¹ბს-883-846(კ-06) 19 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზ. ა-ემ და ზ. ზ-ემ მოპასუხეების _ ქუთაისის სააღსრულებო ბიუროს, ქ. დ-ის და გ. ზ-ის, ასევე მესამე პირების _ მ. ჯ-ის, შ. ლ-ის და ლ. ჩ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2006 წლის 14 მარტს ჩატარებული აუქციონის, როგორც მოჩვენებითად დადებული და უკანონო გარიგების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
2006 წლის 14 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა აუქციონი, რომელზეც გასაყიდად გატანილ იქნა მოვალე ქ. დ-ის მეუღლის _ გ. ზ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹5-ში. აუქციონის შედეგად სახლი შეიძინა კრედიტორმა მ. ჯ-ემ 29 500 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხით უნდა დაფარულიყო სამი კრედიტორის: მ. ჯ-ის, შ. ლ-ისა და ლ. ჩ-ის ვალები. აუქციონი იყო მოჩვენებითი გარიგება და დაიდო იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. გარიგების დადება მიზნად ისახავდა ქ. დ-სა და გ. ზ-ის ქონების დამალვას, რასაც ხელი შეუწყო აღმასრულებელმაც. მესამე პირებმა სწრაფად მოახერხეს სასამართლოდან გადაწყვეტილებების მოპოვება, მაშინ როდესაც მათი სარჩელების განხილვა თვეობით გაჭიანურდა. ამასთან, თუკი მათი გადაწყვეტილებები მოპასუხეების მიერ გასაჩივრდა, ასეთს ადგილი არ ჰქონდა მესამე პირების მიმართ. უფრო მეტიც, მათ საერთოდ სადავო არ გახადეს აღმასრულებლის მიერ, მოვალე ქ. დ-ის ვალების დასაფარავად, მისი მეუღლის სახელზე რიცხული სახლის რეალიზაცია. გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად მოსარჩელეებმა მიუთითეს იმ გარემოებაზეც, რომ აუქციონზე შეძენილ ქონებას მყიდველი მ. ჯ-ე რეალურად არ დაუფლებია და მას კვლავ ფლობდნენ ქ. დ-ე და გ. ზ-ე. მოსარჩელეთა აზრით, აუქციონზე სახლის გაყიდვა უკანონოც იყო, რადგან მასზე ყადაღა იყო დადებული სასამართლოში შეტანილი სარჩელების უზრუნველსაყოფად. აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება გაეყიდა დაყადაღებული სახლი (ს.ფ. 1-2).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ა-სა და ზ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუქციონში მონაწილე კრედიტორებს არ სურდათ აუქციონზე გატანილი ქონების ყიდვა-გაყიდვის შედეგის დადგომა, რადგან 2006 წლის 14 მარტის აუქციონის მიზანი იყო კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც რეალურად განხორციელდა კიდეც. აუქციონის მოჩვენებითობაზე მსჯელობის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა ის გარემოებაც, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღეს თავად მოსარჩელეებმაც, რა დროსაც განახორციელეს ქონების შესასყიდად თანხის შეთავაზება. აუქციონის ჩატარებას საფუძვლად ედო კრედიტორთა მოთხოვნა, რომლებიც ეფუძნებოდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველსაც თავის მხრივ, წარმოადგენდა 2004-2005 წლების სასესხო ვალდებულებები, რომელთა რეალობა მოსარჩელეებს საეჭვოდ არც გაუხდიათ (ს.ფ. 75-76).
