¹ბს-881-844(კ-06) 6 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ლ. ჭანტურიას მდივნობით
კასატორი (მოპასუხე) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
წარმომადგენელი: ე. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ არ გამოცხადდა
გ. ღ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ პენსიის დანიშვნა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2003 წლის 10 დეკემბერს გ. ღ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სოცდაზღვევის ფონდის დავალდებულება, რათა 2004 წლის ივნისიდან მოსარჩელის პენსია გადაეანგარიშებინა რეალური ხელფასის _ თანამდებობრივი განაკვეთის 400 ლარიდან, რაც შეადგენს 340 ლარს, 2004 წლის იანვრიდან პენსიის დანიშვნა 340 ლარის ოდენობით, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ფონდისათვის პენსიის უკანონოდ დანიშვნის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის _ 7,015 ლარისა და 39 თეთრის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 2-7/.
საქმის გარემოებები:
1993 წლიდან 1999 წლის თებერვლამდე მოსარჩელე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურში, 1999 წლიდან კი სამსახური განაგრძო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, კერძოდ, 1999 წლის 3 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ღ-ეს შორის გაფორმებული ¹....... ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო რაზმ ,, ........ ” მეთაურად და დაენიშნა ხელფასი 400 ლარი. 2000 წლის 14 აპრილს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 11 აპრილის ¹70 ბრძანებით სპეცდანიშნულების რაზმ ,, ...... ” პირადი შემადგენლობა მივლინებულ იქნა ქ. ბოლნისის აეროდრომზე პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად. 2000 წლის 22 აპრილს ბოლნისის აეროდრომიდან დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისას სამსახურებრივი ავტომანქანის შემხვედრ ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები, რის შემდეგაც დაუდგინდა ინვალიდობის II ჯგუფი. მოსარჩელე 2000 წლის 20 აგვისტოს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო 2001 წლის 21 ივნისის ¹1485 ბრძანებით, ავადმყოფობის გამო, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, რაც, მოსარჩელის აზრით, განხორციელდა 1999 წლის 3 აგვისტოს, კონტრაქტის პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, მისი თანამდებობრივი განაკვეთი, კონტრაქტის თანახმად, შეადგენდა 400 ლარს, თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ კი ხელფასი გაანგარიშებულ იქნა 115,41 ლარის ოდენობით. სოცუზრუნველყოფის ფონდმა უკანონოდ დაუნიშნა მას პენსია 98,09 ლარი და არ გაითვალისწინა საპენსიო საქმეში არსებული 2001 წლის ივნისის სამხედრო ნაწილის მეთაურისა და საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი ¹242 ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე 1999 წლის 15 სექტემბრიდან ღებულობდა თანამდებობრივ განაკვეთს 400 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას პენსია უნდა დაენიშნოს რეალური ხელფასის (400 ლარიდან) 85%, რაც შეადგენს 340 ლარს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს პენსია უნდა დანიშვნოდა 2001 წლის ივლისიდან, ნაცვლად 98,09 ლარისა, მან განიცადა მატერიალური ზიანი 701,39 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-7).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოსარჩელისათვის უკანონოდ დანიშნული პენსია 98,10 ლარის ოდენობით და მას პენსიის სახით ყოველთვიურად დაენიშნა 340 ლარი, ასევე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის _ 7015 ლარის, ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის, სულ 12 თვის, 4080 ლარის ანაზღაურება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
გ. ღ-ე 1993 წლიდან 1999 წლის თებერვლამდე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურში, 1999 წლის თებერვლიდან სამსახური განაგრძო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 1999 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელესა და სამინისტროს კადრების სამმართველოს შორის გაფორმდა კონტრაქტი ¹...... , რომლითაც განისაზღვრა გ. ღ-ის, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო რაზმ “ ....... ” მეთაურისა და თავდაცვის სამინისტროს უფლება-მოვალეობები, კონტრაქტით განისაზღვრა გ. ღ-ის ხელფასი 400 ლარის ოდენობით. 2000 წლის 14 აპრილს მოსარჩელე რაზმ “ ....... ” პირად შემადგენლობასთან ერთად მივლინებულ იქნა ქალაქ ბოლნისის აეროდრომზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად. 2000 წლის 22 აპრილს ბოლნისის აეროდრომიდან დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების დროს სოფელ ....... მიდამოებში რაზმის წევრებთან ერთად შეეჯახა შემხვედრ ა/მანქანას, მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, მკურნალობის შემდეგ დაუდგინდა II ჯგუფი, ხოლო 2001 წლის 21 ივნისს დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. გ. ღ-ეს 2001 წლის 21 ივნისიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დაენიშნა პენსია 98 ლარისა და 9 თეთრის ოდენობით, ხელფასის _ 115.41 ლარის გადაანგარიშებით. გ. ღ-ის თანამდებობრივი სარგო მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეადგენდა 400 ლარს, რომლის 85%-ს წარმოადგენდა 340 ლარი, ამასთან, გ. ღ-ეს უკანონოდ დაენიშნა პენსია 2001 წლის 21 ივნისიდან. ამდენად, მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენდა 7.015 ლარს და 39 თეთრს.