¹ბს-880-843(კ-06) 7 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. თ-ას, ი. ხ-ის, ნ. გ-ას, დ. ხ-ისა და ლ. წ-ის წარმომადგენლის _ ი. ნ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 5 თებერვალს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “პ-ის” პირველი ჯგუფის აფთიაქის კოლექტივის წევრების: დ. თ-ას, ი. ხ-ის, ნ. გ-ას, დ. ხ-ის, ლ. წ-ის წარმომადგენელმა ი. ნ-ამ მოპასუხეების: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკონკურსო კომისიის, ც. გ-ისა და მესამე პირების: ნ. კ-ას, ნ. ე-ის, ნ. ბ-ის, დ. ც-ის, მ. გ-ის, ლ. ლ-ის, ლ. ბ-ის, ც. ც-ის, ნ. ხ-ის, ნოტარიუსის _ ქ. ო-ისა და ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ შპს “პ-ის” პირველი ჯგუფის აფთიაქი დაფუძნებულ იქნა თბილისის მერიის მიერ, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. აფთიაქი, როგორც სახაზინო საწარმო, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 1998 წლის 16 მარტს. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში 1999 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად, სახაზინო საწარმო გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა შპს “პ-ის” სახით, რომელიც 2000 წლის 26 ოქტომბრის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა სამეწარმეო რეესტრში. 2002 წლის 18 თებერვალს შპს “პ-ის” დირექტორმა _ დ. თ-ამ წერილობით მიმართა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსს და ითხოვა აღნიშნული ობიექტის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა, რაც დაკმაყოფილდა და თბილისის მთავრობის 2002 წლის 25 აპრილის ¹........ დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა საწარმოს პრივატიზების ნუსხაში შეტანის საკითხი, განისაზღვრა საწარმოს კონკურსის ფორმით პრივატიზება. საპრივატიზაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ შპს “პ-ის” დირექტორს დაევალა საწარმოს საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შეგროვება და წარდგენა. 2003 წლის 21 მარტს განხორციელდა შპს “პ-ის” სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საერთო ტექნიკური პასპორტის შედგენა. დ. თ-ას მიერ, 2002 წლის ოქტომბრის დასაწყისში, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში წარდგენილ იქნა შპს “პ-ის” ტექნიკური პასპორტი, საწარმოს 2002 წლის 1 ოქტომბრისათვის დადგენილ ბალანსთან ერთად, ასევე ცნობა საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ 2002 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია 2002 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საწარმოს რეგისტრირებული წესდება და დადგენილება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. 2002 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში დამატებით წარდგენილ იქნა კომისიური წესით ჩატარებული, საწარმოს ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო აღწერის ფურცელიც _ ინფორმაცია მიწის ფართობისა და ნორმატიული ფასის თაობაზე, აზომვით ნახაზთან ერთად. საპრივატიზებო დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის მიერ გამოიცა 16.10.2002წ. ¹1-3/235 ბრძანება შპს “პ-ის" საპრივატიზებო კომისიის შექმნის შესახებ. 17.10.2002წ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის მიერ გამოიცა ¹1-4/583 ბრძანება შპს “პ-ის" კომერციული კონკურსის წესით პრივატიზების შესახებ, ობიექტის საწყის ღირებულებად განისაზღვრა 17000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნული ღირებულების განსაზღვრა, მოსარჩელეების განმარტებით, მოხდა კანონით დადგენილი წესების უხეში დარღვევით, კერძოდ, ობიექტის ღირებულებაში არ აისახა საწარმოს მიერ წარდგენილი, 2002 წლის 1 ოქტომბრისათვის დადგენილი და განსაზღვრული ბალანსის აქტივი და პასივი, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია 2002 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ასევე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში დამატებით წარდგენილი კომისიური წესით ჩატარებული საწარმოს ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო აღწერის შედეგები ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის ღირებულების შეფასების თაობაზე. საწარმოს ქონების ღირებულება და შენობის საწყისი საბალანსო ღირებულება აღებული იყო 01.08.2000 წლის მდგომარეობით, რაც ასევე არასწორი იყო. კომერციული კონკურსის პირობები გამოქვეყნდა 19.10.2002წ. გაზეთ “ .......-ის” ნომერში. მოსარჩელეებისათვის ცნობილი არ იყო ობიექტის კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის სხდომა შპს “პ-ის" კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ ჩატარდა 19.11.2002წ.-ს. საკონკურსო კომისიამ 2002 წლის 19 ნოემბრის სხდომის დადგენილებით, ობიექტი მოხსა კონკურსიდან განაცხადის შეუვსებლობის გამო. საპრივატიზებო კომისიას დაევალა მოეხდინა ობიექტის გადაფასება და საკონკურსო კომისიისათვის გადაცემა დადგენილი წესის შესაბამისად. 2004 წლის 20 იანვარს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადი შეიტანეს: ფიზიკურმა პირმა მ. თ-ამ და ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელმა _ ც. გ-მა. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან არსებულმა საკონკურსო კომისიამ დაადგინა, რომ კონკურსში გამარჯვებულად ჩათვლილიყო ფიზიკურ პირთა ჯგუფი.
საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმით ¹20, ობიექტი გაიყიდა 45 000 აშშ დოლარად, ამასთან ოქმზე ხელმოწერის შემდეგ ქონების მყიდველმა და გამყიდველმა აიღეს ვალდებულება, არსებული წესების დაცვით გაეფორმებინათ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის _ ვ. ჩ-ის 2004 წლის 22 იანვრის ¹1-4/33 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა 2004 წლის 21 იანვრის კომისიის სხდომის ოქმი ¹20 ვაკე-საბურთალოს რაიონში, ......... ¹16-ში მდებარე შპს “პ-ის” 100%-იანი წილის 45000 აშშ დოლარად პრივატიზების შესახებ. აქედან გამომდინარე, 2004 წლის 28 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ. ნ-სა და მეორე მხრივ, ც. გ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
თბილისის პრემიერის 27.01.2003. ¹70 განკარგულების საფუძველზე, კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების მიზნით, შეიქმნა საწარმოს საქმიანობის შემსწავლელი კომისია. აღნიშნული კომისია მუშაობას შეუდგა 2003 წლის 6 თებერვალს, მაგრამ 2003 წლის 12 თებერვალს საწარმოს დირექტორს სიტყვიერად ეცნობა კოლექტიური შრომითი დავის დროებითი შეჩერების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საწარმოს რწმუნებულმა დააყენა მოთხოვნა კომისიის მუშაობის შეჩერებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან კომისიის მიერ შესასწავლილი, უკანონო პრივატიზაციისა და უფლებების შელახვის ფაქტების შესახებ საკითხები თანამშრომელთა ჯგუფს, ჯერ კიდევ 22.01.2003წ. ჰქონდა შეტანილი ანალოგიური შინაარსის ორი დამოუკიდებელი სარჩელი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში.
მოსარჩელეების განმარტებით, 2003 წლის 19-20 დეკემბერს გაზეთში ხელმეორედ გამოცხადდა შპს “პ-ის” პრივატიზების კომერციული კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ შპს “პ-ის” 2002 წლის 4 დეკემბრის ¹48 წერილის საფუძველზე, საწარმოს კოლექტივში წარმოშობილი პრობლემების გამო, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 04.12.2002წ-ს. ¹1-3/274 ბრძანებით, ამავე სამმართველოს საწარმოთა პრვატიზების განყოფილებას დაევალა, დროებით შეეჩერებინა შპს “პ-ის” პრივატიზება. 2003 წლის 28 მარტს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ქონების პრივატიზება დაევალა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს.
2003 წლის ოქტომბერში მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა საწარმოს პრივატიზების პროცესის განახლების თაობაზე. პრივატიზების სამსახურის მიერ გათვალისწინებულ არ იქნა ის გარემოება, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს ბალანსში შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ცვლილებებს. კონკურსში გამოცხადებული ფართი არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულ ფართს. კონკურსზე გამოცხადებული ფართი რეალურად ირიცხებოდა ორი საწარმოს, შპს “პ-ისა” და შპს “ს-ის” ბალანსზე.
