Facebook Twitter
ბს-882-845(3კ-06) 20 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები): 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური); 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია);

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “ქ.-ი”

მოპასუხე სარჩელში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება; ზიანის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 20 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ქ.-მა” მოპასუხე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2001 წლის მარტიდან ზედმეტად ჩარიცხული თანხის _ 310694,58 ლარის, ასევე ზიანის ანაზღაურების სახით 397401 ლარის, სულ _ 707401 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის მარტიდან ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას სს “ქ.-საგან” სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად ჰქონდა ჩარიცხული 310694 ლარი. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა წერილობით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას, რომელიც, მართალია, სადავოდ არ ხდიდა აღნიშნულ თანხას, მაგრამ სს “ქ.-ს” უკან მაინც არ უბრუნებდა. მითითებული თანხის დაუბრუნებლობის გამო, მოსარჩელე ვერ იხდიდა სახელმწიფოს სესხს, რომელიც აღებული ჰქონდა 2000 წლის აპრილში. ამასთან, სესხის თავის დროზე გადაუხდელობის გამო, ხსენებულ სააქციო საზოგადოებას პროცენტისა და ჯარიმის სახით ერიცხებოდა 397401 ლარი. მოსარჩელე თვლიდა, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას ძირითად თანხასთან ერთად, უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურებაც, რაც სულ შეადგენდა 707401 ლარს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სს “ქ.-მა” ასევე აღძრა სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის პანსიონატ ,,წ.-ს" და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი ვალისა და ზარალის ანაზღაურება 518500 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ქ.-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი 310694 ლარის დაბრუნება და 2001 წლის 1 მარტიდან, თანხის დაუბრუნებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 310694 ლარის 0,15%-ის გადახდა თანხის დაფარვამდე. ქუთაისის პანსიონატ ,,წ.-ს" დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი თანხის გადახდა 8500 ლარის ოდენობით და 2000 წლის 1 თებერვლიდან, ძირითადი თანხის გადაუხდელობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%, თანხის საბოლოო გადახდამდე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან 175950 ლარისა და 17890 აშშ დოლარის ურთიერთვალდებულებაში გაქვითვის შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გასაჩივრდა მოპასუხეების _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის, ქუთაისის პანსიონატ ,,წ.-სა" და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა, ხოლო ქუთაისის პანსიონატმა ,,წ.-მ" მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და პანსიონატ “წ.-ს” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა შემდეგი საქმეები: სს “ქ.-ის” სარჩელი მოპასუხეებთან _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან 175950 ლარის და 17890 აშშ დოლარის გაქვითვის მოთხოვნით და აღნიშნული თანხების დროულად ჩაურიცხაობით გამოწვეული ზიანის _ 239440 აშშ დოლარის, ასევე სხვადასხვა სახის ეკონომიკური ზიანის _ 300500 ლარის _ სულ 1042576 ლარის დაკისრების მოთხოვნით, აგრეთვე, სს “ქ.-ის” სარჩელი მოპასუხეებთან _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან თანხის _ 175950 ლარისა და 17890 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, პროცენტის სახით 239440 აშშ დოლარისა და საურავის _ 212137 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, ასევე, სს “ქ.-ის” სარჩელი ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ 707401 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 24 მარტის განჩინებით სს “ქ.-ის” სარჩელი მოპასუხეებთან _ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტთან 707401 ლარის (ძირითადი თანხა _ 310694 ლარი) დაკისრების მოთხოვნით გამოიყო ცალკე წარმოებად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილ იქნა შედარების აქტი სს “ქ.-ბთან” ანგარიშსწორების შესახებ 2005 წლის 2 იანვრიდან 2005 წლის 30 მარტის მდგომარეობით, რომლის თანახმად, მოსარჩელე სააქციო საზოგადოების მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა გაზრდილი იყო და შეადგენდა 369581 ლარს. აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის _ 369581 ლარის და ამ თანხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის, სულ _ 511550 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ქ.-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს სს “ქ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტად გადახდილი გადასახადის _ დღგ-ის თანხის უკან დაბრუნება 369581 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ქ.-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინებით სს “ქ.-ისა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სარჩელზე არ იმსჯელა იმ მოთხოვნის ფარგლებში, რაც საქმის მასალებში იყო ასახული, რის გამოც დარღვეული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილებისა და სარჩელის მოთხოვნის თანაზომიერების ფარგლები.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სს “ქ.-ის” სარჩელი, რომლითაც, საქმის მასალების შესაბამისად, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვდა 397401 ლარს, არ განეკუთვნებოდა საოლქო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განსახილველ საქმეს, ხოლო აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენდა ის გარემოება, რომ სარჩელის საერთო ფასი _ 707401 ლარი _ აღემატებოდა 500000 ლარს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი (იმჟამად მოქმედი რედაქცია) პირველი ინსტანციით საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განსჯადობას ცალსახად უკავშირებდა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფასს, ხოლო აღნიშნული მუხლის მოთხოვნა, განსახილველ შემთხვევაში, საოლქო სასამართლოს მიერ დაცული არ ყოფილა, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის (იმჟამად მოქმედი რედაქცია) თანახმად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას არ გააჩნდა აღნიშნული საქმის განხილვის კომპეტენცია და იმავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული სარჩელი უნდა განეხილა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, კერძოდ, მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ერთ-ერთი მოპასუხე იყო ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია.