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-17, მე-20 და მე-10 მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელეს უკანონოდ ჰქონდა დანიშნული პენსია 98,9 ლარის ოდენობით ხელფასის _ 115,41 ლარის გაანგარიშებით, რამდენადაც გ. ღ-ის ხელფასი კონტრაქტის თანახმად, იყო 400 ლარი და, შესაბამისად, პენსიის დანიშვნაც უნდა მომხდარიყო ხელფასის, 400 ლარის, გაანგარიშებით. L
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ღ-ეს სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის უნდა ანაზღაურებოდა 12 თვის ოდენობით, მიყენებული ზიანი 7.015 ლარისა და 39 თეთრის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენდა 11.095,39 ლარს (ს.ფ. 123-126).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოცდაზღვევის ფონდმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
გ. ღ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 1993 წლის 3 აგვისტოს გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმად, გ. ღ-ეს სადაზვერვო რაზმის მეთაურის მოვალეობის შესრულებისათვის, აღნიშნული კონტრაქტით განესაზღვრა ხელფასი თვეში 400 ლარის ოდენობით. ამავე კონტრაქტში მითითებულია, რომ თუ რაიმე მიზეზით დაირღვა, მაშინ კონტრაქტი ითვლება გაუქმებულად. 2000 წლის 22 აპრილს გ. ღ-ე მოყვა ავტოკატასტროფაში, მიიღო სხეულის დაზიანება და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაუდგინდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა, რის შემდეგაც მას დაენიშნა ინვალიდობის პენსია თავდაცვის სამინისტროს ხაზით, მისი შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რაც შეადგენდა 115,41 ლარს.
აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა /პენსიის გადაანგარიშება 400 ლარიდან/ იყო უსაფუძვლო, რამდენადაც იმ დროისათვის მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 115,41 ლარს, ხოლო 400 ლარი წარმოადგენდა იმ თანხას, რომელსაც იგი იღებდა კონტრაქტით მოვალეობის შესრულებისას. ამასთან, რაიონული სასამართლოს მიერ ფონდს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უსაფუძვლო იყო, რამდენადაც გაუგებარია თუ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს და რა საფუძვლით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში (ს.ფ. 127-128).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 154-161).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-ემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (ს.ფ. 167-180).
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 191-199/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვერის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა გ. ღ-თვის ყოველთვიური პენსიის დანიშვნა 340 ლარის ოდენობით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, მასვე დაევალა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურება 2001 წლის 21 ივნისიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
გ. ღ-ე 1993 წლიდან 1999 წლის თებერვლამდე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურში, 1999 წლის თებერვლიდან სამსახური განაგრძო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 1999 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელესა და სამინისტროს კადრების სამმართველოს შორის გაფორმდა კონტრაქტი ¹....... , რომლითაც გ. ღ-ეს უნდა შეესრულებინა დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო რაზმ “ ...... ” მეთაურის თანამდებობით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობები. კონტრაქტის მე-4 პუნქტით ასევე განისაზღვრა გ. ღ-ის ხელფასი 400 ლარის ოდენობით, ხუთი წლის განმავლობაში. ამასთან, კონტრაქტის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად განსაზღვრული იყო ავადმყოფობა ან დასახიჩრება, რაც შეუძლებელს გახდიდა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის გაგრძელებას. 2000 წლის 14 აპრილს მოსარჩელე რაზმ “ ....... ” პირად შემადგენლობასთან ერთად მივლინებულ იქნა ქალაქ ბოლნისის აეროდრომზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად. 2000 წლის 22 აპრილს ბოლნისის აეროდრომიდან დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების დროს სოფელ ....... მიდამოებში რაზმის წევრებთან ერთად შეეჯახა შემხვედრ ა/მანქანას, მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, მკურნალობის შემდეგ დაუდგინდა II ჯგუფი, ხოლო 2001 წლის 21 ივნისს დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა პატივსადები მიზეზის გამო _ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ინვალიდობის შედეგად.