2003 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის მიერ გამოიცა ¹1-4/359 ბრძანება შპს “პ-ის” 100%-იანი წლის საპრივატიზებო ღირებულების 50%-ით შემცირების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით, მოსარჩელეების მოსაზრებით, დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 3.3 მუხლის “გ" ქვეპუნქტი, 7.2, 9.1, 9.3 და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების 2.8 მუხლების მოთხოვნები.
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკონკურსო კომისიის მიერ იგნორირებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.0.31999წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების 2.14 მუხლის, 3.1 მუხლის “ე" ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: საკონკურსო კომისიას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ უნდა დაეშვა ც. გ-ი, როგორც ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელი, ვინაიდან თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ქ. ო-ის მიერ 08.01.2004წ. ნოტარიულად დამოწმებული სახელშეკრულებო ვალდებულება, რომლითაც ც. გ-ს მიენიჭა ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენლობის უფლებამოსილება, არ შეესაბამებოდა იუსტიციის მინისტრის 29.08.2001 წლის ¹321 ბრძანებით დამტკიცებულ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ თანდართული ინსტრუქციის” მე-15 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ დამოწმებულმა სახელშეკრულებო ვალდებულებამ მოიცვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ზოგადად, მაშინ, როდესაც სანოტარო აქტის _ სახელშეკრულებო ვალდებულების შედგენისა და გაფორმების შემდეგ სავალდებულო იყო მინდობილობის გაცემაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელს შორის 2004 წლის 28 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ: თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003 წლის 19 დეკემბრის ¹1-4/359 ბრძანების, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის 2004 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი ¹20-ის შემაჯამებელი შედეგების, 2004 წლის 22 იანვრის კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ ¹1-4/33 ბრძანების 1.2 ქვეპუნქტისა და თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელ ც. გ-ს შორის 2004 წლის 28 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის (განვადებით) ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
ასევე, მოსარჩელეები ითხოვდნენ სასარჩელო განცხადების უზრუნველყოფის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე მუხლებისა და 198.2 მუხლის “ბ" პუნქტის საფუძველზე, მოპასუხე ც. გ-ს, როგორც ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელსა და მესამე პირებს, ფიზიკურ პირთა ჯგუფის სახით, აკრძალვოდათ შპს “პ-ის” საწესდებო კაპიტალში შემავალი ქონების ნაწილზე მფლობელობისა და სარგებლობის განხორციელება, ამ ფართში სარემონტო და სხვა ნებისმიერი სამუშაოების შესრულება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა.
2004 წლის 11 თებერვალს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ი. ნ-ამ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც მოითხოვა:
2004 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქონების გადაცემის შეჩერება მოპასუხე ფიზიკურ პირთა წარმომადგენელ _ ც. გ-ზე და ასევე, მესამე პირებზე _ ფიზიკურ პირთა ჯგუფზე. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს აკრძალვოდა მოპასუხე ც. გ-სა და მესამე პირების _ ფიზიკური ჯგუფის წევრებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელ ც. გ-ს და, ასევე მესამე პირებს _ ფიზიკურ პირთა ჯგუფს აკრძალვოდათ კონკურსის პირობებით გათვალისწინებულ ობიექტში სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს აეკრძალა მოპასუხე _ ც. გ-სა და მესამე პირების _ ფიზიკური ჯგუფის წარმომადგენლებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის და 12 თებერვლის განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა დ. ც-მა და მოითხოვა 2004 წლის 9 თებერვლის და 12 თებერვლის განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის და 12 თებერვლის განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანეს, აგრეთვე, მესამე პირთა წარმომადგენელმა ლ. ც-ამ და მოპასუხე ც. გ-მა. კერძო საჩივრის ავტორები ითხოვდნენ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს დაკისრებოდა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა ერთი კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმებულიყო ზემოთ აღნიშნული განჩინებები.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ც-ის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენლის _ ლ. ც-ასა და მოპასუხის _ ც. გ-ის კერძო საჩივრები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის განჩინებით ფიზიკურ პირთა ჯგუფის: მ. გ-ის, ლ. ლ-ის, ნ. კ-ას, ც. გ-ის, ნ. ბ-ის, ც. ც-ის, ნ. ხ-ის, ნ. ე-ის, ლ. ბ-ის, დ. ც-ის წარმომადგენლის _ ლ. ც-ასა და ც. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლისა და 12 თებერვლის განჩინებები.