2006 წლის 29 მაისს სს ,,ქ.-მ” ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა 2006 წლის 29 მაისის მდგომარეობით, ზედმეტად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობით, სს ,,ქ.-ს” მიაყენეს 1462637 ლარის ზიანი, რაც იმაში გამოიხატა, რომ თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძენდა 1127,595 ტონა ხორბალს, რომლის გადამუშავებისა და რეალიზაციის შედეგად მიიღებდა 1462637 ლარის მოგებას, ასევე ჯეროვნად შეასრულებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან 2000 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და არ დაეკისრებოდა სესხის ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობისათვის საურავი 529433 აშშ დოლარის ოდენობით, რაც საწარმოსათვის ასევე ზიანს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე დაყრდნობით, მოსარჩელემ გამოთვალა, თუ რა ზიანი მიაყენეს მოპასუხეებმა 2001 წლიდან კუთვნილი თანხის დაუბრუნებლობით, რამაც შეადგინა 1462637 ლარს დამატებული 529433 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება, დაებრუნებინათ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადი _ 371330,39 ლარი, ასევე აენაზღაურებინათ ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანი, რომელიც შეადგენდა 1462637 ლარს დამატებული 529433 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ქ.-ის” სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებისა და აღნიშნული თანხის დაუბრუნებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპერტამენტსა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას სს ,,ქ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის უკან დაბრუნება 296606,44 ლარის ოდენობით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას სს ,,ქ.-ის” სასარგებლოდ ასევე დაეკისრათ დამატებითი ღირებულების ზედმეტად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 2001 წლის 1 მარტიდან 2001 წლის 31 დეკემბრამდე 22991,41 ლარის, 2001 წლის 31 დეკემბრიდან 2003 წლის 1 იანვრამდე _ 306737,41 ლარის, 2003 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 5 თებერვლამდე _ 257451,81 ლარის, 2003 წლის 5 თებერვლიდან 2005 წლის 1 იანვრამდე _ 295961,84 ლარის, 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 29 მარტამდე _ 328655,34 ლარის, 2005 წლის 29 მარტიდან 2006 წლის 1 იანვრამდე _ 330902,70 ლარის, 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 24 მარტამდე _ 367019,66 ლარის, 2006 წლის 24 მარტიდან 2006 წლის 26 ივნისამდე _ 353965,65 ლარის, 2006 წლის 26 ივნისიდან 296606,44 ლარის 3%-ის ყოველთვიურად, თანხის დაფარვამდე, გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და სს ,,ქ.-ის” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ქ.-მაც” და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამაც და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
სს ,,ქ.-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა სარჩელი და ვალის გამო, საურავთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სს ,,ქ.-სთვის” 529000 აშშ დოლარის დარიცხვის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი დატოვა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და სს ,,ქ.-ის” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება; სს ,,ქ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას სს ,,ქ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის _ 289143,02 ლარისა და მიუღებული შემოსავლით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 962637 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,ქ.-ი” აღრიცხვაზე იყო, როგორც გადასახადის გადამხდელი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში და შესაბამის კომპიუტერულ ბარათზე (შედარების აქტი) ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხები დღგ-ში, რომელიც მომდინარეობდა 2001 წლიდან. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, ზედმეტად გადახდილი თანხა წლების მიხედვით შეადგენდა: 2001 წელს 1 იანვარს _ 22991 ლარს; 2001 წლის 31 დეკემბერს _ 306737 ლარს; 2003 წლის 1 იანვარს _ 257451 ლარს; 2003 წლის 5 თებერვალს _ 295961 ლარს; 2005 წლის 1 იანვარს _ 328655 ლარს; 2006 წლის 1 იანვარს _ 330902 ლარს; 2006 წლის 26 მარტს _ 367019 ლარს; 2006 წლის 26 ივნისს _ 296606 ლარს; 2006 წლის 27 სექტემბერს _ 289143 ლარს. საქმის მასალებით უტყუარად იყო დადგენილი, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია მოსარჩელე სააქციო საზოგადოების მიმართვების საფუძველზე არაერთხელ იხილავდა აღნიშნულ საკითხს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სახელზე გაგზავნილ 2005 წლის 31 მარტის წერილში თავად აღწერდა ზედმეტად გადახდილი გადასახადების წარმომავლობას, აზუსტებდა მის ოდენობას და მიუთითებდა ამ თანხების მოსარჩელე სააქციო საზოგადოებისათვის გადარიცხვის მიზანშეწონილობაზე, რითაც ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, ფაქტობრივად, აღიარებდა სადავო თანხების დაბრუნების კანონიერებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის, ისე 2004 წლის 22 ოქტომბრის საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილი იყო ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაეთვალა სხვა გადასახადების ანგარიშში, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში კი, ოცდღიან ვადაში უნდა დაებრუნებინა მისთვის ზედმეტად გადახდილი თანხები. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე _ 2001 წლიდან ითხოვდა საგადასახადო ორგანოებისგან ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ხოლო 2003 წლის 20 მარტიდან სასარჩელო წარმოებით აწარმოებდა დავას საგადასახადო ორგანოების მიმართ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხეები მის კანონიერ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდნენ. სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების თაობაზე, თუმცა არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნები იმ ნაწილში, რომ დაბრუნებას ექვემდებარებოდა ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხა _ 371330,39 ლარი, ვინაიდან სასამართლოში მოპასუხეების მიერ წარდგენილ იქნა შედარების აქტი, რომლის თანახმად, 2006 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, სს ,,ქ.-ს” ზედმეტად ერიცხებოდა 289143,02 ლარი, რომელიც ექვემდებარებოდა დაბრუნებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე საფუძვლიანად ჩათვალა სარჩელის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის _ 1462637 ლარის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რაც, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომლის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. იგივე პრინციპი გამომდინარეობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. მოცემულ საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით იყო დადასტურებელი, რომ საგადასახადო ორგანოებს ჰქონდათ მოსარჩელის ვალი. მოპასუხე არ უარყოფდა აღნიშნული ვალის წარმოშობას 2001 წლიდან. საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი წერილი, რომლითაც სს ,,ქ.-ი” ითხოვდა აღნიშნული თანხის დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. ასევე სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ 2000 წლის 20 აპრილის სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სესხის სახით, ხუთი წლის ვადით, მიიღო 825500 აშშ დოლარი, რომლის უმეტესი ნაწილი დააბრუნა, მაგრამ იმის გამო, რომ მოსარჩელე საწარმოს ფინანსურად გაუჭირდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელეს ზედმეტად დაარიცხა, საურავების ჩათვლით, 529433 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის თავის დროზე მისთვის დაბრუნება არ წარმოშობდა აღნიშნულ დავალიანებას და, შესაბამისად, მოსარჩელე საზოგადოებაც არ დაზარალდებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხსენებული კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხსენებული კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოთა უშუალო მოვალეობას შეადგენდა, დაეცვათ გადასახადის გადამხდელთა უფლებები და გაეკონტროლებინათ გადასახადების გამოანგარიშების სისრულე.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, კანონით დაწესებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, შეილახა მეწარმის (მოსარჩელის) უფლებები და შესაბამისი საგადასახადო ორგანოსათვის არ შეიძლებოდა წინასწარ არ ყოფილიყო სავარაუდო, რომ მისი უკანონო ქმედება უშუალო ზიანს მიაყენებდა მეწარმეს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალისათვის სავარაუდო ზიანი იყო ისეთი ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის. მაკონტროლებელ ორგანოებს შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაუბრუნებლობით ზიანის დადგომის შესაძლებლობა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის მიხედვით, ისინი ვალდებულიც იყვნენ აღესრულებინათ კანონის მოთხოვნა, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში მათი მოქმედება თუ უმოქმედობა პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ ზიანთან. მიუღებელი შემოსავალი იყო სავარაუდო შემოსავალი, ხოლო ასეთი სახის ზიანი იყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სწორი იყო მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაუბრუნებლობამ, რაც წელიწადში შეადგენდა დაახლოებით 300000 ლარს, 2001 წლიდან მოყოლებული, მოსარჩელე საზოგადოებას, მისი რენტაბელობისა და ბრუნვადობის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავლის სახით, მიაყენა 1462638 ლარის ზიანი, რის გამოც ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოგებას მოსარჩელე საწარმო აღნიშნული ოდენობით ვერ მიიღებდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი იყო და მხარეთა დავას არ იწვევდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს ,,ქ.