¹ბს-882-844(კ-07) 31 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს თ. ყ.-მ, ი. ჭ.-მ, გ. მ.-მ და ა. მ.-მ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მესამე პირის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... ბატალიონის ყოფილ მეთაურ ს. მ.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის ¹5711 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის შესახებ ცნობების გაცემის დავალება, ასევე, მატერიალური ზიანის _ 500-500 ლარისა და მორალური ზიანის _ 5000-5000 ლარის ანაზღაურება.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეები 1992 წლის აგვისტოს თვეში მოხალისეებად ჩაირიცხნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... რეზერვისტთა ბატალიონში და აგვისტო-სექტემბერში მონაწილეობდნენ გაგრა-ლესელიძის ზონაში წარმოებულ საომარ მოქმედებებში, რაც დასტურდება ¹... ბატალიონის ხელმძღვანელობის მოკვლევის აქტით, რაიონული სამხედრო განყოფილებების მიერ გაცემული ცნობითა და სამხედრო-საექიმო კომისიის ცნობით, რომლის საფუძველზეც ომში მიყენებული ჭრილობების გამო დაუდგინდათ II და III ჯგუფის ინვალიდობა. ოთხივე მოსარჩელეს აქვს საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის» მოწმობა, მაგრამ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა მოითხოვა, ხელახლა წარედგინათ ცნობები იმის შესახებ, რომ ნამდვილად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, რისთვისაც მიმართეს თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ თადაპირველად არც საბუთი მიუღიათ და არც წერილობითი პასუხი, მოგვიანებით კი თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა აღნიშნული ცნობების გაცემაზე (ს.ფ. 1-5).
2006 წლის 3 აგვისტოს ი. ჭ.-მ განცხადებით მიმათა სასამართლოს და მის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მისი შემთხვევა დანარჩენ მოსარჩელეთა გარემოებებისაგან განსხვავდებოდა, ვინაიდან მის საქმეზე არსებობდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იყო იურიდიული ფაქტი ქ. გაგრაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიასთვის წარმოებულ ბრძოლებში მისი მონაწილეობის შესახებ (ს.ფ. 39).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ი. ჭ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მისი სასარჩელო განცხადება ცალკე წარმოებად გამოიყო (ს.ფ. 40).
ამავე სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე ი. ჭ.-მ საბოლოოდ მოითხოვა გენშტაბის ... პირადი შემდგენლობის დეპარტამენტის ¹5711 წერილის მის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემის დავალება (ს.ფ. 42).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის ¹5711 წერილობითი პასუხი მოსარჩელის მიმართ, მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ ი. ჭ.-ი ნამდვილად მონაწილეობდა გაგრაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, ხოლო საქართველოს თვდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული «საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ» დებულების შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს საბრძოლო მოკვლევას, რომლითაც დასტურდება შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა, რეზერვისტთა, მოხალისეთა ჩარიცხვის, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ფაქტები, რაც ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული გარემოებების და წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმებისა და დაზუსტების საფუძველზე. საბრძოლო მოკვლევით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს და მოქალაქეებს შესაძლებელია დაუდასტურდეთ შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვა, რაც მტკიცდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე თანდართული მტკიცებულებები: საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ ი. ჭ.-ი ნამდვილად მონაწილეობდა გაგრაში ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საბრძოლო მოკვლევა, რომ მოსარჩელე 1992 წლის 28 აგვისტოს ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს ¹... რეზერვისტთა ბატალიონში, ნამდვილად იბრძოდა და მონაწილეობდა ლესელიძე-გაგრის ზონაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, დაიჭრა და 28 სექტემბერს ევაკუირებულ იქნა თბილისში, ასევე, საგარეჯოს რაიონის სამხედრო კომისრის 1999 წლის 23 თებერვლის ცნობა, რომ ი. ჭ.-ი 1992 წლის 1 სექტემბერს ნამდვილად იქნა გაწვეული საგარეჯოს სამხედრო კომისარიატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად და მესამე პირის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... ბატალიონის მეთაურის, ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ... პირადი შემადგენლობის ...-ის სამმართველოს ¹... განყოფილების უფროსის, პოლკოვნიკ ს. მ.-ის ახსნა-განმარტება _ უტყუარად ადასტურებდა ი. ჭ.-ის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაცული არ ყოფილა, ვინაიდან სადავო წერილში მოპასუხემ განმარტა, რომ მართალია, საარქივო მასალებში სამობილიზაციო განყოფილებების მიერ სამხედრო შეკრებაზე გაწვეული ¹... ბატალიონის რეზერვისტთა სახელობით სიაში მოსარჩელე ირიცხება, მაგრამ ინფორმაცია შეიარაღებული ძალების რიგებში მოსარჩელის ჩარიცხვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამხედრო სამსახურიდან ამორიცხვის შესახებ მოძიებული ვერ იქნა, მაშინ როდესაც, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, ი. ჭ.-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და გადამოწმების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრანებით დამტკიცებული «საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ» დებულების შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება. ამდენად, სადავო აქტი უნდა გაუქმებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1»დ» მუხლის საფუძველზე და ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა თავდაცვის სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, იგი მოპასუხეს უნდა დავალებოდა (ს.ფ. 45-48).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში არ მოიპოვებოდა მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებები და ის მხოლოდ სამხედრო შეკრებაზე გაწვეულთა ¹... ბატალიონის რეზერვისტთა სახელობით სიაში ირიცხებოდა, რის გამოც თავდაცვის სამინისტრომ ვერ შეასრულა ი. ჭ.