მოსარჩელეების: დ. თ-ას, ი. ხ-ის, ნ. გ-ას, დ. ხ-ისა და ლ. წ-ის წარმომადგენლის _ ი. ნ-ას შუამდგომლობები სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა შპს “პ-ის” საწესდებო კაპიტალში შემავალ ქონების ნაწილზე (270 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე) მფლობელობისა და სარგებლობის, ამავე ფართში სარემონტო სამუშაოებისა და სხვა ნებისმიერი სამუშაოების მოპასუხეებისთვის შესრულების აკრძალვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შუამდგომლობა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის მოპასუხეებზე შპს “პ-ის” საწესდებო კაპიტალში შემავალ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის აკრძალვის თაობაზე.
2004 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელეების წარმომადგენელმა _ ი. ნ-ამ წარმოადგინა დამატებითი სარჩელი, რომელშიც მიუთითებდა, რომ 2004 წლის 27 აგვისტოს ც. გ-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23-3-კ. ობიექტის მყიდველებმა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით 2004 წლის 30 აგვისტოს ჩაატარეს პარტნიორთა საერთო კრება, ხოლო 31.08.2004 წელს მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში შპს “პ-ის” ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით ისე, რომ საჯარო რეესტრისთვის არც კი მიუმართავთ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 345-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან არ იყო წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
2004 წლის 16 სექტემბერს ფიზიკურ პირთა ჯგუფმა მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მოთხოვნით, რათა შესულიყვნენ საწარმოში. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი გამოიწერა, რომელიც ჩაჰბარდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. იძულებითი აღსრულების ღონისძიება შედგა 27 სექტემბერს.
03.09.04 წ. სამეწარმეო რეესტრში კანონდარღვევით მოპოვებული ცვლილებების რეგისტრაცია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით შეაჩერა სამი თვის ვადით, ხარვეზის გამოსასწორებლად და არ გააუქმა, რაც ასევე ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს.
საწარმო დადგენილი წესით ოფიციალურად გადაბარებული არ იყო, ხოლო საწარმოში ირიცხებოდა, დაახლოებით 100000 ლარის ქონება, მათ შორის _ ძლიერ მოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების წარმომადგენელი ითხოვდა საქმეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ჩართვასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2004 წლის 27 აგვისტოს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/3-კ-ს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2004 წლის 4 ოქტომბერს გაცემული საჯარო რეესტრის უძრავი ქონების ამონაწერის ბათილად ცნობას.
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და თბილისის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. თ-ას, ი. ხ-ის, ნ. გ-ას, დ. ხ-ისა და ლ. წ-ის წარმომადგენლის _ ი. ნ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ შპს “პ-ს” და მისი 100%-იანი წილის შემძენს არანაირი უფლება არ წარმოშობიათ ზედმეტ ფართზე, თუU ასეთი არსებობდა, ეს უფლებები ვრცელდებოდა მხოლოდ 270 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართსა და მის შესაბამის მიწის ნაკვეთზე. ასეთი შეუსაბამობის არსებობისას დავის უფლება გააჩნდათ არა კონკრეტულ მოსარჩელეებს, არამედ ნამეტი ფართის ბალანსის მფლობელს _ შპს “ს-ს”. ამ გარემოებათა არსებობის შესახებ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებანი, რაც მას პირდაპირ ევალებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების შესაბამისად.
ც. გ-ი, როგორც ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელი, მოქმედებდა 2004 წლის 8 იანვარს სანოტარო ფორმით დამოწმებული სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე და მისი უფლებამოსილება სადავო შეიძლება გაეხადათ თვით იმ პირებს, ვინც მას მიანიჭა ეს უფლებამოსილება.