ის გარემოება, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება მოპასუხესთან დადებული კონტრაქტის თანახმად შეადგენდა 400 ლარს, დასტურდებოდა მხარეთა შორის არსებული შრომის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 3 აგვისტოს ბრძანებით და სამინისტროს მიერ გაცემული 2001 წლის ცნობით, ასევე საქმეში წარმოდგენილი იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 24 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ღ-ის ანაზღაურება შეადგენდა 400 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე, 266-ე მუხლები, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-17, მე-20 “ბ”, მე-10 მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელის სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 285-294/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთანმა სახელმწიფო ფონდმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ღ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 300-301/
კასაციის მოტივი:
პენსიის გადაანგარიშება კონტრაქტით განსაზღვრული თანხის მიხედვით იყო არაკანონიერი, ვინაიდან “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურება” განისაზღვრებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით, რომლის შესაბამისად, იმ პერიოდში მოქმედი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10 და მე-12 მუხლების თანხმად, ხდებოდა პენსიის დაანგარიშება და არა ორ სუბიექტს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული დანამატიდან, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, ასევე “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონით დაუშვებელია ნებისმიერი კონტრაქტი იერარქიულად უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით დადგენილი, სამხედრო ხაზით ინვალიდობის პენსიის დანიშვნის პირობები, რამდენადაც ამ სახის პენსიის დანიშვნისას თანხა გამოიანგარიშება არა კონტრაქტიდან, არამედ კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოდან.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ღ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებები სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ. ღ-ე 1993 წლიდან 1999 წლის თებერვლამდე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურში, 1999 წლის თებერვლიდან სამსახური განაგრძო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 1999 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელესა და სამინისტროს კადრების სამმართველოს შორის გაფორმდა კონტრაქტი ¹...... , რომლითაც გ. ღ-ეს უნდა შეესრულებინა დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო რაზმ “ ........ ” მეთაურის თანამდებობით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობები. კონტრაქტის მე-4 პუნქტით განისაზღვრა გ. ღ-ის ხელფასი 400 ლარის ოდენობით, ხუთი წლის განმავლობაში. ამასთან, კონტრაქტის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად მითითებულია ავადმყოფობა ან დასახიჩრება, რაც შეუძლებელს გახდიდა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურის ვადის გაგრძელებას. 2000 წლის 14 აპრილს მოსარჩელე რაზმ “ ......” პირად შემადგენლობასთან ერთად მივლინებულ იქნა ქალაქ ბოლნისის აეროდრომზე პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად. 2000 წლის 22 აპრილს ბოლნისის აეროდრომიდან დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების დროს სოფელ ........ მიდამოებში რაზმის წევრებთან ერთად შეეჯახა შემხვედრ ა/მანქანას, მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, მკურნალობის შემდეგ დაუდგინდა II ჯგუფი, ხოლო 2001 წლის 21 ივნისს დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა პატივსადები მიზეზის გამო _ სამსახურებრივი მოვალეობოს შესრულებისას მიღებული ინვალიდობის შედეგად. ასევე სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 24 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ღ-ის ანაზღაურება შეადგენდა 400 ლარს.
ის გარემოება, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება მოპასუხესთან დადებული კონტრაქტის თანახმად შეადგენდა 400 ლარს, დასტურდებოდა მხარეთა შორის არსებული შრომის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 3 აგვისტოს ბრძანებით და სამინისტროს მიერ გაცემული 2001 წლის ცნობით. ამასთან, საქმის მასალებში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ. ღ-ის ხელფასი შეადგენდა 115,41, ლარს, რაც მოიცავს თანამდებობრივ განაკვეთს, წოდების სარგოს, პროცენტულ დანამატს ნამსახურობის წლებზე და სასურსათო ულუფას.
