება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შ. გ.-მ მოპასუხე თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა შპს ,,ო.-ის” სახელზე გაცემული 31.11.01წ. მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მისთვის მიყენებული ზიანის სახით 200 ლარის და ადვოკატის მომსახურეობის ხარჯების 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 18.01.99წ. საკუთრებაში გადაეცა სოფელ ვ.-ში მდებარე 625 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში მის სახელზე აღირიცხა. 31.11.01წ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა ახალი საკუთრების მოწმობა შპს ,,ო.-ს” სახელზე. მოსარჩელის მოსაზრებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შპს ,,ო.-ს” სახელზე განხორციელებულია ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მას აღნიშნული ნაკვეთი არავისთვის გადაუცია, ამასთან, თავად წარმოადგენს შპს ,,ო.-ს” დამფუძნებელს და არც რაიმე განცხადებით მიუმართია მიწის მართვის სამსახურისათვის შპს-ის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის შესახებ, სადავო რეგისტრაციის მოწმობა გაასაჩივრა მიწის მართვის სამსახურში, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ კერძო პირზე რეგისტრაცია შეცდომით იყო განხორციელებული, ხოლო შპს-ზე კანონიერად.
მოპასუხემ-თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შეპასუხებაში განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შეცდომით დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებად, რის გამოც მიწის მართვის რაიონულმა სამმართველომ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, როგორც რეგისტრატორმა, რეგისტრაციის იმავე ნომრით მიწა მის ფაქტიურ მესაკუთრეზე – შპს ,,ო.-ზე” აღრიცხა. მოპასუხის მითითებით სადავო მიწის ნაკვეთი არ ყოფილა გამოყოფილი მოსარჩელის სახელზე, იგი თელავის რაიაღმასკომის 25.06.87წ. ¹193 გადაწყვეტილებით გამოეყო თელავის ,,...-სთან” შექმინლ საზოგადოებრივი კვების კოოპერატივ ,,ო.-ს” რომლის ბაზაზე 23.06.93წ. ხელახალ რეგისტრაციაში იქნა გატარებული ერთი პირის საზოგადოება ,,ო.-ა”, ხოლო 31.08.96წ. მისი უფლებამონაცვლე შპს ,,ო.-ა”.
თელავის რაიონული სასამართლოს 18.04.03წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,ო.-ს” პარტნიორი ო. ფ.-ი.
თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 31.10.01წ. საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც სოფელ ...-ში მდებარე 625 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღირიცხა შპს ,,ო.-ა”.
თელავის რაიონული სასამართლოს 02.09.03წ. გადაწყვეტილებით შ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ განხორციელებული 31.10.01წ. ¹58/99 ჩანაწერი საჯარო რეესტრში სოფელ ...-ში მდებარე 625 კვ.მ მიწის მესაკუთრედ შპს ,,ო.-ს” აღრიცხვის შესახებ.
