Facebook Twitter

¹ბს-87-82(კ-07) 5 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა კასატორის _ შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც, ,,საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.” საქმეში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ შპს ,,ს-ის” დირექტორს თ. უ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 11 დეკემბერს (ს.ფ.75), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ფოსტაში შეიტანა 2007 წლის 11 იანვარს (ს.ფ.79), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორს საკასციო საჩივარი უნდა შეეტანა 2007 წლის 10 იანვრის 24 საათამდე, მან კი საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 11 იანვარს. ამავე საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებელია კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.