-ს” ჰქონდა წარმატებული ბიზნესი, რაც გამოიხატებოდა მის მიერ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით, (სადავო პერიოდში, 2000-2006 წლებში, ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენდა 4574360 ლარს). შესაბამისი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის დროულად უკან დაუბრუნებლობის გამო, მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას, რა დროსაც მხედველობაში იქნა მიღებული საზოგადოების რენტაბელობა და ბრუნვადობა, დადგენილი იყო, რომ 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მოსარჩელე საზოგადოება სულ მიიღებდა 1462638 ლარს მოგების სახით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე საწარმოს, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, 2001-2006 წლებში შეეძლო შეეძინა 1127595 ტონა ხორბალი, რომლის გადამუშავებისა და რეალიზაციის შედეგად მიიღებდა 1462637 ლარის მოგებას. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს აძლევდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ წარმატებული საქმიანობის (ბიზნესის) შემთხვევაში, სრულიად რეალური იყო, სწორი მენეჯმენტის პირობებში (რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო), ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხების კომერციულ ბრუნვაში გაშვებით (დაბანდებით) იმ მოგების მიღება, რაც სარჩელიდან გამომდინარეობდა.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, რაც 2006 წლის 27 სექტემბრისათვის შეადგენდა 289143,01 ლარს, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, რაც შეადგენდა 1462637 ლარს. იმავე დროს სააპელაციო სასამართლომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისას, საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩათვალა მიუღებელი შემოსავლების ნაწილში მოპასუხეებისთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის შემცირება 500000 ლარით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სს ,,ქ.-მა”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ. პირველმა მათგანმა (კასატორთაგან) მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მეორემ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა, ხოლო მესამემ _ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2006 წლის 9 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ჩათვალა, რომ სს ,,ქ.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას _ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის _ გადახდის ქვითარი, ამასთან, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კასატორი არ იყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც აღნიშნული განჩინებით სს ,,ქ.-ს” დაევალა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა სს ,,ქ.-ის” საკასაციო საჩივარი, ვინაიდან სს ,,ქ.-მა” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ შეიტანა ამავე სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება და არ იმსჯელა იმ ფაქტებზე, რომ მიუხედავად ბიუჯეტში არსებული ზედმეტად გადახდილი 175950 ლარისა, რაც დადასტურდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი კომისიის მიერ 2000 წლის 7 ოქტომბრის შემოწმების აქტით, სს ,,ქ.-ი”, ყოველგვარი მოთხოვნისა და შეტყობინების გარეშე, აგრძელებდა ბიუჯეტში თანხების ზედმეტად გადახდას და ზრდიდა წინასწარი გადასახადის რეზერვს, რაც გარკვეულწილად მიუთითებს სს ,,ქ.-ის” განზრახვაზე შემდგომში სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით მიეღო თითქოსდა მისთვის მიყენებული ზიანის მოპასუხეთათვის დაკისრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები. მოცემულ საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2006 წლის მაისში დააზუსტა სარჩელი და გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა, კერძოდ, მოითხოვა მიყენებული ზიანის _ 1462637 ლარისა და 529433 აშშ დოლარის ანაზღაურება, რასაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, დაუსაბუთებლობის გამო, კატეგორიულად არ დაეთანხმა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ დააკონკრეტა, თუ რაში მდგომარეობდა მისთვის მიყენებული ზიანის არსი და შესაბამისი თანხების არითმეტიკული გამოთვლის სამართლებრივი დასაბუთება. სააპელაციო სასამართლო მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას დაეყრდნო 2006 წლის 29 მაისის არაკვალიფიციურ აუდიტორულ დასკვნას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ საერთოდ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, საკასაციო საჩივარი კი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამივე ქვეპუნქტის შესაბამისად.