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 77-80).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამარლოს 2005 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ლ-ის სარჩელი. გ. ზ-ეს დაეკისრა შ. ლ-ის სასარგებლოდ დავალიანების ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი და 2005 წლის 18 ივნისიდან 220 აშშ დოლარი ყოველთვიურად დავალიანების სრულად დაფარვის დღემდე. ამ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ჩ-ის სარჩელი. ქ. დ-ეს ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარი და გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სარჩელი. ქ. დეისაძესა და გ. ზ-ეს მ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 18 000 აშშ დოლარის და 2004 წლის ბოლოდან ყოველთვიურად 720 აშშ დოლარის გადახდა დავალიანების სრულად დაფარვამდე. ამ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორებმა მ. ჯ-ემ და შ. ლ-მა განცხადებით მიმართეს აღმასრულებელს და მოითხოვეს მოვალის იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ. ქ. დ-ესა და გ. ზ-ეს აღმასრულებლისაგან მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო შეფასებით. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს. შპს აუდიტ-სერვის-ცენტრის აუდიტორული დასკვნით გ. ზ-ის სახლი შეფასებულ იქნა 25 000 აშშ დოლარად. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 10 მარტის ცნობით, .... ქ. ¹5-ში მდებარე სახლი ირიცხებოდა გ. ზ-ის სახელზე. აუქციონის დანიშვნის შესახებ გამოიცა განკარგულება. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სასამართლო აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება ხდება საჯაროდ, სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა გააგზავნა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისადმი აუქციონის შესახებ განცხადების სასამართლო დაფაზე გამოკვრის თაობაზე. აუქციონის შესახებ გამოცხადდა გაზეთში. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით. ქ. დ-ესა და გ. ზედაშიძეს ეცნობათ აუქციონის შესახებ. აუქციონის შესახებ ეცნობათ ასევე მოსარჩელეებს _ ზ. ა-ესა და ზ. ზ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ..... ქ. ¹5-ში მდებარე სახლზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იყო გამოყენებული, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განჩინებით ზ. ზ-ეს, ზ. ა-ესა და სხვებს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის არსს არ ცვლიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლებითაც ნ. დ-ესა და გ. ზ-ეს ზ. არჩვაძის სასარგებლოდ დაეკისრათ 6000 აშშ დოლარი, რადგან მოსარჩელეები აუქციონის შესახებ გაფრთხილებულნი იყვნენ და მიიღეს კიდეც მონაწილეობა აუქციონში, რაც დასტურდებოდა უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ 2006 წლის 14 მარტის აქტით (ს.ფ. 141-148).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹5-ში მდებარე გ. ზ-ის სახელზე რიცხული სახლის აუქციონზე რეალიზაციას არასწორად მიიჩნევს და უთითებს, რომ ამით დაირღვა კანონის რიგი ნორმების მოთხოვნები. აღნიშნული სახლი დაყადაღებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, რომელიც იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა იმავე დღეს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 631-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის _ ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. ამასთან, ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა აღნიშნული მუხლი და ბათილად უნდა ეცნო იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2006 წლის 14 მარტს ჩატარებული აუქციონი, რადგან ყადაღადადებული ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისება იყო აკრძალული.
კასატორის მითითებით, მისი აუქციონში მონაწილეობა საქმის არსს არ ცვლიდა, რადგან მან აუქციონში მონაწილეობა მიიღო, როგორც მოქალაქემ და არა, როგორც კრედიტორმა. საგულისხმოა, რომ ქ. დ-ე და გ. ზ-ე არის ცოლ-ქმარი. აუქციონზე გაიყიდა გ. ზ-ის სახელზე რიცხული სახლი 29 500 აშშ დოლარად, რათა დაკმაყოფილებულიყვნენ ქ. დ-ის კრედიტორები. დაკმაყოფილდა სამი კრედიტორი. კასატორის სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო გ. ზ-ის მიმართაც, ე.ი. იგი წარმოადგენდა მის მოთხოვნაზე სოლიდარულ მოვალეს. ფაქტობრივად, კი მოხდა ისე, რომ მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციით დაკმაყოფილდა სხვა კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა მოვალეც არ იყო გ. ზ-ე. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია (ს.ფ. 171-176).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა შედეგთან მიმართებაში არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, კასატორს საკასაციო საჩივარზე უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის 30% _ 90 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. ზ. ა-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.