სარჩელი თავისი სამართლებრივი ბუნებთ აღიარებით სარჩელს წარმოადგენდა და იგი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნებთან. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს ისეთი უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესაძლებლობას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და იმ ნორმატიული აქტებიდან, რომლებიც აწესრიგებს ადმინისტრაციულ სამართლებრივი ურთიერთობის სფეროს. აღნიშნული ნორმით აღიარებითი სარჩელი დასაშვებია იმ პირობით, თუ უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენას მოსარჩელეთათვის ჰქონდა კანონიერი ინტერესი, ესე იგი, თუ მოსარჩელე მიუთითებდა იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომა მის კანონით დაცულ ინტერესს შეეხებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელეებმა მიუთითეს სამართლებრივი შედეგისადმი სახელმწფოს, კეთილსინდისერ მყიდველთა და საკუთარ ინტერესებზეც, მაგრამ ვერ დაასახელეს კონკრეტული ინტერესი ან უფლება, რომლითაც პირდაპირი ან უშუალო ზიანი მიადგათ გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციული აქტებით, ან ადმინისტრაცული გარიგებით, ხოლო სამართლებრივი შედეგი, რაც შეიძლებოდა დამდგარიყო სარჩელის დაკმაყოფილებისას, არ წარმოშობდა მოსარჩელეებისათვის რაიმე დადებით შედეგებს, შესაბამისად, უარყოფილ იქნა სარჩელი როგორც უსაფუძვლობის, ასევე დაუშვებლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ი. ნ-ამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ 2002 წლის 19 ნოემბერს გამართულ პირველ კონკურსზე ობიექტი ვერ იქნა პრივატიზებული განაცხადის შეუსვლელობის მიზეზით, რის გამოც ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება განახევრდა და შეადგინა 8500 აშშ დოლარი. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ 2002 წლის 19 ნოემბერს გამართული სხდომის შემდეგ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მესვეურთათვის საწარმოს ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით უკვე ცნობილი იყო ობიექტის საპრივატიზებო დოკუმენტაციაში ხარვეზების არსებობის თაობაზე, რის გამოც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უნდა უზრუნველეყო მათი აღმოფხვრა და ცვლილებების შეტანა, ანუ რეალურად დაედგინა ობიექტისა და შესაბამისი მიწის ფართი, აქედან გამომდინარე, საპრივატიზებო ობიექტის საწყისი რეალური ფასიც. აღნიშნულის განხორციელების შემდეგ კი საკონკურსო კომისიისადმი წარდგენილი იქნებოდა სახელმწიფო ქონების სრულყოფილი და რეალური საპრივატიზებო დოკუმენტაციის პაკეტი.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეები ობიექტის განმეორებითი კონკურსის საჯაროდ გამოცხადებას ეჭვქვეშ კი არ აყენებდნენ, არამედ ასაჩივრებდნენ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევით, 2004 წლის 21 იანვარს დანიშნულ განმეორებით კონკურსსა და მის სამართლებრივ შედეგებს.
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის 19.12.2003წ. ¹1-4/359 ბრძანება მიღებული იყო ერთპიროვნულად, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 3.3 მუხლის “გ" ქვეპუნქტის და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების 2.8 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელმა ც. გ-მა საპრივატიზებო თანხა 45 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადაიხადა შპს “პ-ის" 100%-იან წილში, მაშინ როდესაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში საწარმოს მაშინდელი დირექტორის _ თ-ას მიერ წარდგენილ საწარმოს საბალანსო მონაცემებით საწარმოს დავალიანება ერიცხებოდა კრედიტორების წინაშე 53 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საკონკურსო პირობების თანახმად, დასაფარი იყო შპს “პ-ის” 100%-იანი წილის გასხვისებისას.