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ო. ფ.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.04.04წ. განჩინებით ო. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სოფელ ...-ში მდებარე 625 კვ.მ სადავო მიწის მესაკუთრედ თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 18.01.99წ. საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერით აღირიცხა შ. გ.-ი, რის შესახებაც გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. ამასთან, იგივე მიწის ნაკვეთი მიწის მართვის რაიონული სამმართველოს მიერ 30.10.01წ. აღირიცხა შპს ,,ო.-ს” სახელზე. თავდაპირველი ჩანაწერი შ. გ.-ის საკუთრებაში მიწის აღრიცხვის შესახებ მიწის მართვის რაიონულ სამმართველოს არ გაუუქმებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში ერთი მიწის ნაკვეთის საკუთრების თაობაზე არსებობს ორი სხვადასხვა დროის ჩანაწერი, რომელთაგანაც თავდაპირველი ჩანაწერის მიხედვით სადავო მიწის მესაკუთრეა შ. გ.-ი, ხოლო გვიანდელი ჩანაწერის თანახმად – შპს ,,ო.-ა”. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში განხორციელებული ჩანაწერი წარმოადგენს თავდაპირველ ჩანაწერში რეგისტრატორის მიერ შეტანილ შესწორებას იმ მოტივით, რომ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს რეგისტრატორის მიერ სააღრიცხვო ბარათში შეტანის შემთხვევებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შპს ,,ო.-ს” სახელზე თელავის მიწის მართვის რაიონული სამმართველოს მიერ განხორციელებულია ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია შ. გ.-ის, როგორც მესაკუთრის უფლებების გაუმართლებელი შელახვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 19.04.04წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. ფ.-ის და თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ო. ფ.-ის განმარტებით საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 25.06.87წ. ¹193 გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო ქალაქვაჭრობასთან შექმნილ საზოგადოებრივი კვების კოოპერატივ ,,ო.-ს”, სადაც აშენდა სასადილო ,,ო.-ა”. 23.06.93წ. კოოპერატივი ,,ო.-ა” გატარდა ხელახალ რეგისტრაციაში, როგორც ერთი პირის საწარმო და როგორც კოოპერატივ ,,ო.-ს” სამართლამემკვიდრე. საქმის მასალებით დადგენილია აგრეთვე, რომ კოოპერატივ ,,ო.-ს” წევრები იყვნენ შ. გ.-ი და ო. ფ.-ი. ისინი იყვნენ აგრეთვე მათ მიერ ხელახლა რეგისტრაციაში გატარებული ერთი პირი საწარმოს ,,ო.-ის” წევრები. შ. გ.-მ და ო. ფ.-მ 1996 წელს ერთი პირი საწარმო ,,ო.-ს” ბაზაზე დააფუძნეს შპს ,,ო.-ა”. ამდენად, თელავის რაიაღმასკომს შ. გ.-ის ნაკვეთი არც სარგებლობაში და არც მით უმეტეს საკუთრებაში არ გადაუცია.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აღრიცხულ იქნა შ. გ.-ის სახელზე, მაგრამ არ გაარკვია არსებობდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მასზე აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორმა თელავის რაიონის მიწის მათვის სამმართველომ აღნიშნა, რომ 0.5 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 25.06.97წ. ¹193 გადაწყვეტილებით სარგებლობისთვის გამოეყო ქალაქვაჭრობასთან შექმნილ საზოგადოებრივი კვების კოოპერატივ ,,ო.-ს”, რომელზედაც აშენდა სასადილო ,,ო.-ა”. შ. გ.-ს სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში არ გამოყოფია, საჯარო რეესტრში გატარებისათვის მას არ წარმოუდგენია საამისოდ კანონით დადგენილი რაიმე დოკუმენტი. მიწის ნაკვეთის შ. გ.-ის საკუთრებაში დარეგისტრირება ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, კერძოდ, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის – სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
შპს ,,ო.-მ” აღმასკომის მიერ გამოყოფილი და სარგებლობაში არსებული მიწის საკუთრებაში დაკანონებისათვის დირექტორის შ. გ.-ის ხელით გადაიხადა მისი ერთჯერადი გადასახადი და განცხადებით მიმართა მიწის მართვის სამმართველოს რეგისტრატორს ,,ო.-ის” სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის აღრიცხვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით მიწა ითვლებოდა შპს ,,ო.-ის” სარგებლობაში, მიწის მესაკუთრედ შეცდომით დარეგისტრირდა შ. გ.-ი. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე დაშვებული შეცდომის გამოსწორებისთვის რეგისტრაციის იმავე ნომრით 31.10.01წ. გაიცა ახალი მოწმობა, სადაც მესაკუთრედ აღინიშნა შპს “ო.-ა”, რის შესახებაც სარეგისტრაციო ჟურნალში გაკეთდა შენიშვნა ადრე გაცემული სააღრიცხვო ბარათის გაუქმების თაობაზე.
