Facebook Twitter

¹ბს-878-840(კ-07) 9 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დ. ლ-ემ 26.12.06წ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 1998-1999 წლების რამოდენიმე თვის ხელფასის 1240 ლარის, ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხის – 900 ლარის, ოფიცრის გადაადგილების თანხის – 720 ლარის და ქ. ბათუმში ცხოვრებისას გადახდილი ბინის ქირის საერთო ოდენობის – 2700 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1993 წლის 1 იანვრიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სისტემაში, არის ..... ვ/პოლკოვნიკი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.08.06წ. ¹1703 ბრძანებით 2006 წლის 17 ივნისიდან, საქართველოს კანონის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუქტის (რეორგანიზაციით და შტატების შემცირებით) თანახმად, დათხოვნილი არის შეიარაღებული ძალების რიგებიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მასთან არ გაუსწორებია საბოლოო ანგარიში, კერძოდ, მიუღებელი აქვს: 1998-1999 წლების რამოდენიმე თვის ხელფასი, საერთო ოდენობით 1240 ლარი; ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხა – 900 ლარის ოდენობით; შიდა მივლინების თანხა – 720 ლარი; მივლინებისას ქ. ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისათვის გადახდილი თანხა საერთო ოდენობით 2700 ლარი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მას, როგორც საჯარო მოხელეს, ეკუთვნოდა მთლიანი ხელფასი დანიშვნის დღიდან გათავისუფლების დღემდე. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად კი მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის ღირებულება, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 15.11.04. ¹493 ბრძანებულების 28-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად – ოფიცრის გადაადგილებისა და ბინის ქირის ღირებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული თანხების დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. ლ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1246.92 (ათასორასორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათორემეტი თეთრი) ლარის, გადაადგილების თანხის 712 (შვიდასთორმეტი) ლარისა და 12 თვის ბინის ქირის თანხის თვეში 225 (ორასოცდახუთი) ლარის გადახდა. დ. ლ-ეს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სანივთე ქონების კომპენსაციის 900 (ცხრაასი) ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე, უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იყო დადგენილი მოსარჩელის თხოვნის საფუძვლიანობა 1998-99 წლების სახელფასო დავალიანების 1296.92ლარის, გადაადგიების თანხა 712 ლარის, 12 თვის ბინის ქირის თანხის თვეში 225 ლარის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ ფორმა-ტანსაცმლის შესაძენად საკუთარ დანახარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის 900 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელი იყო, მოსარჩელეს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.2007წ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.07 განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.04.07წ გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებას, რომლის მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტმა ვერ წარმოადგინა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ დ. ლ-ის ქ. ბათუმში 12 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი დასტურდება ბათუმის თამარის დასახლების ადმინისტრაციის 2005 წლის 04 მაისის ¹929 ცნობით და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 28 თებერვლის ¹72-პ/შ ბრძანებით, ხოლო თვეში გადახდილი თანხის 225 ლარის ოდენობა სადავოდ არ არის გამხდარი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის 2007 წლის 21 მარტის ¹257 წერილით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.07წ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მის სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რა საქალაქო სასამართლოს სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილში, არ შეამოწმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების თანხა ხელზე მისაღები თანხა იყო, თუ დარიცხული ხელფასი, სასამართლომ არ შეამოწმა აგრეთვე ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სსკ-ის 129.2 მუხლის მიხედვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლები, სსსკ-ის 392-ე მუხლი, სსსკ-ის 105.2 მუხლები. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 12 თვის ბინის ქირის გადახდა თვეში 225 ლარის ოდენობით ისე, რომ არ უმსჯელია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ არ მოუძიებია მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ქირავნობის ხელშეკრულების არსებობას. გადაადგილების თანხის 712.12 ლარის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რითაც დაარღვია სსსკ-ის 377.1 მუხლი. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა გადაადგილების ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ჩაითვლებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამადასტურებელ საფუძვლად. სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე ის გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება გარანტიების დაფინანსების ნაწილში წარმოიშობა სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების გამოყოფის შემდეგ, რასაც ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.09.07წ. განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. დ. ლ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღინიშნა, რომ საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები არ არის მართებული და არ ასახავს საქმის ნამდვილ არსს. საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილის და საფინანსო სამსახურის უფროსის 2007 წლის 21 მარტის ¹257 წერილით უტყუარად დასტურდება, რომ სამინისტროს გააჩნია ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება 1246,92 ლარის, გადაადგილების თანხა – 712 ლარის და 12 თვის ბინის ქირის თანხა თვეში 225 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის სისწორეს და მართებულობას, რის გამო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაშვებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.