არასწორი იყო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ წილის შემძენს არანაირი უფლება არ წარმოშობია ზედმეტ 49 კვ.მ-ზე, როდესაც სარჩელსა და მასზე წარდგენილ დანართის მასალებში ჩანდა, რომ გასხვისდა 319 კვ.მ, ნაცვლად კონკურსზე გამოცხადებული 270 კვ.მ-ისა. შემძენი ფლობდა და განკარგავდა 319 კვ.მ ფართს _ ნაცვლად კონკურსზე გამოცხადებული 270 კვ.მ-ისა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკონკურსო კომისიის მიერ ინგორირებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.1999წ. ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორით პრივატიზების შესახებ" დებულების 2.14 მუხლის; 3.1 მუხლის “ე" ქვეპუნქტის; მე-4 მუხლის 1-11 პუნქტების მოთხოვნები.
თუ 2004 წლის 9 და 11 თებერვლის შესაბამისი განჩინებებით დაკმაყოფილდა განცხადებები სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ე.ი. ამ პერიოდისათვის სარჩელი დასაშვებიც იყო და საფუძვლიანიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები ითხოვდნენ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებით, საქმეში სათანადო მოპასუხეებად (თანამოპასუხეებად) ჩაებნენ მესამე პირები: ნ. კ-ა, ნ. ე-ი, ნ. ბ-ე, დ. ც-ი, მ. გ-ი, ლ. ბ-ე, ც. ც-ი, ლ. ლ-ე და ნ. ხ-ი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა მარწმუნებელთა სახელით უარი განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე. საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება სასარჩელო განცხადების აღნიშნულ ნაწილზე შეწყდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დ. თ-ას, ნ. გ-ას, ი. ხ-ის, დ. ხ-ისა და ლ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. თ-ას, ნ. გ-ას, ი. ხ-ის, დ. ხ-ისა და ლ. წ-ის წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ არ იზიარებდა მოსარჩელეთა მოსაზრებას, იმის შესახებ რომ შპს “პ-ის” 100% წილის გასხვისებისას არ იყო შექმნილი საპრივატიზებო კომისია. საქმეში მოიპოვება “თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 16 ოქტომბრის ¹1-3/235 ბრძანება, რომლითაც შეიქმნა საპრივატიზებო კომისია შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ბ. თ-ი, წევრები: მ. ბ-ე და ლ. ნ-ი. კომისიამ მოახდინა შპს “პ-ის” 100% წილის შეფასება, რამაც შეადგინა 17 000 აშშ დოლარი. სამმართველოს 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1-4/583 ბრძანებით პრივატიზების ფორმით განისაზღვრა კომერციული კონკურსი, ხოლო საპრივატიზებო ღირებულებად 17 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში.
ზემოაღნიშნული ბრძანება მოსარჩელეთა მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული, არამედ მათ გაასაჩივრეს და უკანონოდ მიიჩნიეს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003 წლის 19 დეკემბრის ¹1-4/359 ბრძანება, რომლითაც განახევრდა საპრივატიზებო ღირებულება _ 8500 აშშ დოლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თუ თავდაპირველი ბრძანება _ საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასი არ იქნა გასაჩივრებული, ანუ იგი კანონიერი იყო, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი იმაზე აპელირების, რომ განახევრებული ფასი არ იყო რეალური. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის 7.8 მუხლის თანახმად, თუ არ მოხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. 2003 წლის 19 დეკემბრის ბრძანება გამოცემულია აღნიშნული კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 14 მაისის ¹1-4/359 ბრძანების შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. მართებულად იქნა აღნიშნული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომ დავა საპრივატიზებო ობიექტის განახევრებული ღირებულების თითქოსდა არასწორად გამოთვლის ან მისი შესაძლო შემცირების შესახებ, უსაგნოა, რადგან მოპასუხეებმა _ ფიზიკურ პირთა ჯგუფმა შპს “პ-ის” 100% წილი შეიძინეს 45 ათასს აშშ დოლარად, რაც ბევრად აღემატება საწყის ღირებულებასაც.
ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ კრედიტორულ-დებიტორული დავალიანებები გასასხვისებელი წილის განუყოფელი ნაწილია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოხდა შპს “პ-ის” 100% წილის და არა საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზება. “მეწარმეთა შესახებ" კანონის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პარტნიორები პასუხს არ აგებენ საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე. ამრიგად, ის ვალდებულებები, რაც შპს “პ-ს” გააჩნდა, ცხადია, წილის გასხვისების შემდეგაც, ძალაში რჩება. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ საკითხებზე შეიძლება იდავონ იმ პირებმა, რომლებიც საზოგადოების კრედიტორებს წარმოადგენენ და არა ხსენებულმა მოსარჩელეებმა.
