¹ბს-883-850(2კ-08) 16 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 3 იანვარს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე _ დ. მ-ე 2004 წლის 14 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. დ. მ-ემ სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიიღო ტრავმა და დაინვალიდდა, ხოლო 2006 წლის 3 ივნისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მოსარჩელეზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე, 2007 წლის 8 თებერვალს ¹2-51 სანოტარო აქტით გაიცა სამკვიდრო მოწმობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. მ-ის მიმართ გაუცემელი დარჩა დავალიანებები _ ხელფასი _ 924,33 ლარი და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა _ 923,45 ლარი, სულ კი დავალიანების თანხამ შეადგინა 1847,78 ლარი. მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ არაერთხელ მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. სასარჩელო განცხადებაზე დართული მტკიცებულებები ცხადყოფდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღიარებული ჰქონდა ხელფასის სახით 1998-2000 წლებში გასაცემი 924,33 ლარისა და 2001-2003 წლებში _ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 923,45 ლარის დავალიანებების არსებობა, მაგრამ ამ დავალიანებების ანაზღაურებისათვის საჭირო ღონისძიებების მისივე მხრიდან განუხორციელებლობის გამო, მოსარჩელეს მიადგა არსებითი ზიანი, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეადგენდა 2700 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ დავალიანების თანხის _ 1847,78 ლარის, დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის _ 2700 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების მიერ 2008 წლის 1 თებერვალს გაცემული ¹168 ცნობის თანახმად, დ. მ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა _ 1998 წლის ხელფასი _ 203,2 ლარს, 1998 წლის კვების კომპენსაცია _ 236 ლარს, 1998 წლის ჯილდო _ 92,7 ლარს, 1999 წლის ხელფასი _ 56,36 ლარს, 1999 წლის კვების კომპენსაცია _ 59 ლარს, 1999 წლის ჯილდო _ 46,35 ლარს, 2000 წლის ხელფასი _ 112,72 ლარს, 2000 წლის კვების კომპენსაცია _ 118 ლარს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული 2007 წლის 25 ოქტომბრის ¹3-11/8207 ცნობის თანახმად, დ. მ-ის მიმართ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 923,45 ლარს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი და აღნიშნა, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილი იყო 2007 წელს და ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მისცემოდა ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩათვლილიყო ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭირო იყო, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონოდა დანამატის სტატუსი. როგორც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ირკვეოდა, დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშებოდა ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხებოდა ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მათ დანამატის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახა იყო, რომ კვების კომპენსაცია და ჯილდოს თანხები არ წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლები იყო. სარჩელი კვების კომპენსაციისა და ჯილდოს ნაწილში იყო ხანდაზმული, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების ხელფასის, ჯილდოსა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, იყო ხანდაზმული. სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნაზე ვრცელდებოდა იმავე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ხსენებული კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სარჩელის შეტანისას მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა. მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მაშინ, როდესაც საქართველოს შრომის კოდექსი მიღებული იყო 2006 წლის 25 მაისს და მას უკუქცევითი ძალა არ ჰქონდა. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლისა და საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იგი ვერ გავრცელდებოდა 1998-2003 წლებში წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა მისთვის მიყენებულ ზიანს და შესაბამისად, მისი მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების ხელფასის _ 372,38 ლარის ანაზღაურება; მ. მ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციის, დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასა და შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ძის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილებულიყო. საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების მიერ 2008 წლის 1 თებერვალს გაცემული ¹168 ცნობა, რომლის თანახმად, დ. მ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა _ 1998 წლის ხელფასი _ 203,2 ლარს, 1998 წლის კვების კომპენსაცია _ 236 ლარს, 1998 წლის ჯილდო _ 92,7 ლარს, 1999 წლის ხელფასი _ 56,36 ლარს, 1999 წლის კვების კომპენსაცია _ 59 ლარს, 1999 წლის ჯილდო _ 46,35 ლარს, 2000 წლის ხელფასი _ 112,72 ლარს, 2000 წლის კვების კომპენსაცია _ 118 ლარს. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული 2007 წლის 25 ოქტომბრის ¹3-11/8207 ცნობა, რომლის თანახმად, დ. მ-ის მიმართ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 923,45 ლარს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, 1341-ე მუხლზე, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, “საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონზე, “საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება _ 1998 წლის _ 203,2 ლარის, 1999 წლის _ 56,36 ლარისა და 2000 წლის _ 112,72 ლარის ოდენობით. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას 1998-2000 წლების ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების თანხების ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმოდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ სასურსათო ულუფის, ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის, ფულადი ჯილდოსა და მატერიალური დახმარების გაცემის ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელი იყო და მათზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმავე კოდექსის 130-ე და 131-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე არ უნაზღაურებდა კვებისა და მატერიალური დახმარების თანხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ და თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, უნდა მიემართა სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებია 2008 წლის 3 იანვრამდე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ასევე უარი უნდა თქმოდა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების მიერ 2008 წლის 1 თებერვალს გაცემულ ¹168 ცნობაში მოცემული იყო მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია _ თუ რამდენს შეადგენდა მოსარჩელის მიმართ დავალიანება და ხსენებული ცნობა არ შეიცავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაპირებას, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელეს აუნაზღაურდებოდა, რის გამოც დასახელებული ცნობა შეიძლებოდა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის მტკიცებულებად განხილულიყო.