ზემოაღნიშნული ცნობის საფუძველზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ მოხდა გ. ღ-თვის პენსიის დაანგარიშება “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად განსაზღვრულია დაინვალიდებულ პირველ და მეორე ჯგუფის ინვალიდ პირთათვის 85 პროცენტი იმ ფულადი სარგოდან, რომელიც დადგენილია ამ კანონის მე-10 მუხლით /იხ.ს.ფ. 28, 38/.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სადავო სამართალურთიერთობას არასწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა, კერძოდ, “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურება” განისაზღვრებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით, რომლის შესაბამისად, იმ პერიოდში მოქმედი “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-10 და მე-12 მუხლების თანახმად ხდებოდა პენსიის დაანგარიშება და არა ორ სუბიექტს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული დანამატიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით განისაზვღრა “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, შინადან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობები, ხოლო მითითებული დადგენილების მე-2 პუნატის თანახმად, თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა დამტკიცებული კოეფიციენტით, შრომის ანაზღაურების მინიმალური დონიდან.
საკასაციო სასამართლო “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 10.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პენსიის გადაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოები ინდექსაციის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, სამხედრო მოსამსახურის ხელფასი შედგება თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულებისაგან ინდექსაციის გათვალისწინებით, მაშინ, როცა გ. ღ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული კონტრაქტის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ 400 ლარი არსებული კონტრაქტის თანახმად წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურებას, ამასთან, კონტრაქტით არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა თანამდებობრივ ფულად სარგოს, მხარეთა შორის არსებული კონტრაქტით არ არის განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის კიდევ ერთი სოციალური გარანტიის პენსიის თანხის დაანგარიშების შესაძლებლობა სწორედ კონტრაქტით გათვალისწინებული 400 ლარიდან.
საკასაციო სასამართლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
ამავე კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს პენსიის ოდენობას კატეგორიების მიხედვით. კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, კანონმდებლის მიერ განისაზღვრა რა თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის ხელფასი _ თანამდებობრივი სარგო, ასევე მისი შემადგენელი კომპონენტები, შესაბამისად, გ. ღ-ის პენსიის გადაანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ხელფასის თანხიდან, ნაცვლად მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტში მითითებული თანხის – 400 ლარიდან, რამდენადაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, შეთანხმება ვერ შეცვლის კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ხელფასის ოდენობას, ხოლო პენსია, როგორც წესი გამოიანგარიშება სწორედ მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოდან, რაც მოცემულ შემთხვევაში / თანამდებობრივ განაკვეთის, წოდების სარგოს, პროცენტულ დანამატს ნამსახურობის წლებზე და სასურსათო ულუფის გათვალისწინებით/ შეადგენს 115,41 ლარს.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსსკ-ის 106-ე და 266-ე მუხლების საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 24 ივნისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ღ-ის ანაზღაურება შეადგენდა 400 ლარს, მოცემულ საქმესთან მიმართებაში გააჩნდა პრეიუდიციული ძალა, რამდენადაც თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ გ. ღ-ის ანაზღაურება შეადგენდა 400 ლარს, რაც გახდა გ. ღ-თვის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 16.3. მუხლის საფუძველზე ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სულ სხვა სამართალურთიერთობაა საზეზე, კერძოდ სადავო არ არის, რომ გ. ღ-ე წარმოადგენს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მოქმედების სუბიექტს, ასევე სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ღ-ე სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრამვის შედეგად დაინვალიდდა და კონტრაქტით მისი ანაზღაურება შეადეგენდა 400 ლარს, არამედ სადავოა, რომ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენდა გ. ღ-ის თანამდებობრივ სარგოს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ გ. ღ-თვის პენსიის დაანგარიშება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნია პრეიუდიციული ძალა სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს, რამდენადაც სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია კანონდებლობით და სწორედ კანონმდებლობთ დადგენილი თანამდებობრივი სარგოდან _ 115,41 ლარიდან უნდა განხორციელდეს გ. ღ-თვის პენსიის გაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; გ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.