ბს-881-848(კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. მ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხ. მ.-მა 2007 წლის დეკემბერში სარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1998-2000 წლების დავალიანების ანაზღაურება.
ს.ფ. 8-ზე წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და საფინანსო განოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 6 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9594 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის თანამშრომლის ხ. მ.-ის 1998-2000 წლების კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 913,51; მათ შორის: 1998 წლის ჯილდო _ 69,11 ლარი; 1999 წლის ხელფასი _ 217,71 ლარი და კვების კომპენსაცია _ 205,16 ლარი; 2000 წლის ხელფასი _ 156,21 ლარი, კვების კომპენსაცია _ 194,42 ლარი და ჯილდო _ 70,90 ლარი.
ს.ფ. 23-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2008 წლის 8 იანვრის ¹9/20 პასუხი ხ. მ.-ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა ხ. მ.-ის მიმდინარე წლის 25 დეკემბრის ¹9-10453 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 913,51 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელე ხ. მ.-მა მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1998-2000 წლების სახელფასო თანხის დაკისრება; კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციისა და ჯილდოს მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 377.1 მუხლები, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხ. მ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 399, 58 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ხ. მ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 399,58 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ხ. მ.-ის სასარგებლოდ ხელფასისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ხ. მ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 399,58 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ხ. მ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 399, 58 ლარის დაკისრების კანონიერების საკითხი.
ს.ფ. 8-ზე წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და საფინანსო განოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 6 დეკემბერს გაცემული ¹3-11/9594 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის თანამშრომლის ხ. მ.-ის 1998-2000 წლების კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 913,51; მათ შორის: 1998 წლის ჯილდო _ 69,11 ლარი; 1999 წლის ხელფასი _ 217,71 ლარი და კვების კომპენსაცია _ 205,16 ლარი; 2000 წლის ხელფასი _ 156,21 ლარი, კვების კომპენსაცია _ 194,42 ლარი და ჯილდო _ 70,90 ლარი.
ს.ფ. 23-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის 2008 წლის 8 იანვრის ¹9/20 პასუხი ხ. მ.-ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა ხ. მ.-ის მიმდინარე წლის 25 დეკემბრის ¹9-10453 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ს.ფ. 23-ზე მოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 8 იანვრის ¹9120 წერილი სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის დავალიანების აღიარებას, რადგან მასში მითითებულია, რომ მხოლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხ. მ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-99-2000 წლების კვების კომპენსაციის _ 399,58 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის დეკემბერში, ე.წ. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხ. მ.-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 399,58 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს ხ. მ.-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 399,58 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხ. მ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 373, 92 ლარისა და ჯილდოს 140,01 ლარის დაკისრების ნაწილში;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.