შ. გ.-ის გარდაცვალების გამო, მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.12.04წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა სსკ-ის 281-ე მუხლის საფუძველზე. საკასაციო პალატის 18.12.06წ. განჩინებებით საქმის წარმოება განახლდა, შ. გ.-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ე. გ.-ი, თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ 18.01.99წ. საჯარო რეესტრში განხორციელებული თავდაპირველი ჩანაწერებით სადავო მიწის ნაკვეთი შ. გ.-ის სახელზე აღირიცხა, 625 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულების შესაბამისად გაიცა ,,მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა". საფუძველსმოკლებულია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ შემდგომში შპს ,,ო.-ის" სახელზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღრიცხვა ემყარებოდა რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის მე-7 და 36-ე მუხლებს. ხსენებული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა სააღრიცხვო ბარათში არსებული ნებისმიერი ჩანაწერის გაუქმებას და ახალი სააღრიცხვო ბარათის გახსნის შესაძლებლობას ძველი ჩანაწერის ძალის დაკარგვის ან მასში ასახული მონაცემების ბათილობის შემთხვევაში. საქმეში არ მოიპოვება ძველი ჩანაწერის ძალის დაკარგვის, სააღრიცხვო ბარათში ასახული მონაცემების ბათილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საქმის მასალებით არ დასტურდება 31.10.01წ. რეგისტრაციის განხორციელება საჩივრის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, სზაკ-ის XII თავის მიხედვით, სავალდებულო წესით მოითხოვდა წარმოებაში შ. გ.-ის ჩართვას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ 18.01.99წ. განხორციელებული თავდაპირველი რეგისტრაციის შედეგად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შ. გ.-ის კერძო საკუთრებაში აღირიცხა, რაც გამორიცხავდა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანით ჩანაწერის გაუქმებას. საჯარო რეესტრი წარმოადგენს არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტს, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველს, საჯარო რეესტრში ნაკვეთის შ. გ.-ის სახელზე რეგისტრაციას უფლებაქმნადი ფაქტის მნიშვნელობა აქვს, რომლის შედეგადაც შ. გ.-ს წარმოეშვა საკუთრების უფლება ნაკვეთზე. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის 36-ე მუხლის თანახმად სააღრიცხვო ბარათის შესწორება დასაშვებია შეცდომის ან არასრულყოფილი მონაცემების არსებობისას, რომლებიც მატერიალურ ზეგავლენას არ ახდენენ მესაკუთრეთა ინტერესებზე (მაგ. უფლების შემძენის გვარის არასწორი ჩაწერა, მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა). ცხადია, რომ ასეთად ვერ ჩაითვლება სააღრიცხვო ბარათში მესაკუთრის შეცვლა, 31.10.01წ. ჩანაწერით შ. გ.-ს ჩამოერთვა საკუთრება უძრავ ქონებაზე, რომელიც აღირიცხა აწ უკვე რეგისტრაციაგაუქმებულ შპს ,,ო.-ზე". უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლა დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით ან ყველა დაინტერესებული პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში (36-ე მუხლის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები). ამდენად, სააღრიცხვო ბარათში მესაკუთრის მითითების შეცვლა შესაძლებელი იყო სასამართლოში სარჩელის აღძვრით, რასაც ადგილი არ ჰქონია. შ. გ.-ის სარჩელის განხილვისას თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს. მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სარჩელი არ აღუძრავს ო. ფ.-ს, მას არ მოუთხოვია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში მესამე პირად ჩართვა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. ფ.-ი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 18.04.03წ. საოქმო განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად არის ჩართული (ს.ფ. 31), სააპელაციო პალატის 09.04.01წ. საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ კრძალავს მესამე პირების მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, რითაც ო. ფ.-ი ფაქტიურად მიიჩნია სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმულ იმ სამართალურთიერთობის მონაწილედ, რომლის თაობაზე სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.11.01წ. განჩინებით საქმე ო. ფ.-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით შეწყდა ო. ფ.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, რომლითაც ის ითხოვდა უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთის შპს ,,ო.-ის" ბალანსზე აღრიცხვას. ამასთანავე, თელავის რაიონული სასამართლოს 22.12.03წ. განჩინებით გაუქმდა შპს ,,ო.-ის" რეგისტრაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, საკასაციო საჩივრებში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საკასაციო პალატა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის და სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის და ო. ფ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.04.04წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.