Facebook Twitter

¹ბს-876-843(კ-08) 16 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. გ-ი M(მოსარჩელე)

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. გ-მა 2007 წლის 20 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვან სახელფასო დავალიანების _ 4434,85 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ..... მოადგილედ პირადი შემადგენლობის მუშაობის დარგში, საიდანაც 2005 წლის 3 ნოემბერს გავიდა თადარიგში. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასანაზღაურებელი დარჩა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რაც 4434,85 ლარს შეადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 4434,85 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით _ 1652,83 ლარის ანაზღაურება; ა. გ-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის სახით _ 1156,40 ლარის ანაზღაურებაზე.

სააპელაციო პალატამ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ 2008 წლის 2 აპრილს გაცემული ¹10-08/653 ცნობის და ამავე სამმართველოს 2008 წლის 1 მაისის ცნობის თანახმად, კვების კომპენსაციის სახით 1156,40 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში აღნიშნა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებულია არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ ‘სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სოციალური საკითხების რეგულირების სპეციალურ ნორმას წარმოადგენს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტი _ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ 2008 წლის 2 აპრილს გაცემული ¹10-08/653 ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და იგი ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და “საჯაწო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელე ა. გ-მა მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების ხელფასისა და კვების კომპენსაციის დაკისრება; კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელფასისა და კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორი ყურადღებას ანმახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურობის წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსახიას და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, “დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.