Facebook Twitter

ბს-883-845(კ-07) 9 იანვარი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ტ-ემ 06.07.05წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 3 აპრილის ¹889 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წლის 1 დეკემბრიდან ¹2308 კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჯგუფის ბრიგადის ....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის, მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მეთაურად. სამსახურის პერიოდში არასოდეს დაურღვევია დისციპლინა, მეთაურის დავალებებს ასრულებდა დროულად და ხარისხიანად. 2005 წლის 1 მარტს იმყოფებოდა ხელფასის ასაღებად ქ. ....; საპატრულო პოლიციასთან შელაპარაკების გამო, იგი 10 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს ქუთაისის შს სამმართველოს ¹... განყოფილებაში. 02.03.05წ. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და წინასწარი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად დადგინდა მისი უდანაშაულობა, რის გამოც კ. ტ-ე გათავისუფლებულ იქნა. 04.03.05წ. იმ მოტივით, რომ შეისწავლიდნენ მის საკითხს, ხელმძღვანელობამ მოთხოვა ჩაებარებინა სამხედრო აღჭურვილობა და უთხრეს, რომ აცნობებდნენ შედეგებს. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 03.04.05წ. ¹889 ბრძანება შესაბამისი წესით არ ჩაჰბარებია და მისთვის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ არავის უცნობებია, რის გამოც აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა, თანახმად შკკ-ის 204-ე მუხლისა, უნდა დაწყებულიყო 2005 წლის 13 ივნისიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მას ჩაჰბარდა მისი დათხოვნის ბრძანება. მოსარჩელე არ ეთანხმებოდა ბრძანებაში მისი დათხოვნის საფუძვლად აღნიშნულ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” და ,,თ” ქვეპუნქტებზე მითითებას (სამხედრო სამსახურის ღირსების შემლახველი საქციელი და კონტრაქტის დარღვევა), ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას არ ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახველი ქმედება და კონტრაქტის არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.05წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 03.04.05წ. ¹889 ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის ....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის, მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მეთაურის შტატი ¹8/591-01 კ. ტ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის და კონტრაქტის შეწყვეტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვისა და ყველა სახის კმაყოფის მოხსნის ნაწილში და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის რაიმე ფაქტი იქამდე არ არსებობდა და ამის მიუხედავად, ადმინისტრაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის – სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელის ბრალეულობის საკითხი და ბრალეულობის ხარისხი მოცემული ქმედების ჩადენაში; მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანების მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის გამო კ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს 27.11.06წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.04.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 594-ე მუხლებით გათვალისწინებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების გაუხსნელობაში და შესაბამისად დაინტერესებულ მხარეს – კ. ტ-ეს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება გადასაწყვეტ საკიხთან დაკავშირებით, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო აქტის გამოცემა მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული ¹.... სამხედრო ნაწილის მეთაურის ნ. ნ-ის მიერ დამტკიცებული დასკვნა, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ხასიათდებოდა, როგორც დისციპლინირებული, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო მეთაურის დავალებებსა და მითითებებს დროულად და ხარისხიანად ასრულებდა. კ. ტ-ეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სამშვიდობო ოპერაციებში ოსეთის რეგიონში და ხელმძღვანელობისგან ხასიათდებოდა დადებითად. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ტ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის რაიმე ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ქ. ქუთაისის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის, დაკავებული ეჭვმიტანილის გათავისუფლების შესახებ 03.03.05წ. დადგენილებიდან, დადგენილი იქნა, რომ კახაბერ ტოგონიძის მიმართ ვერ იქნა მოპოვებული დანაშაულში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც ვერ წარედგინა ბრალდება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა, შესაბამისად გასაჩივრებულ აქტში ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კ. ტ-ის მიმართ აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას. არნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, რამ განაპირობა მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მიზანშეწონილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამარტლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ 03.03.05წ. კ. ტ-ე კანონით დადგენილი დაკავების ვადის გასვლის გამო, ბრალდების წარუდგენლობისათვის გათავისუფლდა დაკავების ადგილიდან, რის შემდეგაც იგი არ გამოცხადებულა სამხედრო ნაწილში. კასატორი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო იყო მოკლებული ადმინისტრაცია შესაძლებლობას, მოეხდინა კ. ტ-ის გაფრთხილება ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა, მოსარჩელემ დათხოვნის ბრძანება სადავოდ გახადა 29.06.05წ., რითაც მის მიერ დარღვეულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლის მიერ დადგენილი ერთთვიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.09.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე 22.10.07წ. მოსაზრება წარმოადგინა კ. ტ-ემ, რომელმაც მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების მოთოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.