კასატორის _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა მოცემული საქმე, რომ საერთოდ არ იმსჯელა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარზე. უფრო მეტიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არც აღწერილობით და არც სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში საერთოდ არ არის ნახსენები აღნიშნული სააპელაციო საჩივარი, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ხსენებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის მიერ სარჩელის დაზუსტებისა თუ სასარჩელო მოთხოვნების გაზრდის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შესახებ განჩინება, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის გაზრდა წარმოადგენდა სარჩელის დაზუსტებას, თუ დავის საგნის გაზრდას, რაზედაც აუცილებელი იყო მოპასუხის თანხმობა, რაც სახეზე არ არის. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სასარჩელო მოთხოვნის თანაზომიერების ფარგლები. კრედიტორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსესხებელ სს ,,ქ.-ს” შორის 2000 წლის 20 აპრილის ¹08-01/05 სესხის ხელშეკრულებით სესხის ოდენობამ შეადგინა 825500 აშშ დოლარი, ხოლო სს ,,ქ.-ის” მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილმა თანხამ 2006 წლის 26 ივნისისთვის _ 296606,44 ლარი, რაც, თავის მხრივ, არ არის საკმარისი თანხა კრედიტორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული გარემოებები კი სრულად გამორიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მხრიდან მოსარჩელისთვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 24 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 24 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 28 მარტს მხარეთა დასწრების გარეშე.
მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კერძოდ, 2007 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათ შორის შედგა მორიგება და უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “ქ.-ს” შორის გაფორმებული მორიგების აქტი. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,ქ.-ს" შორის 2006 წლის 2 აგვისტოს დადებულ იქნა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს ,,ქ.-ს" ეპატია სასესხო დავალიანების ძირითადი და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად სესხის დაფარვის განსაზღვრული ვადის შემდეგ პერიოდში დარიცხული საურავი, ხოლო რესტრუქტურიზებულ იქნა სს ,,ქ.-ზე" რიცხული სასესხო დავალიანების ძირითადი თანხა _ 130262 აშშ დოლარი და სარგებელი _ 20655 აშშ დოლარი, სულ _ 150917 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის ბოლო თარიღია რესტრუქტურიზაციის (გაყინვის) პერიოდის დასასრული, ანუ 2007 წლის 18 იანვარი. ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, რესტრუქტურიზებულ სასესხო დავალიანების გადაუხდელ თანხას რესტრუქტურიზაციის პერიოდში ერიცხება სარგებელი თვეში 0,5 პროცენტის ოდენობით.
სს ,,ქ.-ი" ვალდებულია ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადის სახით, ზედმეტად გადახდილი თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უკან დაბრუნებისთანავე (ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია რესტრუქტურიზაციის პერიოდის დამთავრებამდე სს ,,ქ.-ს" უკან დაუბრუნოს დამატებული ღირებულების გადასახადის სახით, ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა) შესაბამისი ოდენობით მიმართოს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და გადახდის დღისათვის მასზე რიცხული სარგებლის დასაფარავად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს ,,ქ.-ს” შორის 2006 წლის 6 ნოემბერს შედგა მორიგების აქტი, რომელიც 2006 წლის 1 დეკემბერს დაამტკიცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილის, გიორგი გოდაბრელიძის სახით და სს ,,ქ.-ი", დირექტორის, მ. წ.-ის სახით, რიგდებიან შემდეგზე:
1. სს ,,ქ.-ი":
1.1 უარს ამბობს სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციიდან ითხოვს ზედმეტად გადახდილი გადასახადების თავის დროზე უკან არდაბრუნების გამო მიყენებულ ზიანს.
