Facebook Twitter

ბს-879-846(კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ.-მ 20.03.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 18.02.2000წ. გადაწყვეტილებით დადგენილი თანხის ანაზღაურების დავალება, ადმინისტრაციული საქმის წარმოებასა და სასამართლოებში სამართალწარმოებაზე გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯების _ 2000 ლარისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობით, გადაცილებული დროისათვის მოყენებული ზიანის საკომპენსაციოდ კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოპასუხეებისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.05.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მ. ჯ.-ს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის – 1748,45 ლარის თანხის გადაუხდელობით მისთვის მიყენებული ზიანის, 18.02.2000წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღიდან 3084 ლარისა და ინფლაციის გათვალისწინებით 967 ლარის, სასამართლოს გარეშე ხარჯის _ 2000 ლარის მოპასუხეთათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისათვის სოლიდარულად დაკისრებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინებით მ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 04.07.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელეს შეეძლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად მიემართა სასამართლოსთვის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 18.02.2000წ. გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების შეცვლის მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.