-ის მოთხოვნა და განმცხადებელს ამის შესახებ სათანადოდ აცნობა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის შესახებ» ინსტრუქციის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა პირადობის მოწმობის დასამზადებლად საჭიროა ძალოვანი უწყებების კადრების სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ ფორმირება, რომელშიც პირი მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა და აღნიშნულ პიროვნებას მიღებული აქვს მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში. ცნობას დართული უნდა ჰქონდეს მისი გაცემის საფუძველი, ხოლო თუ სათანადო ბრძანება არ იქნა გაფორმებული და არ მოიპოვება, საჭიროა იმ უწყებიდან წარმოდგენილ იქნას ცნობა, რომლითაც დასტურდება ასეთი საბუთების მიღება ან მისი მიღების შეუძლებლობა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, ჩატარდეს საბრძოლო მოკვლევა, რომლის დროსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უნდა დამტკიცდეს სხვა მტკიცებულებებით. სადავო წერილში, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ ინფორმაცია მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ საარქივო მასალებში არ მოიპოვება, მითითებულია, რომ ი. ჭ.-ი ირიცხება ¹... ბატალიონის სახელობით სიაში. საქმეში არსებული დოკუმენტები მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტში, მაგრამ ამ უკანასკნელმა ზემოაღნიშნული ინსტრუქციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინაარმდეგოდ, არ გაითვალისწინა მოსარჩელის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაუსაბუთებლად უთხრა უარი ომისა და შეიარაღებული ძალების ევტერანის პირადობის მოწმობის გაცემაზე და დაუსაბუთებლად მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, მაშინ როდესაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი იყო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ი. ჭ.-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა არასათანადო მხარეს დაავალა და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტრო მოსარჩელეს არანაირი ადმინისტრაციული აქტით ზიანს არ აყენებდა (ს.ფ. 53-55).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აღნიშნულის გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა (ს.ფ. 83-88).
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარა შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1»დ» მუხლი, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2006 წელში, მაშინ როდესაც, სადავო აქტი 2005 წლის 16 დეკემბერს არის მიღებული, ხოლო საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსი 2005 წლის 24 ივნისის ცვლილების შემდეგ 60.1»დ» კონსტრუქციის მუხლს საერთოდ არ იცნობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაასაბუთა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებზე დაყრდნობით, მაშინ როდესაც, აღნიშნული კოდექსის 3.4»დ» მუხლი განსაზღვრავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენების თავისებურებას სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, რამდენად მიზანშეწონილი იყო მოცემული დავის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა გამოყენება.
კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტის გამოცემა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე დაავალა, რაც თავისი შინაარსით გამოიყენება მოქმედებებთან დაკავშირებულ სარჩელებზე, ხოლო მოსარჩელე არა მოქმედების განხორციელებას, არამედ აქტის გამოცემას ითხოვდა (ს.ფ. 90-92).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებათა წარმოსადგენად.
2007 წლის 8 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება მისი სპეციალური კომპეტენციის ფარგლებში, გადაამოწმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის არქივში დაცული გარდაცვლილ და თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით. თავდაცვის სამინისტროს არცერთი ნორმატიული აქტით არ ევალება იმ პირთა მიმართ მოკვლევის ჩატარება, რომელთა შესახებ მონაცემებიც (ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, კონფლიქტის ზონაში მივლინების ბრძანება ან სხვა რაიმე დოკუმენტი) თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი «საბრძოლო მოკვლევის» საფუძველზე მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის «უტყუარად და დასაბუთებულად» მიჩნევა არ გულისხმობს მისი შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული საბრძოლო მოქმედებაში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას.
კასატორის მითითებით, «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის 9»გ» მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანად და მათთან გათანაბრებულ პირებად განსაზღვრულნი არიან ის პირები, რომლებიც საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ, ანუ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ამავე კანონის მე-3 მუხლით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველმყოფ სახელმწიფო სამსახურად განსაზღვრულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. «საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაულრი დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების 2»ე» მუხლის მიხედვით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ,» «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ» და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვერტერანის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობის დამზადება-გაცემა.
ამდენად, საბრძოლო მოქმედებებში პირის მონაწილეობის დადასტურება და ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა არ წარმოდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. ვეტერანთა სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად იგია ვალდებული, ჩაატაროს სრული ადმინისტრაციული წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არასწორი განჩინების მიღება საკასაციო საჩივარში არ არის დასაბუთებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.