1.2 უარს ამბობს აღნიშნული ურთიერთობებიდან გამომდინარე ყველა არსებულ მოთხოვნაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
2.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შესაბამისი საგადასახადო ორგანო) სს ,,ქ.-ის" მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილ გადასახადს დაუბრუნებს საზოგადოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, შემდეგ ანგარიშზე: თიბისი ბანკი, ქუთაისის ფილიალი, ბანკის კოდი 220101888, ანგარიშის ნომერი 467454. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შესაბამისი საგადასახადო ორგანო) სს ,,ქ.-ის" მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილ გადასახადს დაუბრუნებს საზოგადოებას დაბრუნების დროისათვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გათვალისწინებით.
2.2 სს ,,ქ.-ი" იღებს ვალდებულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შესაბამისი საგადასახადო ორგანო) მიერ დაბრუნებული თანხა, სასესხო დავალიანების დასაფარავად, გადარიცხოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელება _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ქუთაისი) ანგარიში (კრედიტი) 200122900, მიმღები ბანკი _ საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი _ 220101107, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 302003198, ხოლო რესტრუქტურიზებული თანხის სარგებლის და რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებლის თანხა გადარიცხოს საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ სახაზინო კოდზე _ 300193172, გადახდის დანიშნულებაში კი უნდა ჩაიწეროს _ ცენტრალური ბიუჯეტის მიერ კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან მიღებული სარგებელი. სს ,,ქ.-მა” თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს საგადასახადო ორგანოს მიერ თანხის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “ქ.-ს” შორის გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2007 წლის 20 ივნისს წარმოდგენილი მორიგების აქტი ხელმოწერილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძის, ხოლო სს “ქ.-ის” მხრიდან ამავე საზოგადოების დირექტორ მ. წ.-ის მიერ. გარდა ამისა, ხსენებულ მორიგების აქტს ხელს აწერენ ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსი მ. გ.-ი და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი კ. ჭ.-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “ქ.-ს” შორის გაფორმებულ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2007 წლის 20 ივნისს წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ხოლო იმავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “ქ.-ს” შორის გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2007 წლის 20 ივნისს წარმოდგენილი მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები და, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “ქ.-ს” შორის გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2007 წლის 20 ივნისს წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
1. სს ,,ქ.-ი":
1.1 უარს ამბობს სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციიდან ითხოვს ზედმეტად გადახდილი გადასახადების თავის დროზე უკან არდაბრუნების გამო მიყენებულ ზიანს.
1.2 უარს ამბობს აღნიშნული ურთიერთობებიდან გამომდინარე ყველა არსებულ მოთხოვნაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
2.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შესაბამისი საგადასახადო ორგანო) სს ,,ქ.-ის" მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილ გადასახადს დაუბრუნებს საზოგადოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, შემდეგ ანგარიშზე: თიბისი ბანკი, ქუთაისის ფილიალი, ბანკის კოდი ..., ანგარიშის ნომერი 467454. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შესაბამისი საგადასახადო ორგანო) სს ,,ქ.-ის" მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილ გადასახადს დაუბრუნებს საზოგადოებას დაბრუნების დროისათვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გათვალისწინებით.
2.2 სს ,,ქ.-ი" იღებს ვალდებულებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შესაბამისი საგადასახადო ორგანო) მიერ დაბრუნებული თანხა, სასესხო დავალიანების დასაფარავად, გადარიცხოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელება _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ქუთაისი) ანგარიში (კრედიტი) ..., მიმღები ბანკი _ საქართველოს ... ბანკი, ბანკის კოდი _ ..., საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ ..., ხოლო რესტრუქტურიზებული თანხის სარგებლის და რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებლის თანხა გადარიცხოს საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ სახაზინო კოდზე _ ..., გადახდის დანიშნულებაში კი უნდა ჩაიწეროს _ ცენტრალური ბიუჯეტის მიერ კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან მიღებული სარგებელი. სს ,,ქ.-მ” თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს საგადასახადო ორგანოს მიერ თანხის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის _ მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);
6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.