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას მიყენებული ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმოდა. წინა წლებში არსებული დავალიანების დაფარვის წესი მოწესრიგებული იყო თვით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და “ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლი მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდებოდა. მოპასუხეს, როგორც საბიუჯეტო დაწესებულებას, არ ეკისრებოდა ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 10%. არ იყო გასაზიარებელი ასევე მოსარჩელის მოთხოვნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, მას უნდა ანაზღაურებოდა გაუცემელ დავალიანებაზე 0,007 პროცენტი, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდებოდა. მოპასუხეს, როგორც საბიუჯეტო დაწესებულებას, არ ეკისრებოდა ვალდებულება, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0,007 პროცენტი, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეეძლო (და არ იყო ვალდებული), მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, მაგრამ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, რომელიც იყო სპეციალური კანონი, მოწესრიგდა 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეებისათვის დაწესებულებიდან კუთვნილი თანხის გაცემის საკითხი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა თქმოდა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მხარეს არ მოუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით, რომ მას ესაჭიროებოდა ადვოკატი, რომ არ გააჩნდა შესაბამისი თანხები, რაც გახდებოდა ადვოკატის მოწვევის საფუძველი მოსარჩელის ინტერესების დასაცავად. მოცემული დავა განეკუთვნებოდა სოციალურ საკითხს და მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მას ესაჭიროებოდა სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნა სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. მ-ეს უარი ეთქვა კვების კომპენსაციისა და კვარტალური ჯილდოს ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის სახით 413 ლარისა და კვარტალური ჯილდოს სახით 139,05 ლარის ანაზღაურება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ასევე დარღვეულ იქნა იმავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ¹3-11/3719 ცნობის თანახმად, მითითებული ორგანო აღიარებდა, რომ დ. მ-ის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენდა 924,33 ლარს, რომლის გაცემაც მოხდებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ხსენებული ცნობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების მიერ 2008 წლის 1 თებერვალს გაცემული ¹168 ცნობა ადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალის აღიარების ფაქტს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მ. მ-ეს მისი მეუღლის მიერ მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 924,33 ლარის ანაზღაურებას დაჰპირდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდებოდა ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მხრიდან დასტურდებოდა ზემოაღნიშნული ცნობებით. მოსარჩელის მოთხოვნა კვების კომპენსაციის _ 413 ლარისა და ჯილდოს _ 139,05 ლარის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სანივთე ქონების კომპენსაციის, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის ნაწილში, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯების მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, იყო უსაფუძვლო, რადგან მან ვერც პირველ და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი მხრიდან ნამდვილად იყო გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მას არ წარმოუდგენია საადვოკატო მომსახურების ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია კასატორსა და მის ადვოკატს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კასატორს აღებული აქვს ვალდებულება საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების შესახებ. საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადვოკატის შრომის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გარეშე ხდება და ამ ფაქტს სადავოდ არავინ ხდის. არასწორია ასევე სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე სასამართლოს უარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტს და იგი არანაირად არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ არასწორად გამოიყენა ხსენებული მუხლი. სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცელება უმართებულოა, რადგან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹173 ბრძანებითა და “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” ყოველწლიურად მიღებული კანონებით, ერთი მხრივ, აღნიშნული სამინისტრო, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო აღიარებს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების (მათ შორის, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის) დაფარვის ვალდებულებას.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა, რომლის თანახმად, დღეის მდგომარეობით, 2000 წელთან შედარებით, ლარის მყიდველობითუნარიანობა ორჯერ დაეცა, ანუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2000 წელს რომ აენაზღაურებინა კასატორის კუთვნილი დავალიანებები, იგი ორჯერ იაფად შეიძენდა საჭირო მატერიალურ სიკეთეს და ზიანიც აღარ მიადგებოდა. რაც შეეხება ზიანის მოცულობას, კანონის ანალოგიის პრინციპიდან გამომდინარე, კასატორს იგი გამოანგარიშებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ნორმის საფუძველზე, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებს, კუთვნილი თანხების დადგენილ ვადაში გაუცემლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დასაქმებულს საურავის სახით გადაუხადოს მთლიანი თანხის 0,07%.
კასატორის მტკიცებით, მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების არასწორი შეფასებითა და განმარტებებით, რამაც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა განაპირობა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, კვების კომპენსაციისა და ჯილდოს ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში. დადგენილია, რომ მ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების სახელფასო თანხის დაკისრების თაობაზე. დ. მ-ეს სამსახურიდან დათხოვნისას 1998-2000 წლების მდგომარეობით, მიუღებელი დარჩა _ ხელფასი _ 372,28 ლარი, კვება _ 413 ლარი და ჯილდო _ 139,05 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც ამ კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო და კვების კომპენსაცია. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს და ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (კვების კომპენსაცია, ჯილდო) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. როგორც “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ირკვევა, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც გაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოსა და კვების კომპენსაციას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მათ დანამატის სტატუსი არა აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციისა და ჯილდოს თანხები არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემლებია. სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი და 105-ე მუხლი, ასევე _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, კერძოდ, საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც უკანონოა, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას საინფორმაციო ხასიათი არა აქვს, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მათ მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი გააჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 29 ივლისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 16 ოქტომბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები _ მ. მ-ე, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ნაწილში ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა მ. მ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ ამ ნაწილში არასწორი განჩინების მიღებას. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მ. მ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
გარდა ამისა, მ. მ-ის საკასაციო საჩივრის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს 2008 წლის 13 ნოემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება მ. მ-ის ხელფასისა და კვარტალური ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და ამ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს 2008 წლის 13 ნოემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე;
4. მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 5 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობები მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.