აპელანტები (მოსარჩელეები) მიუთითებენ, რომ საკონკურსო კომისიას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ უნდა დაეშვა ც. გ-ი, როგორც ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელი, რადგან ნოტარიუს _ ქ. ო-ის მიერ დამოწმებული ხელშეკრულება, რომლითაც ც. გ-ს მიენიჭა წარმომადენლის უფლებამოსილება, არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ დავაზე აღნიშნული საკითხი არ შეიძლება გახდეს სასამართლოს განსჯის საგანი, რამდენადაც მოსარჩელეებს არ მიუღიათ კონკურსში მონაწილეობა და შესაბამისად, მათი უფლებაც, თუ ც. გ-ი უხარვეზო რწმუნებულებით იქნებოდა დაშვებული კონკურსზე, ვერ შეილახებოდა. ერთადერთი სუბიექტი, ვისი უფლებაც შესაძლოა შელახულიყო ამით, თუკი მართლაც ჰქონდა ადგილი მითითებულ დარღვევას, იქნებოდა ც. გ-ისა და მის მარწმუნებელთა კონკურენტი, კონკურსის მონაწილე _ მ. თ-ა. სწორედ მას ჰქონდა უფლება, აღეძრა სარჩელი ხსენებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საპრივატიზაციო პროცესი პრვატიზების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა და სწორედ მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს რა სისწრაფით უნდა განახორციელოს მან აღნიშნული პროცესი, როდის უნდა შეაჩეროს და როდის განაახლოს იგი.
სააპელაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტების (მოსარჩელეთა) მითითება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა წილის შემძენი საკუთრების უფლებით ფლობს და განკარგავს 319 კვ.მ ფართს, ნაცვლად 270 კვ.მ-სა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “პ-ის” საკუთრებაშია მე-3 სართულზე არსებული ფართი _ 291,42 კვ.მ და სარდაფი _ 68,58 კვ.მ, რაც მთლიანობაში შეადგენს 270 კვ.მ-ს (ტ.II, ს.ფ. 58). ამრიგად, არ დასტურდება, რომ პრივატიზების სამმართველოს მიერ გასხვისდა 319 კვ.მ ფართი, ნაცვლად კონკურსზე გამოცხადებული 270 კვ.მ-ისა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეში გასხვისდა არა საწარმოს უძრავი ქონება, არამედ შპს “პ-ის” 100% წილი, ანუ საზოგადოებას, რაც აქტივ-პასივები გააჩნდა, პარტნიორის გამოცვლის შემდეგაც, იგივე დარჩა. თუ საზოგადოება ( და არა პარტიორები) უკანონოდ ფლობს და სარგებლობს სხვისი ფართით, მაშინ მესაკუთრეს სრული უფლება გააჩნია ვინდიკაციური სარჩელი აღძრას მის მიმართ და უკანვე გამოითხოვოს უკანონო მფლობელობაში მყოფი ნივთი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-ას, ი. ხ-ის, ნ. გ-ას, დ. ხ-ისა და ლ. წ-ის წარმომადგენლმა ი. ნ-ამ.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში, ამასთან, მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოუკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,პ-ის” I ჯგუფის აფთიაქის კოლექტივის წევრების წარმომადგენლის ი. ნ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს ,,პ-ის” I ჯგუფის აფთიაქის კოლექტივის წევრების წარმომადგენლის ი. ნ-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს ,,პ-ის” I ჯგუფის აფთიაქის კოლექტივის წევრების წარმომადგენლის ი. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს შპს ,,პ-ის” I ჯგუფის აფთიაქის კოლექტივის წევრების წარმომადგენლის ი. ნ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,პ-ის” I ჯგუფის აფთიაქის კოლექტივის წევრების წარმომადგენელს ი. ნ-ას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.